სერია A: იტალიური სამწვრთნელო კარუსელი

AutoSharing Option
ამ უქმეებზე, სერია A-ს ბოლო ტური შედგება, შემდეგ კი მთელი ყურადღება სატრანსფერო სიახლეებზე გადავა. ფეხბურთელებზე არანაკლებ ინტერესს იწვევენ მწვრთნელები - მით უმეტეს, ამ მხრივ, უკვე იკვეთება არაერთი ცვლილება. მივყვეთ გუნდების მიხედვით...

იუვენტუსი
მასიმილიანო ალეგრიზე დიდი მოთხოვნაა, თუმცა მის გვარს ყველაზე ხშირად ლონდონის "არსენალს" და "ბარსელონას" უკავშირებდნენ. როგორც გაირკვა, "არსენალში" არსენ ვენგერი რჩება კიდევ მინიმუმ ორი წლით, ხოლო "ბარსას" დიდი ალბათობით, ერნესტო ვალვერდე გაწვრეთნის.

სხვა დიდ გუნდებსაც უკვე ჰყავთ მწვრთნელები და შესაბამისად, ალეგრი აღარც უნდა ფიქრობდეს ტურინიდან აბარგებაზე. "იუვენტუსის" მესვეურებმა უკვე
განაცხადეს, რომ ალეგრისთან კიდევ მრავალი წელი სურთ თანამშრომლობა და ახალი კონტრაქტი, წესით, მალე უნდა გაფორმდეს. ერთი სიტყვით, მასიმილიანო ალეგრი "იუვენტუსში" რჩება და შეეცდება, რომ ტურინულ გრანდს ზედიზედ მე-7 სკუდეტო მოაგებინოს.

რომა
პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ სეზონის დასრულების შემდეგ ლუჩანო სპალეტი "რომას" მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს და კარიერას "ინტერში" გააგრძელებს. შესაბამისად, "რომას" ახალი მწვრთნელი სჭირდება და ამ მიმართულებით უკვე მიმდინარეობს აქტიური მუშაობა.

რომაელები რამდენიმე კანდიდატურას განიხილავენ, თუმცა ყველაზე რეალური ეუსებიო დი ფრანჩესკოა. "სასუოლოს" თავკაცი კარგი რეპუტაციით სარგებლოს და მას უკვე დიდი ხანია, უწინასწარმეტყველებენ უფრო ამბიციურ გუნდში გადაბარგებას. თავად დი ფრანჩესკომ უკვე განაცხადა სიტყვიერი თანხმობა "რომას" გაწვრთნაზე და ოფიციალური შეთავაზების მოლოდინშია.

"გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, დიდია იმის შანსი, რომ "ჯალოროსი" 47 წლის სპეციალისტმა ჩაიბაროს. დი ფრანჩესკო 2012 წლიდან "სასუოლოს" მწვრთნელია და გუნდის ბოლოდროინდელი წარმატგებები სწორედ მის სახელს უკავშირდება.

ნაპოლი
"ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი გუნდის მთავარი მწვრთნელის, მაურიციო სარის მუშაობით კმაყოფილია. სეზონის მსვლელობისას, იყო პერიოდი, როდესაც პრეზიდენტსა და მწვრთნელს შორის ვითარება დაიძაბა - მაშინ "ნაპოლი" ჩემპიონთა ლიგიდან გავარდა, დე ლაურენტისმა კი მწვრთნელი საკადრო სელექციის გამო გააკრიტიკა.

თუმცა, დღეს განსხვავებული ვითარებაა - სენიორ აურელიო მწვრთნელს აქებს და იმედს იტოვებს, რომ სარი კიდევ დიდ ხანს დარჩება ნეაპოლში. თვითონ მწვრთნელმა კი ისურვა, რომ "ნაპოლის" ალექს ფერგიუსონი გახდეს - ამ რეალობით, არ გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ნეაპოლურ გუნდში სამწვრთნელო ცვლილება მოხდება.

ლაციო
სიმონე ინძაგიმ მაქსიმუმი გააკეთა - მწირი რესურსით, "ლაციო" იტალიის თასის ფინალში გაიყვანა, სერია A-ში კი მისი გუნდი მე-4 ადგილზეა. გადაწყვეტილია, რომ მომდევნო სეზონში, "ბიანკოჩელესტე" ევროპალიგაზე იასპარეზებს, რაც მაგალითად ვერ შეძლო "ინტერმა", რომელსაც გაცილებით ძლიერი შემადგენლობა ჰყავს. "ლაციო" ტაქტიკურად გამართულ ფეხბურთს თამაშობს და გუნდს მწვრთნელის ხელი ეტყობა. თქმა არ სჭირდება, რომ ინძაგიმ გაამართლა და ის რჩება მთავარი მწვრთნელის პოსტზე.

მილანი
ვინჩენცო მონტელას "მილანმა" სეზონი შესანიშნავად დაიწყო და ერთი ხანობა, ჩემპიონთა ლიგის ზონაშიც იყო, თუმცა შემდეგ დათმო პოზიციები და ევროპალიგის საგზურს დასჯერდა. იყო პერიოდი, როდესაც "როსონერის" კრიზისი ჰქონდა, თუმცა შემდეგ მოუმატა და საბოლოოდ, "მილანმა" ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ევროსაგზური მოიპოვა.

კლუბის ახალმა მესვეურებმა დაუფასეს მწვრთნელს შედეგი და მასთან თანამშრომლობის გაგრძელებას აპირებენ. ცნობილია, რომ მონტელა აქტიურად არის ჩართული სატრანსფერო საკითხებში. "მილანმა" უკვე დაიბევა რამდენიმე ფეხბურთელი და მომდევნო სეზონში, ვინჩენცოს მეტს მოთხოვენ.

ინტერი
როგორც უკვე აღვნიშნეთ, "ინტერს" ლუჩანო სპალეტი გაწვრთნის. როგორც იტალიურ სპორტულ პრესაში გავრცელდა, მილანური გრანდი ახალ მწვრთნელთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში 12 მილიონ ევროს გადაუხდის. "ნერაძურიში" ახალი ერა იწყება და საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები.

უკვე ვრცელდება იმ ფეხბურთელების გვარები, რომელთა მიყვანას ლუჩანო "ინტერში" შეეცდება - ხშირად საუბრობენ რაჯა ნაინგოლანსა და კევინ სტროტმანზე, როლებიც "რომაში" სწორედ სპალეტის შეგირდები არიან. სერია A-ს ბოლო ტურში, "ჯალოროსი" "რომას" მასპინძლობს - როგორც ჩანს, სპალეტი უკანასკნელად გაიყვანს გუნდს მინდორზე და შემდეგ, მილანში გაფრინდება. "ინტერის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლუჩანო სტეფანო პიოლის შეცვლის, რომელიც უკვე მოხსნა მილანური გრანდის ხელმძღვანელობამ.

ფიორენტინა
"ფიორენტინამ" სეზონი ჩააგდო, ევროთასების გარეშე დარჩა და ვერც ევროპალიგის გათამაშებაში გაიბრწყინა. ჩაგდებულ სეზონზე პასუხისმგებლობა მწვრთნელს ეკისრება და დიდი ალბათობით, პაულო სოუზა დატოვებს თანამდებობას. სულ ახალი ინფორმაციით, პორტუგალიელ სპეციალისტს სავარაუდოდ, სტეფანო პიოლი შეცვლის, რომელიც "ინტერიდან" აიბარგა.

"გაძეტა დელო სპორტის" ცნობით, ფლორენციული კლუბის მესვეურები უკვე შეხვდნენ პიოლის და სიტყვიერი შეთანხმებაც შედგა - სტეფანო ორწლიან კონტრაქტს და სეზონში 3 მილიონ ევროს მიიღებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული