მოტამ "ჯენოა" უარყო

AutoSharing Option
“ინტერის” მესვეურები არაფრით ეშვებიან როდრიგო პალასიოს, ვისი გადაბირების სურვილიც გუნდის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ჯანპიერო გასპერინიმ გამოთქვა. მასიმო მორატი ყველანაირად ცდილობს, რომ მწვრთნელს სურვილი აუსრულოს, მაგრამ ჯერჯერობით, მიზანთან არც თუ ისე ახლოსაა.

“გაძეტა დელო სპორტის” ინფორმაციით, მასიმო მორატიმ თავის გენუელ კოლეგა ენრიკო პრეციოზის პალასიოს სანაცვლოდ 10 მილიონი ევრო შესთავაზა, მაგრამ პასუხად უარი მიიღო. “ნერაძურის” პრეზიდენტი იძულებული გახდა, რომ ალტერნატიული წინადადება შეემუშავებინა და თუ ავტორიტეტრულ გამოცემას ვენდობით, გენუელებს პალასიოს სანაცვლოდ 29 წლის ნახევარმცველი ტიაგო მოტა შესთავაზა. “გაძეტას”: ჟურნალისტი თავად მოტას შეეხმიანა და
მისგან შემდეგი მოისმინა:

“ამის შესახებ მეც წავიკითხე გაზეთში და სიმართლე გითხრათ, ძალიან გამიკვირდა, რადგან “ჯენოას” მესვეურებთან არავითარი კონტაქტი არ მქონია. “ინტერთან” კიდევ ორწლიანი ხელშეკრულება მაკავშირებს და არსად წასვლას არ ვაპირებ”

ტიაგო მოტას როდრიგო პალასიოში გაცვლის საკითხზე “ინტერის” სპორტულმა დირექტორმა მარკო ბრანკამაც ისაუბრა და სრულიად სხვა შინაარსის განცხადება გააკეთა:

“გასპერინის მართლაც სურს პალასიოს გადაბირება და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს გარიგება შედგეს. არ არის გამორიცხული, სანაცვლოდ გენუურ გუნდს “ინტერის” რომელიმე მოთაშემ მიაშუროს, მათ შორის ტიაგო მოტამ. თუმცა, ეს საკითხი ჯერ კიდევ გასარკვევია და ნაადრევი დასკვნების გაკეთებას არავის ვურჩევდი.

პირადად მე, მოტას თამაშის მანერა ძალიან მომწონს და “ინტერის” მთავარი მწვრთნელი რომ ვიყო, ვერაფრით შეველეოდი. თუმცა, მწვრთნელი გასპერინია და სწორედ ის წყვეტს, ვინ უნდა დაიმატოს და ვინ გაუშვას. ამით არაფრის თქმა არ მსურს,. უბრალოდ იმაზე გავამახვილე ყურადღება, რომ გადაწყვეტილებას მთავარი მწვრთნელი იღებს. “ინტერში” ყოველთვის ასე იყო და მომავალშიც ასე იქნება”.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული