"ჰამბურგისა" და გერმანიის ნაკრების ნაკრების მარცხენა მცველი დენის აოგო მომავალ კვირაში შვებულებიდან დაბრუნდება და პირველი, რასაც მოიმოქმედებს, ჩრდილოგერმანული კლუბის ხელმძღვანელებთან შეხვედრა იქნება. ჰამბურგელებს უნდათ, რომ 23 წლის პერსპექტიულმა მცველმა ახალი კონტრაქტი გააფორმოს. მოქმედ ხელშეკრულებას ვადა 2012 წლამდე აქვს. "ჰამბურგის" ბოსები იმის გამო ჩქარობენ, რომ ტურინის "იუვენტუსი" აოგოს გადაბირებით უკვე ძალიან სერიოზულადაა დაინტერესებული. ახლა საკითხავი მხოლოდ ის არის, რა უნდა თვითონ ფეხბურთელს - ჰამბურგში დარჩენა თუ იტალიაში გადასვლა?
"მარცხენა მცველი გვჭირდება და დენის აოგო სასურველ კანდიდატებს შორის ფავორიტია," - ეს სიტყვები
"იუვენტუსის" სპორტულ დირექტორ ჯუზეპე მაროტას ეკუთვნის. "ბებერი ქალბატონის" დაინტერესება ფეხბურთელის მრჩეველმა გორდონ სტიპიჩმაც დაადასტურა: "ის ფაქტი, რომ "იუვეს" დენისის გადაბირება ძალიან უნდა, ჭორი არ არის. ეს სრული სიმართლეა!"
სტიპიჩი თავის კლიენტს ამ კვირაში შეხვდება და აოგო გადაწყვეტილებას მიიღებს. ფაქტია, რომ მნიშვნელოვანი როლი ექნება იმას, თუ როგორ ხელფასს შესთავაზებს "ჰამბურგი" ფეხბურთელს. აოგოს ჯამაგირი დღეს წელიწადში 800 000 ევროს შეადგენს და თუ ჩრდილოგერმანელებს სურთ, რომ აოგომ "იუვენტუსში" გადასვლაზე უარი თქვას, ჯიბეზე გვარიანად უნდა გაიკრან ხელი...