"მილანს" აკვილანი აინტერესებს

AutoSharing Option
"მილანის" ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ ოფიციალურად დაადასტურა, რომ "როსონერის" სხვა ხელმძღვანელებთან ერთად სერიოზულად ფიქრობს ალბერტო აკვილანის გადაბირებაზე.

მოგეხსენებათ, 27 წლის საყრდენი ნახევარმცველი გასულ სეზონში "ლივერპულიდან" "იუვენტუსში" იყო განათხოვრებული და სეზონის ბოლოს ტურინულმა გრანდმა მისი კონტრაქტის გამოსყიდვაზე უარი თქვა, რის შემდეგაც იტალიელი ნახევარმცველი ისევ ინგლისში დაბრუნდა. თუმცა აკვილანი "ლივერპულსაც" აღარ სჭირდება.

ახლა კი ირკვევა, რომ მისით "მილანია" დაინტერესებული. რაკი გალიანიმ ეს ცნობა დაადასტურა, უკვე თამამად შეგვიძლია, დავუჯეროთ ჩვენს იტალიელ კოლეგებს, რომლებიც წერენ, "როსონერიმ" "ლივერპულს" კონკრეტული წინადადებით მიმართაო. იმის გამო, რომ "ლივერპულის" შეფები
მზად არიან, აკვილანი პირველსავე მსურველს მიჰყიდონ, წესით, ტრანსფერი არ უნდა გაიწელოს. "მილანში" გადასვლაზე უარს ვერც თავად ფეხბურთელი იტყვის, რადგან გალიანის სიტყვებიდან ჩანს, რომ მილანელები ალბერტოს შესაძლებლობებში დარწმუნებულები არიან - ძირითად შემადგენლობაში თამაშის გარანტიას კი აკვილანის იტალიის ჩემპიონში კი არა, ვერცერთ ნორმალურ კლუბში ვერ მისცემენ.

"ცხადია, ჩვენ ალბერტოზეც ვფიქრობთ. ის ზუსტად ისეთი ნახევარმცველია, როგორიც "მილანს" შეეფერება. დიდი შანსია, რომ აკვილანი "როსონერიში" იხილოთ," - აცხადებს გალიანი "გაძეტა დელო სპორტისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

ჩვენს იტალიელ კოლეგებთან საუბრისას, "მილანის" ბოსმა უარყო მოარული ხმები იმის შესახებ, თითქოს "მილანი" მადრიდის "რეალიდან" კაკას დაბრუნებაზე ფიქრობდეს. არადა, იტალიური პრესა ბოლო დროს დღენიადაგ იმაზე წერდა, დიდი შანსია, ბრაზილიელი "მილანში" დაბრუნდესო. შეგახსენებთ, რომ კაკამ მადრიდში წასვლამდე "როსონერიში" ექვსი შესანიშნავი წელი გაატარა და "რეალში" გადასვლამდე მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნეოდა.
ხოლო მას მერე, რაც "სამეფო გუნდის" ღირსებას იცავს, მისი ვარსკვლავი საერთოდ ვეღარ კიაფობს - კაკა "რეალის" ძირითად შემადგენლობაშიც კი ვერ ხვდება.

კითხვაზე, რატომ არ ფიქრობს კაკას დაბრუნებაზე, გალიანიმ ასეთი პასუხი გასცა: "მან თავის დროზე ყველას გული დაგვწყვიტა, როცა "რეალში" გადასვლა მოისურვა, თუმცა ამის გამო არ განვსჯი. კაკას ყოველთვის სიამოვნებით მივიღებთ, აქ ის ყველას სიგიჟემდე უყვარს. პრობლემა ის არის, რომ ბრაზილიელი ზედმეტად მაღალ ხელფასს ითხოვს. იტალიაში არ არსებობს კლუბი, რომელიც მას ამდენს გადაუხდის!"

ამასთან, გალიანიმ ასევე უარყო მარიო ბალოტელისთან დაკავშირებით გავრცელებული სპეკულაციებიც, რომელთა თანახმად, მანჩესტერში უკმაყოფილო ჭირვეულ თავდამსხმელს იტალიაში დაბრუნება სურს და მზადაა, "მილანის" ფორმა მოირგოს.

გალიანი: "ჩვენ თავდამსხმელზე მეტად ნახევარმცველი გვჭირდება და საინტერესოა, ბალოტელიზე რატომ უნდა ვფიქრობდეთ?"

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული