საზიზღარი და ნიჭიერი

AutoSharing Option
"ჩელსის" მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ თქვა, რომ თუ "მანჩესტერ სიტი" მართლა დაიმატებს "არანორმალურად ნიჭიერ" მარიო ბალოტელის, პრემიერლიგის ტიტულისთვის სერიოზულად იბრძოლებს. მოგეხსენებათ, "მანჩესტერ სიტის" თავკაცი რობერტო მანჩინია, ასე რომ, გამოდის ინგლისში მომუშავე ერთმა იტალიელმა მეორეს მესამე იტალიელთან თანამშრომლობის სურვილი მოუწონა. ცნობილია, რომ "ჩელსის" თავკაცი 25 მილიონ ფუნტად (30 მილიონი ევრო) შეფასებული ახალგაზრდა თავდამსხმელის ნიჭის დიდი თაყვანისმცემელია და სწამს რომ იგი პრემიერლიგაში დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს. დღეისათვის "სიტი" ბალოტელის კლუბთან, "ინტერთან", ვაჭრობის რთულ საფეხურზეა, თუმცა საბოლოოდ, ალბათ, ყველაფერი ტრანსფერით დამთავრდება - ფეხბურთელის აგენტი მინო
რაიოლა მანჩესტერში კლიენტის ხელფასისა და სხვა პირადი საკითხების მოსალაპარაკებლად ჩავიდა.

ანჩელოტიმ ასე თქვა: "თუ ბალოტელისაც დაიმატებს "მანჩესტერ სიტი", უკვე მეოთხე ადგილისთვის კი არა, ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლებს. ამ ფეხბურთელისთვის პრემიერლიგა იდეალური ადგილია. მარიო არანორმალურად ნიჭიერი ყმაწვილი გახლავთ".
იტალიაში ბალოტელის შესახებ განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. ერთი მხრივ მისი ოსტატობა უნახავთ და მოსწონთ, მეორე მხრივ კი საქვეყნოდაა ცნობილი "ინტერის" ყოფილ მწვრთნელთან ჟოზე მოურინიოსთან და თანაგუნდელებთან არაერთი კონფლიქტის ამბავი.
გარდა ამისა, 19 წლის ფეხბურთელს მოწინააღმდეგე გუნდის ფანები მუდამ წონასწორობიდან გამოჰყავს - მას გამარჯვებისთვის ათასი ეშმაკობისა და უკადრებლის მოფიქრება ეხერხება, თუმცა ანჩელოტი სხვანაირად ხედავს. ის ამტკიცებს, რომ ბალოტელიმ კი არ გამოიწვია ფანების ასეთი დამოკიდებულება, ფანებმა აქციეს იგი ასეთად. როგორც ჩანს, საბოლოოდ მაინც რასიზმთან მივდივართ. გაზეთ "ლა სტამპასთვის" მიცემულ ინტერვიუში "ჩელსის" თავკაცმა ბრძანა:

"იტალიაში ახალგაზრდა ფეხბურთელებზე დიდი ზეწოლაა, მაგრამ იტალიისგან განსხვავებით ინგლისში რასიზმის პრობლემა არ არის".
ჩნდება ლოგიკური კითხვა: თუ ანჩელოტის ასე მოსწონს ბალოტელი, თავისთვის რატომ არ იყიდის მას? საქმე ის გახლავთ, რომ "ჩელსის" მწვრთნელმა ერთიხანობა მართლაც გადადგა ნაბიჯები მის გადასაბირებლად, მაგრამ მერე სხვა პრიორიტეტები გამოიკვეთა. დღეს, ინგლისის ჩემპიონი "ბენფიკადან" ბრაზილიელების რამირესისა და დავიდ ლუისის გადაყვანით არის დაკავებული. სხვათაშორის ლუისი "სიტისაც" აინტერესებს.

"ჩელსის" რუს მეპატრონეს რომან აბრამოვიჩს იმედი ჰქონდა, რომ რამირესის ამბავს 20 მილიონ ფუნტად (24 მილიონი ევრო) ამ კვირაშივე მოაგვარებდა, მაგრამ წინააღმდეგობებს წააწყდა. საინტერესოა, რომ ფეხბურთელი თავადაც ეხვეწება პორტუგალიის ჩემპიონს გამიშვითო. რამირესმა თქვა:

"ჩემი შეძენით "ჩელსი" გახლავთ დაინტერესებული. ლონდონელებმა "ბენფიკაში" ოფიციალური წერილიც გამოაგზავნეს. პრემიერლიგის საუკეთესო გუნდში თამაში, რასაკვირველია, ჩემი ოცნებაა. ლისაბონში ფანტასტიკური წელიწადი გავატარე, მაგრამ ახლა ჩემი არგაშვება ცუდ სიზმარს დაემსგავსება".


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული