ედინ ჯეკო: არც სკუდეტოს გამოვრიცხავ და არც ევროპალიგის მოგებას

AutoSharing Option
მიმდინარე სეზონში შესანიშნავად ასპარეზობს ედინ ჯეკო, რომელსაც სერია A-ში უკვე 20 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავაშია ჩაბმული. ბოსნიელი "რომას" ერთ-ერთი ლიდერი და მთავარი დამრტყმელი ძალაა. ქვემოთ ედინის მოკლე ინტერვიუს გაეცნობით.

- 30 წლის ასაკში კარიერის საუკეთესო სეზონს ატარებთ. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?
- დიახ, ეს ალბათ საუკეთესო სეზონია ჩემს კარიერაში. მალე 31 წლის გავხდები, მაგრამ თავს შესანიშნავად ვგრძნობ და ოპტიმალურ ფორმაში ვარ. ბევრს ვვარჯიშობ, ხშირად ინდივიდუალურადაც ვემზადები. როდესაც გუნდი წვრთნას ასრულებს, ბაზაზე ვრჩები და ვვარჯიშობ. 30 წელი ცოტა არაა, მაგრამ
როდესაც გუნდში ფრანჩესკო ტოტი გყავს, შეუძლებელია, ამან მოტივაცია არ გაგიორმაგოს.

- გოლები ევროპალიგის გათამაშებაშიც უხვად გაგაქვთ, სადაც უკვე ორი ჰეთ-თრიკი შეასრულეთ...
- ევროასპარეზზე წარმატების მიღწევა ძალიან მნიშვნელოვანია და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. რაც შეეხება ჩემს გოლებს, ეს გუნდის წარმატებული ასპარეზობის დამსახურებაა. ერთ მატჩში სამი გოლის გატანა ძალიან სასიამოვნო შეგრძნებაა და იმედია, მომავალშიც არაერთხელ შევასრულებ ჰეთ-თრიკს.

- რამდენად აქვს "რომას" ევროპალიგის მოგების შანსი?
- ჩვენ მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძვით და სხვა შედეგის დაშვებაც კი არ გვსურს. "რომას" აქვს იმის რესურსი, რომ ევროპალიგა მოიგოს და იმედია, ამას დავამტკიცებთ "ლიონთან" საპასუხო მატჩში. ამ ტურნირში ძლიერი გუნდები ასპარეზობენ, მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ "რომაც" ფავორიტებშია.

- ვისთან ისურვებდით ფინალში შეხვედრას?
- არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ჩემთვის მთავარია "რომას" წარმატება. "მანჩესტერ იუნაიტედი" დიდი გუნდია და მისი დამარცხება სასიამოვნო იქნებოდა, მაგრამ მთავარი მაინც ისაა, რომ ჩვენ გავიდეთ ფინალში, მეტოქეს კი განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ვანიჭებ.

- მას შემდეგ, რაც "ნაპოლისთან" წააგეთ, საჩემპიონო ინტრიგა მოკვდა?
- მოდი, ნუ ვიმარჩიელებთ ამ თემაზე და უბრალოდ დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას. დღეს ასე ჩანს, რომ საჩემპიონო ინტრიგა მკვდარია, მაგრამ საკმარისია "იუვენტუსმა" ერთი მატჩი წააგოს, რომ შესაძლოა ყველაფერი შეიცვალოს. ფეხბურთში ყველაფერი ხდება და ნურაფერს გამოვრიცხავთ. მთავარია, ყველა კონკრეტულ შეხვედრაში მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოლოთ.

- რაჯა ნაინგოლანი ბრწყინვალე ფორმაშია და ბევრი თვლის, რომ ის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელია?
- ნაინგოლანი არანორმალური ძალის ფეხბურთელია, რომელსაც შეუძლია 90 წუთი გაუჩერებლად ირბინოს და ყოველთვის იყოს იქ, სადაც გუნდს სჭირდება. რაჯა ყველასგან გამორჩეულია და პირადად მე, სიამოვნებით დავასახელებდი მას სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად. რთულია, თანაბრად ძლიერი იყო როგორც დაცვით, ისე შეტევით ფაზაში და რაჯა ამას ახერხებს.

- ლუჩანო სპალეტიზე ამბობენ, რომ შესაძლოა, სეზონის ბოლოს დატოვოს "რომა"...
- ვერ ვხედავ ამის საბაბს, რადგან სპალეტის ხელში გუნდი შესანიშნავად თამაშობს და უმაღლესი მიზნებისთვის იბრძვის. სერია A-ში მეორე ადგილზე ვართ, ევროპალიგის გათამაშებაში კი წარმატებით ვასპარეზობთ. ასევე, იტალიის თასის ნახევარფინალში ვართ და მართალია, პირველ შეხვედრაში დავმარცხდით, ჯერ კიდევ გვაქვს ფინალში გასვლის შანსი. ამ ყველაფრის ფონზე, ვერ ვხვდები, თუ რატომ უნდა დატოვოს სპალეტიმ გუნდი.

- თქვენ "რომაში" აპირებთ დარჩენას?
- შემთხვევითი არაა, რომ კარიერის საუკეთესო წელს "რომაში" ვატარებ, რადგან აქ, ამ ქალაქში თავს საუცხოოდ ვგრძნობ. ჩემი დიდი სურვილია, რომ კარიერის დარჩენილი ნაწილი "ჯალოროსიში" გავატარო, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს.

- როგორი განცდაა ფრანჩესკო ტოტის გვერდით თამაში?
- ტოტი "რომას" და რომის სიმბოლოა. ფრანჩესკო თვითონ არის "რომა" და რომი. როდესაც მოედანზე ვარ, გულშემატკივართა გაათმაგებული ემოციით ვხვდები, რომ ტოტი სათადარიგოთა სკამიდან ადგა და გახურება დაიწყო. ის სიყვარული, რასაც მის მიმართ ქომაგები ავლენენ, სხვაგან არსად მინახავს და არც გამიგია. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ტოტის თანაგუნდელი ვარ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული