შეხვედრა ორი განსხვავებული ტაიმისგან შედგებოდა, პირველში უპირატესობას "ინტერი" ფლობდა და გაუტანა კიდეც გოლი მეტოქეს, აი მეორეში კი მოედანზე მხოლოდ ერთი გუნდი, "მილანი" იყო და თამაშის ბედიც სათავისოდ შეატრიალა.
ერთი სიტყვით, მასიმილიანო ალეგრის სამწყსომ 2:1 გაიმარჯვა
"მილანმა" სეზონი ტროფეის მოგებით დაიწყო, ჯანპიერო გასპერინის დებიუტი კი წარუმატებელი გამოდგა. ნამატჩევს, "ინტერის" მთავარი მწვრთნელი იმედგაცრუებული გახლდათ:
"პირველი ტაიმი ძალიან კარგად ვითამაშეთ და დამსახურებულად ვიგებდით, მაგრამ მეორე ნახევარში დაცვაში ვუმატეთ შეცდომებს და დავისაჯეთ კიდეც. არადა, ყველაფერი ჩვენს ხელში იყო და დასანანია, რომ ასე მოხდა. რას ვიზამთ, მთლიანობაში მაინც კარგი მატჩი იყო, რომელმაც გამოცდილება შეგვძინა და ის ნაკლოვანებები გვაჩვენა, რომელთა აღმოფხვრა მოგვიწევს. სამუშაო ბევრია, ეს ისედაც ვიცოდი და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი."
მატჩის შემდეგ, კომენტარი "ინტერის" კაპიტანმა ხავიერ ძანეტიმაც გააკეთა: "იბრაჰიმოვიჩის საგოლე შეტევა მას შემდეგ დაიწყო, რაც მსაჯმა ჩვენს სასარგებლოდ აშკარად დასანიშნ ჯარიმას წაუყრუა, ასე რომ, შეხვედრის საბოლოო რეზულტატზე არბიტრმაც იქონია გავლენა. თუმცა, დღეს ამაზე საუბარს აზრი აღარ აქვს და მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ მარცხი დროზე დავივიწყოთ. მეორე ტაიმში "მილანმა" აშკარად გვაჯობა, ეს ნათლად გამოჩნდა და ამის უარყოფა შეუძლებელია, ჩვენ კი იმ შეცდომებზე გვმართებს სწავლა, რომლებიც მრავლად დავუშვით. ახალი მწვრთნელი გვყავს და მის მოდელზე გადასაწყობად გარკვეული დრო დაგვჭირდება, იმედია გულშემატკივრები ამ მარცხს გვაპატიებენ".
სრულიად სხვა განწყობა გახლდათ "შავ-წითელთა" ბანაკში, სეზონის ტროფეით დაწყებამ ზლატან იბრაჰიმოვიჩი უზომოდ გაახარა: "სუპერთასის პაექრობამ კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ სწორ გზას ვადგავართ და ბოლო ერთი თვის განმავლობაში ტყუილად არ ვღვარეთ ოფლი ვარჯიშებზე. ძალიან კარგი თამაში იყო, რომელშიც უფრო ძლიერმა გაიმარჯვა. საკუთარი თამაშით კმაყოფილი ვარ, მაგრამ ჩემი გარჯა არაფერი იქნებოდა თანაგუნდელთა ბრწყინვალე ასპარეზობის გარეშე, ხომ ნახეთ რა პასი მომცა კლარენს ზეედორფმა? - ასეთი გადაცემის შემდეგ, უბრალოდ შეუძლებელია გოლი არ გაიტანო. მთლიანობაში, კარგად ვითამაშეთ, მაგრამ საუკეთესო კონდიციამდე კიდევ ბევრი გვიკლია, "მილანი" გამარჯვებული მენტალიტეტის მქონე გუნდია და დარწმუნებული ვარ, რომ თამაშიდან თამაშამდე მოვუმატებთ".
ნამატჩევს, კომენტარი მასიმილიანო ალეგრიმაც გააკეთა და შემდეგი განაცხადა: "თამაში ცუდად დავიწყეთ, ბურთზე კონტროლი ვერაფრით დავაწესაეთ, რაც "ინტერის" შესანიშნავი ასპარეზობის შედეგი გახლდათ. თუმცა, შემდეგ ხასიათი გამოვავლინეთ, გარდატეხა შევიტანეთ თამაშში და ყველაფერი დალაგდა. დიდი სურვიული მაქვს, რომ ასეთი მებრძოლი ხასიათი "მილანს" მთელი სეზონის განმავლობაში გაჰყვეს, ასეთ შემთხვევაში, ჩვენი შეჩერება ყველას გაუჭირდება. ჩემი აზრით, დამსახურებულად გავიმარჯვეთ და იმედია, ამაში მეტოქე გუნდის წარმომადგენლებიც დამეთანხმებიან. დავიმატებთ თუ არა ვინმეს? - შემადგენლობით კმაყოფილი ვარ და მიუხედავად იმისა, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კიდევ თითქმის ერთი თვეა დარჩენილი, სავარაუდოდ ყველაფერი ასევე დარჩება".
პეკინში გახლდათ "მილანის" ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი, რომელმაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ სილვიო ბერლუსკონის პრეზიდენტობის პერიოდში, "მილანი" ყველაზე წარმატებული კლუბია მსოფლიოში. ბოლოს, სწორედ სენიორ ადრიანოს მოვუსმინოთ: "უკვე ველაპარაკე სილვიოს და მინდა გითხრათ, რომ ის ბედნიერია ამ გამარჯვებით. მისი 26-წლიანი მოღვაწეობის პერიოდში, "მილანმა" 13 საერთაშორისო და 15 შიდა ტიტული მოიგო, რაც მართლაც რომ ფენომენალური შედეგია. აქვე, მინდა ჩინელ გულშემატკივრებს გადავუხადო მადლობა, რომლებმაც მხურვალედ დაგვიჭირეს მხარი და დიდწილად სწორედ მათი დამსახურებაა, რომ მატჩის ბედი საჩვენოდ შემოვატრიალეთ. ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ სეზონი ტროფეის მოგებით დავიწყეთ, ეს გუნდის საბრძოლო განწყობას კიდევ უფრო აამაღლებს."
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"