”ფიორენტინა” - იოვეტიჩი არსად არ მიდის

AutoSharing Option
სტევან იოვეტიჩის “ფიორენტინადან” შესაძლო აბარგების შესახებ იტალიურ პრესაში აქტიურად იწერება, თუმცა როგორც ჩანს, ეს ყველაფერი უბრალო ჭორებია და ჩერნოგორიელი შემტევი არსად წასვლას არ აპირებს. ამის შესახებ მან “კორიერე დელო სპორტის” ჟურნალისტთან ისაუბრა…

მომავალი
საერთოდ, შორსმიმავალ გეგმებს არასდროს ვისახავ, დღეს კი თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ფლორენციაში თავს შესანიშნავად ვგრძნობ და არსად წასვლას არ ვაპირებ. კლუბთან ხელშეკრულების ვადა 2013 წლის ივლისს მეწურება და იქამდე კიდევ დიდი დროა დარჩენილი. თუ “ფიორენტინას” მესვეურები კონტრაქტის გახანგრძლივებას შემომთავაზებენ, არც კი დავფიქრდები ისე მოვაწერ ხელს, რადგან ამ
გუნდის წინაშე ვალში ვარ. ყველაზე რთულ სიტუაციაში, კლუბის მესვეურებიც, თანაგუნდელებიც და გულშემატკივრებიც გვერდში დამიდგნენ, რასაც ვერასდროს დავივიწყებ.

ტრავმა
ტრავმა სრულად მოვიშუშე და თავს უბედნიერეს ადამიანად ვგრძნობ. ბევრი მეკითხება მაქვს თუ არა ტრავმის გამეორების შიში, რამაც შეიძლება ფეხბურთის თამაშში ხელი შემიშალოს - ნამდვილად არა და არც მექნება, რადგან სპორტის უპირველესი სახეობის გარეშე ცხოვრება უბრალოდ ვერ წარმომიდგენია. აქტიურად ვვარჯიშობ და ერთი სული მაქვს როდის დაიწყება ახალი სეზონი, რათა დაკარგული ავინაზღაურო. ვფიქრობ, რომ “ფიორენტინა” უკეთესი გუნდი იქნება, ვიდრე გასულ სეზონში. მართალიას, სატრანსფერო ბაზარზე დიდად არ ვაქტიურობთ, მაგრამ სამაგიეროდ, უფრო მეტად გამოცდილები ვართ და გუნდშიც საოცრად კარგი ატმოსფეროა.

მიზანი
მიზანი ნებისმიერ შემთხვევაში ევროსაგზურის მოპოვება იქნება და თუ სამეულში შევძვერით, ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ექნება. ძნელია დაპირდე გულშემატკივარს, რომ აუცილებლად მოიპოვებ ჩემპიონთა ლიგის საგზურს, მაგრამ ერთს კი დანამდვილებით ვიტყვი, თითოეულ შეხვედრაში ბოლომდე ვიბრძოლებთ. “ფოორენტინა” დიდი ტრადიციების გუნდია და აუცილებლად მაღალი მიზნებისთვის უნდა იბრძოდეს. ეს გულშემატკივართა დაკვეთაა, რომელსაც ბლომდე ვაცნობიერებთ.

ამასობაში, “ფიორენტინასთან” დაკავშირებით საინტერესო ცნობა გავრცელდა, რომლის მიხედვითაც მომდევნო სეზონიდან გუნდის ღირსებას ჰუსეინ ხარჯა დაიცავს. ფლორენციული კლუბის მესვეურებმა მის სანაცვლოდ “ჯენოას” ბიუჯეტში 3 მილიონი ევრო გადარიცხეს. ”ვიოლას” სპორტული დირექტორი პანტელეო კორვინო აღნიშნულმა ტრანსფერმა ძალიან გაახარა:

“ნახევარდაცვა გაძლიერებას საჭიროებდა და ხარჯას გადაბირებით ამ მიმართულებით დიდი ნაბიჯი გადავდგით. ვპირდები გულშემატკივრებს, რომ სატრანსფერო ბაზარზე გავაქტიურდებით და გუნდს კიდევ არაერთი ფეხბურთელით გავაძლიერებთ. კონკრეტულ გვარებს დღეს ვერ ჩამოგითვლით, მაგრამ მალე ყველაფერი გადაწყდება და გაცხადდება კიდეც”.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული