ალეგრი კონტრაქტს ახანგრძლივებს

AutoSharing Option
"მილანის" მთავარ მწვრთნელად მასიმილიანო ალეგრის დანიშვნის ფაქტს ბევრი სკეპტიკურად შეხვდა, აქაოდა დიდ კლუბში მუშაობის გამოიცდილება არ აქვს და ჩაიკარგებაო, მაგრამ მათი მოლოდინი არ გამართლდა - ფაქტია, რომ ალეგრი კარგად ართმევს თავს მასზე დაკისრებულ მოვალეობას და შედეგებიც შესაბამისი აქვს.

ხუმრობა საქმე ნამდვილად არ გახლავთ პირველივე სეზონში სკუდეტოს მოპოვება, რასაც რამდენიმე დღის წინ იტალიის სუპერთასიც დაემატა. მოკლედ, "მილანის" გულშემატკივრებში ალეგრი სულ უფრო და უფრო პოპულარული პერსონა ხდება და შესაბამისად, კლუბის მესვეურეთა ნდობითაც სარგებლობს.

გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ადრიანო გალიანი ალეგრის ახალ ხელშეკრულებას
უმზადებს, რომელიც 2014 წლამდე იქნება გათვლილი. შეგახსენებთ, რომ მოქმედი კონტრაქტის ვადა მომავალ ზაფხულს იწურება. ამ საკითხთან დაკავშირებით თავად მწვრთნელს შემდეგი მოსაზრება აქვს:

"ახალი ხელშეკრულების გაფორმება ჩემი ინიციატივა ნამდვილად არ არის, რადგან ასეთ საკითხებს ნაკლებად ვაქცევ ყურადღებას და მხოლოდ სამუშაოზე ვარ კონცენტრირებული. სიმართლე გითხრათ, არც კი მახსოვდა, რომ მომავალ ზაფხულს ჩემს კონტრაქტს ვადა ეწურება - რადგან, თანამშრომლობის გახანგრძლივება კლუბის მესვეურთა სურვილია, გამოდის, რომ დაკისრებულ მოვალეობას თავს კარგად ვართმევ. არაერთხელ მითქვამს, რომ ჩემი სურვილია "მილანში" რაც შეიძლება დიდ ხანს დავრჩე და გუნდის ისტორიაში ახალი ერა შევქმნა. ასე რომ, ახალ ხელშეკრულებას დიდი სიამოვნებით მოვაწერ ხელს".

იტალიურ პრესაში აქტიურად ბჭობენ იმის შესახებ თუ რა შეიცვლება "მილანის" თამაშში... იმაზე ყველა თანხმდება, რომ მასიმილიანო ალეგრის ცვლილებების გატარება მოუწევს, რადგან პირველობის შენარჩუნება ყოველთვის უფრო რთულია, ვიდრე მოპოვება.

გასულ სეზონში, ალეგრიმ არაერთი ტაქტიკა-სტრატეგია გამოსცადა, თუმცა უმეტესად მაინც 4-3-1-2-ს იყენებდა. შეტევის წინა ხაზი მუდმივად იცვლებოდა გამომდინარე იქიდან, რომ ალეშანდრე პატო ტრავმებმა გატანჯა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა კი დისკვალიოფიკაციის გამო თითქმის ორი თვე გამოტოვა. საინტერესო როტაციები იყო გამთამაშებლის პოზიციაზე, სადაც ხან რობინიო ასპარეზობდა, ხან ანტონიო კასანო და ხანაც კევინ პრინც ბოატენგი. რა იქნება ახალ სეზონში, ამის პროგნოზირება იოლი არ არის, თუმცა გარკვეული ანალიზის გაკეთება მაინც შეიძლება.

"გაძეტა დელო სპორტმა" ის თერთმეტეული ივარაუდა, რომლებსაც ალეგრი ყველაზე ხშირად დაეყრდნობა. მეკარესთან დაკავშირებით, ყველაფერი ცხადზე ცხადია და წყალი არ გაუვა იმას, რომ კარს კრისტიან აბიატი დაიცავს, დანარჩენზე კი მოკლედ ქვემოთ მოგახსენებთ...

დაცვა
ფილიპ მექსე - ტიაგო სილვა - ალესანდრო ნესტა - ტაიე ტაივო

იტალიის სუპერთასზე "ინტერთან" პაექრობაში დაცვის ფლანგებზე ინაციო აბატემ და ჯანლუკა ძამბროტამ იასპარეზეს, მაგრამ ჟურნალისტებს ეჭვი ეპარებათ, რომ სეზონის მსვლელობისას სწორედ მათზე გაკეთდეს აქცენტი.

აბატე მაღალ სისწრაფეზე თამაშობს და ურიგო მცველი არაა, მაგრამ საყოველთაო მოსაზრებით, მას ფილიპ მექსე შეავიწროვებს. მართალია, ფრანგმა კარიერის დიდი ნაწილი დაცვის ცენტრში გაატარა, მაგრამ "მილანში" გადასვლისთანავე განაცხადა, რომ მზადაა ძალები ფლანგზეც მოსინჯოს. მისი მაღალი კლასის გათვალისწინებით, ახალ ამპლუასთან ადაპტირება წესით არ უნდა გაუჭირდეს და ალბათ ამოაგდებს კიდეც აბატეს ძირითადი შემადგენლობიდან.

ასაკიდან გამომდინარე, სტაბილურად სასტარტოში ასპარეზობა გაუჭირდება ჯანლუკა ძამბროტას და შესაბამისად, არის ეჭვი, რომ მარცხენა ფრთას ტაიე ტაივო გაამაგრებს. "მარსელიდან" გადაბირებული 26 წლის მცველი შესანიშნავ ფორმაშია და მასზე მასიმილიანო ალეგრი დიდ იმედებს ამყარებს. ის, რომ მექსემ და ტაივომ სუპერთასის პაექრობაში არ მიიღეს მონაწილეობა, ბუნებრივია, რადგან გუნდთან გარკვეული ადაპტაცია სჭირდებათ. ერთი სიტყვით, მათმა უთამაშებლობამ შეცდმაში არ უნდა შეგვიყვანოს - ისინი ძირითად შემადგენლობაში მოიაზრებიან.

რაც შეეხება ცენტრს, აქ ყველაფერი გასაგებია - თუ ტიაგო სილვა და ალესანდრო ნესტა მწყობრში იქნებიან, სწორედ მათზე გაკეთდება აქცენტი. თუმცა, ისიც ცხადია, რომ ტრავმების გარეშე მთელი სეზონის ჩატარება წარმოუდგენელია და იძულებით როტაციებს ცენტრშიც უნდა ველოდოთ.

ნახევარდაცვა
მარკ ვან ბომელი - კლარენს ზეედორფი - მატია ფლამინი - კევინ პრინც ბოატენგი

წლიდან წლამდე "მილანის" სტაჟიანი ფეხბურთელები, მეტიც, ცოიცხალი ლეგენდები ჩრდილში ექცევიან და ეს ტენდენცია გაგრძელდება. ჟურნალისტთა მტკიცებით, ამ სეზონში კიდევ უფრო ნაკლები დრო მიეცემათ ჯენარო გატუზოს და მასიმო ამბროზინის - და ეს მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი გუნდის კაპიტანია.

სამაგიეროდ, ძირითადად სასტარტოში მოუწევს ასპარეზობა მატია ფლამინის, რომელსაც ბოლო ორ სეზონში მეტწილად სათადარიგოთა სკამზე უწევდა ჯდომა. მასზე უფრო მეტად არის სასტარტოსთვის განწირული კევინ პრინც ბოატენგი, რომელიც ნელნელა გუნდის ერთ-ერთ ლოიდერად ყალიბდება - სეზონის პირველივე შეხვედრაში შესანიშნავად ითამაშა და სუპერთასის პაექრობაში "ინტერს" გამარჯვების გოლი გაუტანა.

ასაკის მიუხედავად, კვლავ მყარია კლარენს ზეედორფის პოზიციები, რომელმაც მაღალი კლასი "ნერაძურისთან" პაექრობაში კიდევ ერთხელ დაამტკიცა. რაც შეეხება მეოთხე ნახევარმცველს, ეს მარკ ვან ბომელი გახ;ლავთ, რომელიც გასული სეზონის მეორე ნახევრიდან შეურთდა გუნდს და როდესაც ჯანმრთელად იყო, ყოველთვის სასტარტო შემადგენლობაში ასპარეზობდა.

თავდასხმა
ზლატან იბრაჰიმოვიჩი - ალეშანდრე პატო

თუ სადმე იქნება აქტიური როტაცია, ეს უპირველესად თავდასხმის ხაზზე ითქმის, რადგან შეუძლებელია, რომ ვთქვათ რობინიოს სათადარიგოთა სკამის ფეხბურთელი ვუწოდოთ. იგივე შეიძლება იტქვას ანტონიო კასანოსა და ფილიპო ინძაგიზე, რომლებიც საშემსრულებლო ოსტატობით არავის ჩამოუვარდებიან. თუმცა, წინასწარი ვარაუდით, აქცენტი მაინც იბრაჰიმოვიჩი-პატოს ტანდემზე გაკეთდება. ვნახოთ, რამდენად გამართლდება იტალიელ ჟურნალისტთა პროგნოზი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული