ამრიგად, "იუვეს" თავკაცმა ანტონიო კონტემ სასურველი ფეხბურთელი მიიღო და თუ ჩვენს იტალიელ კოლეგებს ვენდობით, დიდი შანსია, რომ ფაბიო კვალიარელა გაუშვას. როგორც ამბობენ, ამ უკანასკნელსა და კონტეს შორის შავმა კატამ გაირბინა.
"იუვენტუსმა" ვუჩინიჩის ხელში ჩასაგდებად ზუსტად ერთი თვე იბრძოლა და საბოლოოდ, როგორც იქნა, "რომასთან" შეთანხმებას მიაღწია. "ჯალოროსი" "იუვესგან" 15 მილიონ ევროს მიიღებს, ვუჩინიჩის ხელფასი კი წელიწადში 3 მილიონი
"მირკო ვუჩინიჩი შესანიშნავი თავდამსხმელია. მე მას დიდი ხანია ვაკვირდები და სანამ "იუვენტუსის" მთავარ მწვრთნელად დავინიშნებოდი, ჯერ კიდევ მაშინ ვფიქრობდი, რომ თუ ახლო მომავალში რომელიმე გრანდში დამნიშნავდნენ, მის გადაბირებას ვეცდებოდი. მიხარია, რომ "რომასთან" შეთანხმებას მივაღწიეთ და მირკო ხელში ჩავიგდეთ. ვუჩინიჩი ჩვენი გუნდის წინა ხაზს მნიშვნელოვნად გააძლიერებს," - აცხადებს "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე.
ისიც უნდა ითქვას, რომ ვუჩინიჩი "იუვენტუსის" სასურველ ფეხბურთელთა სიაში პირველ ადგილზე არ ყოფილა. ტურინელებს მასზე მეტად სერხიო აგუეროს (ატლეტიკოდან) ან ჯუზეპე როსის (ვილიარეალიდან) გადაბირება სურდათ, მაგრამ ვერცერთის ყიდვა ვერ მოახერხეს. აგუერომ "იუვენტუსში" გადასვლა თვითონ იუარა, როსი კი "ვილიარეალმა" აღარ დათმო. აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ გასული სეზონის ჩაგდების შემდეგ ("იუვენტუსმა" ევროპის ლიგის საგზურიც კი ვერ მოიპოვა), კლუბის მთავარმა ბოსმა ანდრეა ანიელიმ კონტეს ტრანსფერებისთვის 100 მილიონი ევრო გამოუყო. ამ თანხის ნახევარზე მეტი კი უკვე დახარჯულია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"