მაურიციო სარი: "იუვეს" ჰეგემონია ჩვენ უნდა დავამხოთ

AutoSharing Option
სერია A-ს გასულ ტურში, "ნაპოლიმ" "უდინეზეს" სძლია და "ატალანტასთან" დაზავებულ "რომას" სატურნირო ცხრილში ორი ქულის დისტანციაზე მიუახლოვდა. მაურიციო სარის გუნდი მესამე ადგილზეა და ჩემპიონატის მეორე პოზიციაზე დასრულებას ლამობს, რაც ჩემპიონთა ლიგის საგზურს იძლევა საკვალიფიკაციო ეტაპის გარეშე. ქვემოთ სარის ინტერვიუს გაეცნობით...

- "ნაპოლის" მიზანი ჩემპიონატის მეორე ადგილზე დასრულებაა?
- დიახ, ასეა, რადგან სამწუხაროდ, სკუდეტოს უკვე ვეღარ შევწვდებით. ჩემპიონატის დასრულებამდე 6 ტურია დარჩენილი, "იუვენტუსს" კი სოლიდური ფორა აქვს. უნდა ვაღიაროთ, რომ ტურინელებს საუკეთესო გუნდი ჰყავთ იტალიაში და ვეცადოთ, რომ მომდევნო სეზონში მაინც
დავამხოთ მათი ჰეგემონია.

- ეს რეალურია?
- ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს და მით უმეტეს მაშინ, როდესაც არც ჩვენ ვუჩივით ამბიციების ნაკლებობას. მომდევნო სეზონში ყველაფერი ნულიდან დაიწყება და შესაბამისად, შანსი ჩვენც გვექნება.

- ამისთვის ალბათ სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობაა საჭირო...
- გაძლიერება არც ერთ გუნდს არ აწყენს და მათ შორის, არც "ნაპოლის". "იუვენტუსს" ისედაც საუკეთესო გუნდი ჰყავდა იტალიაში და გასულ ზაფხულს გონსალო იგუაინი დაიმატეს. ჩვენი მიზანი წამყვანი ფეხბურთელების შენარჩუნება და ახალი ფეხბურთელების დამატება უნდა იყოს. თუმცა, ჯერ მიმდინარე სეზონის დარჩენილ მატჩებზე ვარ კონცენტრირებული და ტრანსფერებზე ლაპარაკი ნაადრევია.

- სერია A-ს 34-ე ტურში "ინტერს" ესტუმრებით, "რომას" კი დერბი ელოდება. ეს ტური გადამწყვეტი იქნება?
- წინ ფინალის ტოლფასი 6 მატჩი გველოდება და ყველა ტური თანაბრად მნიშვნელოვანია. მილანში უმნიშვნელოვანესი მატჩია, თუმცა იქამდე "პესკარა" უნდა დავამარცხოთ. სერია A-ში იოლი თამაშები არ არსებობს და ამიტომ სრული მობილიზება გვმართებს. თუ ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა საკვალიფიკაციო ეტაპის გარეშე გვსურს, შეცდომები აღარ უნდა დავუშვათ.

- რამდენად კმაყოფილი ხართ "ნაპოლის" ასპარეზობით ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში?
- მთლიანობაში, კმაყოფილი ვარ, რადგან ჯგუფურ ეტაპზე წარმატებით ვიასპარეზეთ, პლეი ოფში კი დავმარცხდით ევროპის ყველაზე ტიტულოვან გუნდთან, რომელმაც "ბაიერნი" მიუნხენში დაამარცხა. ვფიქრობ, "სამეფო გუნდთან" ღირსეულად ვითამაშეთ და ტურნირი თავაწეულებმა დავტოვეთ. თუმცა, ჩვენი მიზანია, რომ სამომავლოდ ევროპული ფეხბურთის გრანდებს არაფერი დავუთმოთ და მათთან გამარჯვება ვისწავლოთ.

- რას აკეთებს ამისთვის კლუბის ხელმძღვანელობა?
- "ნაპოლის" არ აქვს იმდენი ფული, რამდენიც "რეალს" და "ბარსას", თუმცა კლუბის მესვეურები ყველაფერს აკეთებენ, რომ ევროპული მასშტაბის, კონკურენტუნარიანი გუნდი გვყავდეს. ვფიქრობ, "ნაპოლი" სწორად ვითარდება და წინ უკეთესი დროება გველოდება. იცით, რომ მე არ მივეკუთვნები დამქირავებლის მეხოტბეთა კატეგორიის ხალხს, თუმცა ვხედავ კლუბში მიმდინარე პროცესებს და ჩემი მოსაზრების საფუძველიც ესაა. ვფიქრობ, სწორი მუშაობით, სამ-ოთხ წელიწადში "ნაპოლი" ევროპული ფეხბურთის სრულფასოვანი გრანდი იქნება.

- თქვენ თავს თუ ხედავთ "ნაპოლიში" სამი-ოთხი წლის შემდეგ?
- ნეაპოლში ყველაფერი მომწონს და შესაბამისად, ჩემი სურვილია, რომ "ნაპოლის" მწვრთნელად კიდევ დიდხანს ვიმუშავო. თუმცა, მწვრთნელებს ჩემოდნებზე გვიწევს ჯდომა და რთულია პროგნოზების გაკეთება. არ მივეკუთვნები იმ ადამიანთა რიცხვს, რომლებიც ხშირად იცვლიან გარემოს. მე "ემპოლის" დატოვებაც გამიჭირდა და არ მაქვს სურვილი, რომ ნეაპოლიდან მალე ავიბარგო. მხოლოდ ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, კიდევ ბევრი წელი არაფერს შევცვლიდი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ტყუილი ქაქანია, ისევ მილანი თუ დაამხობს იუვეს ჰეგემონიას შიგადაშიგ მაინც სერია ა-ში. ევროპაში კი სრულად დაამხობს და არა მარტო იუვეს.
sabonis
22:52 21-04-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული