დე ლაურენტისს ლავესი არ ეთმობა, ლავესის - "ნაპოლი"

AutoSharing Option
იტალიურ სპორტულ პრესაში გავრცელდა ცნობა, რომლის თანახმადაც სამუელ ეტოო "ინტერს" დატოვებს და მახაჩკალის "ანჟიში" გააგრძელებს კარიერას. ეს ცნობა უკვე დაადასტურეს "ნერაძურის" მესვეურებმა, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ რაიმე გაუგებრობა არ მოხდა, მილანური გრანდი საუკეთესო ფორვარდის გარეშე დარჩება.

ბუნებრივია, "ინტერის" მესვეურები მისი შემცვლელის ძიებით დაკავდნენ და ესეკილ ლავეცის ტრანსფერის შესახებ "ნაპოლის" პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს ჩამოუგდეს სიტყვა. როგორც ერთ-ერთ წინა ნომერში გაცნობეთ, მორატიმ სამხრეთელ კოლეგას არგენტინელი ფორვარდის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო შესთავაზა. დე ლაურენტისმა საჭიროდ ჩათვალა და ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა:

"60 მილიონიც რომ მომცენ, ლავესის ჩემი ნებით არ გავყიდი, რადგან მისი თამაშისგან მიღებული სიამოვნება შეუფასებელია და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ის გუნდის ლიდერია.. ასე რომ, როდესაც მეკითხებიან შეველევი თუ არა ესეკილს 30 მილიონ ევროდ, სასაცილოდ არ მყოფნის. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩემი სურვილით არგენტინელს ნამდვილად არ გავასხვისებ. სხვა საქმეა თუ თავად ფეხბურთელმა მოისურვა გუნდის გამოცვლა, ასეთ შემთხვევაში ძალით ნამდვილად ვერავის გავაკავებთ. საბედნიეროდ, ესეკილს ჯერ ჩემთვის არ უთქვამს, რომ ნეაპოლის დატოვება სურს".

იტალიელი ჟურნალისტები თავად ლავესისაც შეეხმიანენ და მისგან შემდეგი მოისმინეს: "მილანიდან არავინ შემხმიანებია და შესაბამისად, რაიმე კომენტარის გაკეთება გამიჭირდება. "ნაპოლის" ფეხბურთელი ვარ, წინ ურთულესი სეზონი გველის და მთლიანად მომავალ ბატალიებვზე ვარ კონცენტრირებული. ჩემთვის მთავარი არასდროს ყოფილა ფული, ან გრანდში თამაშის პერსპექტივა, მთავარია ის გარემო, სადაც თამაში მიწევს და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ყოფით ბოლომდე კმაყოფილი ვარ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული