ფაბიო კაპელო: ასე "ბარსელონასთან" შანსი არ გექნებათ...

AutoSharing Option
"ნაპოლი"-"იუვენტუსის" შეხვედრას ლეგენდარული იტალიელი მწვრთნელი ფაბიო კაპელო დაესწრო. ჟურნალისტებმა დრო იხელთეს და კაპელოს სხვადასხვა თემაზე კომენტარები დასტყუეს.

ნაპოლი-იუვენტუსი
მთლიანობაში, ძალიან მომეწონა თამაში, რადგან გუნდებმა ბევრი იბრძოლეს და დაძაბულობა ბოლო წამამდე იგრძნობოდა. "ნაპოლიმ" მთელი თამაში შეტევებში წარმართა, რისთვისაც ქება ეკუთვნის, "იუვენტუსმა" კი უფრო გამაწბილა.

ასეთი თამაშით ტურინულ გრანდს "ბარსელონასთან" შანსი არ აქვს. იყო ეპიზოდები, როდესაც ტურინელები იმდენად დაბნეულნი ჩანდნენ ნეაპოლელთა პრესინგით და მაღალი ტემპით, რომ არ იცოდნენ, როგორ მოპყრობოდნენ ბურთს, რაც მეტად უცნაური სანახავი იყო. ვფიქრობ, რომ "ნაპოლი" სამ ქულას იმსახურებდა.

იუვენტუსი-ბარსელონა
როგორც აღვნიშნე, "იუვენტუსმა" გაცილებით უკეთ უნდა ითამაშოს, რომ "ბარსელონას" ბარიერი დაძლიოს. ორიგინალური არ ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ კატალონიელებს დაცვაში უჭირთ, შეტევაში კი ძალიან სახიფათონი არიან. ჩემი აზრით, თუ "იუვემ" დაცვაში სიმშვიდე და ბალანსი შეინარჩუნა, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ექნება მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი - წინააღმდეგ შემთხვევაში, რამდენიც არ უნდა გაიტანო, "ბარსა" ერთით მეტს გაგიტანს.

მილანი
სიმართლე გითხრათ, არ ვიცი დეტალები, თუ რა ხდება კლუბში, რომელიც ჩემთვის ასე ძვირფასი და ახლობელია. სილვიო ბერლუსკონის 4-5 თვის წინ ვესაუბრე, თუმცა უფრო ზოგად თემებზე ვილაპარაკეთ. "მილანი" მუდმივად ჩემპიონთა ლიგაზე უნდა ასპარეზობდეს, მაგრამ დღეს განსხვავებული ვითარებაა. ევროპული გრანდებისთვის კონკურენციის გასაწევად დიდი თანხების ხარჯვაა საჭირო, რასაც კლუბის ამჟამინდელი მესვეურები ვერ ახერხებენ. სანამ ვითარება არ შეიცვლება, რთულია, ოპტიმისტურად იყო განწყობილი.

ინტერი
"ინტერში" განსხვავებული ვითარებაა, რადგან კლუბს ძლიერი კომპანია: "სუნინგი" ფლობს. ვფიქრობ, "ნერაძურის" დიდი მომავალი აქვს, რადგან კლუბის მესვეურები არ ერიდებიან ტრანსფერებში დიდი ფულის დახარჯვას. სტეფანო პიოლი მაღალი დონის სპეციალისტია და ვფიქრობ, ის აუცილებლად უნდა დარჩეს გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე.

ანდრეა ბელოტი
ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია, რომელსაც უდიდესი მომავალი აქვს. იცის, როგორ უნდა გადაადგილდეს მოედანზე და ყოველთვის იქაა, სადაც საჭიროა. ფიზიკურად ძალიან ძლიერია და არც ტექნიკა დაეწუნება. ბელოტი გაბრიელ ბატისტუტას მაგონებს და რაღაც კომპონენტებში სჯობს კიდეც ლეგენდარულ არგენტინელს. როგორც მწვრთნელი, სიამოვნებით ვიმუშავებდი ბელოტისთან ერთად.

იტალიის ნაკრები
ჯან პიერო ვენტურა უმაღლესი დონის მწვრთნელია და კარგ გუნდს ჩაუყარა საფუძველი. ვენტურას ყოველთვის კარგად გამოსდიოდა ახალგაზრდა ფეხბურთელებთან მუშაობა და სწორ დროს დაინიშნა "სკუადრა აძურას" მთავარ მწვრთნელად. გუნდში თაობათა ცვლის პროცესია და ახალგაზრდა, პერსპექტიულ ფეხბურთელებს უნდა მიეცეთ ასპარეზი. ვფიქრობ, ვენტურას ხელში იტალიის ნაკრებს კარგი მომავალი აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მსოფლიო ფეხბურთს მართავენ ამერიკელები და იტალიელები, აღმოსავლეთში რუსები!
მილანი ჩაძირეს იტალიელმა მაფიოზებმა.
simartle
13:19 04-04-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული