კასანო ბოდიშს იხდის

AutoSharing Option

“მილანის” თავდამსხმელმა ანტონიო კასანომ გუნდის გულშემატკივრებს მიმართა და “ინტერთან” მატჩისას გაძევებისთვის ბოდიში მოუხადა. “ყველაფერი ძალიან სულელურად გამოვიდა. გოლი რომ გავიტანე, ემოციებს ავყევი და მაისურა გავიხადე, რის გამოც პირველი ყვითელი დავიმსახურე, შემდეგ თამაშის წესები უაზროდ დავარღვიე და მეორე ბარათი მივიღე. მესმის, რომ ეს არ უნდა გამეკეთებინა და ვაღიარებ, რომ მკაცრი საყვედური მეკუთვნის. ასეთი სისულელეები მე ადრეც ჩამიდენია და ახლაც გავაკეთე. იმედია, სამომავლოდ მაინც გავითვალისწინებ ჩემს შეცდომებს და უფრო თავშეკავებული გავხდები. თუმცა სადღაც გულის სიღრმეში მაინც მიხარია, რომ მილანურ დერბიში თავის გამოჩენა
შევძელი. თანაც ჩემთვის ეს მე-5 გოლი იყო, რომელიც სხვადასხვა ქალაქის დერბებში გავიტანე,” – განაცხადა ანტონიო კასანომ.

ფედერკალჩომ “მილანი” თან დააჯარიმა და თან დაინდო. “როსონერის” ფანების მიერ მოწყობილი “ლაზერული შოუ” და ლეონარდოს შეურაცხმყოფელი ბანერი სულ რაღაც 20 ათასი ევრო დაუჯდება. “მილანის” ფანებმა მატჩის მე-16 წუთზე ვესლი სნეიდერის მიერ ჯარიმის შესრულების დროს მასა და ლეონარდოს ლაზერული სხივები პირდაპირ სახეზე მიუშვირეს. გარდა ამისა, მათ “ინტერის” ბრაზილიელ მწვრთნელს უზარმაზარი ბანერი გადმოუფინეს, სადაც ის იუდას როლში ჰყავდათ გამოყვანილი. ბუნებრივია, ისეთი ღრმადმორწმუნე ადამიანისთვის, როგორიც ლეონარდოა, ეს ერთობ მიუღებელი გამოდგა. იტალიის პროფესიულმა ლიგამაც ასე მიიჩნია და საერთო ჯამში ორივე ინციდენტისთვის კლუბი ზემოთ აღნიშნული თანხით დააჯარიმა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული