"ლაციომ" კლოზე დააკონკრეტა

AutoSharing Option
ამ დღეებში არაერთხელო დავწერეთ, რომ „ბაიერნისა“ და გერმანიის ნაკრების 32 წლის თავდამსხმელ მიროსლავ კლოზეს მთხოვნელების რიგი დაუდგა და იმასაც ვწერდით, რომ მირო ყველაზე მეტად „მილანს“ და „ლაციოს“ აინტერესებთ.

დღეს შეგვიძლია გაცნობოთ, რომ რომაელებმა კლოზეთი დაინტერესება დაადასტურეს. მეტიც: გაირკვა, რომ „ლაციო“ გამოცდილ გერმანელ გოლეადორს ორწლიან კონტრაქტს და საკმაოდ მაღალ ხელფასს, წელიწადში 1.8 მილიონ ევროს სთავაზობს. ეს ინფორმაცია გუშინ „კორიერე დელო სპორტმა“ გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ მიროს „ბაიერნთან“ კონტრაქტი ივნისის ბოლოს უმთავრდება. მიუნხენელებმა მას მხოლოდ ერთწლიანი ხელშეკრულება შესთავაზეს, ფეხბურთელს კი მინიმუმ ორწლიანი კონტრაქტი
უნდა. გაირკვა ისიც, რომ კლოზეს გადაბირებაზე „ევერტონი“, „ტოტენჰემი“ და „ვალენსიაც“ სერიოზულად ფიქრობენ.


ბეკი იუვეს მიუახლოვდა
„ჰოფენჰაიმის“ მარჯვენა მცველი და გერმანიის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობის წევრი ანდრეას ბეკი ტურინის „იუვენტუსს“ უახლოვდება. ეს ცნობა გერმანულ საინფორმაციო სააგენტოებს „ჰოფენჰაიმის“ მენეჯერმა ერნსტ ტანერმა დაუდასტურა. „ჯერ გადაწყვეტილი არაფერია, მაგრამ დიდი შანსია, რომ ანდი ტურინში წავიდეს. მას უნდა, რომ კიდევ ერთი ნაბიჯით ამაღლდეს და ფიქრობს, რომ „იუვენტუსში“ გადასვლა მის კარიერაში უდიდესი ნაბიჯი იქნება. ფაქტია, რომ ბეკმა ჩვენთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე უარი თქვა. ახლა მთავარია, რომ „იუვენტუსის“ ხელმძღვანელებთან მოვილაპარაკოთ,“ - უთხრა ტანერმა სააგენტო სიდ-ს.

როგორც ჩანს, 24 წლის მარჯვენა მცველს აზრი წასვლის შესახებ ვერც „ჰოფეს“ ახალმა მწვრთნელმა ჰოლგერ სტანისლავსკიმ შეაცვლევინა. ეს უკანასკნელი დანანებით ამბობს, გული მწყდება, რომ ასეთ ფეხბურთელს ვკარგავთო. ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, „იუვენტუსმა“ „ჰოფენჰაიმს“ 5 მილიონი ევრო შესთავაზა, რაც „სოფლელებს“ ეცოტავებათ. არადა, ანდის გაისად კონტრაქტი უმთავრდება და თუ ახლა არ გაუშვებენ, ერთ წელიწადში „ჰოფენჰაიმს“ უკვე უფასოდ დატოვებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული