დებიუტი მარცხიანი და იმედიანი

AutoSharing Option
გუშინ ლონდონის "აპტონ პარკზე" ჩეზარე პრანდელიმ იტალიის ეროვნული ნაკრების თავკაცის პოსტზე პირველი მატჩი ჩაატარა. მარცხის მიუხედავად, იტალიურმა პრესამ ამ შეხვედრაში დადებითი მომენტები მაინც დაინახა. მოწონება უპირველესად, "სკუადრა აძურას" დებიუტანტების, კარვალიო ამაურისა და მარიო ბალოტელის, ასევე ნაკრებში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაბრუნებული ანტონიო კასანოს თამაშმა დაიმსახურა.

როგორც ხედავთ, იტალიელთა შემადგენლობაში უმრავლესად იმ ფეხბურთელებმა ითამაშეს, რომლებიც მარჩელო ლიპის სამხრეთაფრიკულ მუნდიალზე არ წაუყვანია.

თავსხმა წვიმაში თამაში აპენინელთა უპირატესობით დაიწყო, მატჩის დებიუტში ბურთი ძელს მოარტყა ბალოტელიმ, რასაც ამაურის მიერ გაფუჭებული ხელსაყრელი მომენტი მოჰყვა. შეხვედრა ზოგადად,
არცთუ მოსაწყენი გამოდგა.

იტალიელთაგან განსხვავებით, დროებითი მწვრთნელის, ფრანსუა ზაჰუის ხელმძღვანელობით მოთამაშე აფრიკელებს ბევრი საგოლე შანსი არ მისცემიათ, მაგრამ რაც ჰქონდათ, იდეალურად გამოიყენეს. კოლო ტურემ მეტოქის მცველებს დაასწრო და გამარჯვების გოლი ახლო მანძილიდან გაიტანა.

ტურეს მხარდამხარ, მატჩის გმირად კოტდივუარელთა მეკარე დანიელ იებოა იქცა, რომელმაც საკუთარი კარი არაერთხელ გადაარჩინა.

იტალია-კოტ დივუარი 0:1
გოლი: 0:1 კ. ტურე (54)
იტალია: სირიგუ – მოტა (70. კასანი), ბონუჩი, კიელინი, მოლინარო – პალომბო (80. მონტოლივო), დე როსი – პეპე (74. მარკიზიო), კასანო (70. როსი), ბალოტელი (59. კვალიარელა) - ამაური (59. ბორიელო).
კოტ დივუარი: იებოა – დემელი (57. კაფუმბა), კ. ტურე, ზოკორა, ტიენე – ებუე, ი. ტურე, ტიოტე – ჟერვინიო (90. კონე), დუმბია (61. საგბო), კალუ (84. ფაე).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული