თასი "ინტერს" დარჩა

AutoSharing Option
ინტერი-იუვენტუსი 1:1 (პენ. 6:5)
ინტერი (4-3-1-2): კასტელაცი - რანოკია, სამუელი, კივუ (10. ძანეტი), ჯონათანი - მოტა, სტანკოვიჩი, ობი - სნეიდერი - პანდევი, პაცინი.
იუვენტუსი (4-3-3): სტორარი - ლიხტშტაინერი, ბონუჩი, ბარცალი, დე ჩელიე - პირლო, მარკიზიო, კრასიჩი - დელ პიერო, ვუჩინიჩი, პასკუატო.
გოლები: 0:1 ვუჩინიჩი (9), 1:1 რანოკია (16).

იუვენტუსი-მილანი 2:1
იუვენტუსი (4-4-2): სტორარი - მოტა, ბარცალი, ბონუჩი, ციგლერი - პაციენცა, პირლო (23. მარონე), ვიდალი, კრასიჩი (11. რუჯერო - 32. ვუჩინიჩი) - მატრი, პასკუატო (27. სპინიცოლა).
მილანი (4-3-1-2): რომა - დი შილო, ნესტა,
ელი, ტაივო - გატუზო, ვან ბომელი, ანტონინი - ბოატენგი - კასანო, კომი (32. განცი).
გოლები: 0:1 კასანო (13), 1:1 ვიდალი (20), 2:1 მატრი (45).

მილანი-ინტერი 0:1
მილანი (4-4-1-1): ამელია - აბატე, ოდო, ბონერა, ძამბროტა - ამბროზინი, ვან ბომელი (20. ფლამინი), ემანუელსონი, ფოსატი - ბოატენგი - კასანო (25. განცი).
ინტერი (4-3-1-2): კასტელაცი - ლუსიო, რანოკია, ძანეტი, ჯონათანი - მოტა (30. სნეიდერი), კამბიასო, ფარაონი - ალვარესი - კასტანიოსი, მილიტო.
გოლი: 0:1 მილიტო (28).

ყოველ ზაფხულს, იტალიაში "ტროფეი ტიმი" თამაშდება, რომელშიც აპენინური ფეხბურთის სამი გრანდი, “მილანი”, “ინტერი” და “იუვენტუსი” იღებენ მონაწილეობას. გუნდები ერთმანეთს ეთამაშებიან და ის გუნდი ხდება ჩემპიონი, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს. თანაბარი რაოდენობის ქულების შემთხვევაში უპირატესობა ბურთების შეფარდებას ენიჭება.

ტურნირი სამოყვარულო ხასიათისაა, რადგან მატჩები მხოლოდ ერთი ტაიმისგან შედგება. ბუნებრივია, მწვრთნელები ამ “ნახევრად პაექრობებს” გუნდის შესათამაშებლად და ახალი ფეხბურთელების გამოსაცდელად იყენებენ, შესაბამისად, შედეგს ნაკლები მნიშვნელობა აქვს.

2011 წლის "ტროფეი ტიმის" გამარჯვებული “ინტერი” გახდა, რომელმაც “იუვენტუსს” პენალტების სერიაში სძლია, “მილანს” კი ერთი უპასუხო გოლი გაუტანა და ქულათა მაქსიმუმს მოუყარა თავი. მატჩების დეტალური აღწერისგან თავს შევიკავებთ, უმჯობესია თითოეულ გუნდზე სათითაოდ მოგითხროთ...

ინტერი
პირველი რაც თვალში მოგხვდებოდათ, ის გახლავთ, რომ, სამუელ ეტოომ არც ერთ შეხვედრაში არ მიიღო მონაწილეობა. ეს იმის დასტურია, რომ კამერუნელი ფორვარდი ტოვებს მილანურ გრანდს და კარიერას მახაჩკალის “ანჟიში” გააგრძელებს. ეს ინფორმაცია თასის მოგების შემდეგ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ჯანპიერო გასპერინიმაც დაადასტურა:

“თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ეტოო დატოვებს “ინტერს” და სხვა გუნდში გადავა. სამუელზე დიდ იმედებს ვამყარებდი, მაგრამ მან არჩევანი გააკეთა, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ. რაც შეეხება ტურნირს, მთლიანობაში კმაყოფილი დავრჩი, რადგან არაერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი გამოვცადეთ. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სწორ გზას ვადგავართ და ნებისმიერ მეტოქესთან ძალგვიძს გამარჯვება. მართალია, შეხვედრები მხოლოდ ერთი ტაიმისგან შედგება, მაგრამ 45 წუთშიც ბევრი რამის დანახვა შეიძლება”.

გასპერინი “იუვენტუსთან” შეხვედრაში ჯამპაოლო პაცინისა და გორან პანდევის შემტევ ტანდემს დაეყრდნო, რამაც არ გაუმართლა. არც ერთ მათგანს საგოლე მომენტიც კი არ შეუქმნია და მთლიანობაში საკმაოდ ცუდი შთაბეჭდილება დატოვეს. განსაკუთრებით ეს მაკედონიელზე ითქმის, რომელმაც რამდენიმე ეპიზოდში ბურთიც კი ვერ დაიმორჩილა. “მილანთან’ პაექრობაში აქცენტი უკვე დიეგო მილიტოზე გაკეთდა, რომელმაც თავისი მოვალეიბა კარგად შეასრულა და თანაქალაქელს ერთადერთი და გამარჯვების გოლი გაუტანა.GG

მილანი
მასიმილიანო ალეგრის ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელი აკლდა, მათ შორის ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომელმაც ტრავმა მიირო და მინიმუმ ორ კვირას დაისვენებს. “მილანის” მთავარმა მწვრთნელმა შეტევის ხაზზე აქცენტი ანტონიო კასანოზე გააკეთა, რომელმაც ერთი შეხვედრა სრულად ითამაშა, მეორე კი სანახევროდ. ანტონიო საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა და “იუვენტუსთან’ ეფექტური გოლიც გაიტანა.

საგულისხმოა ისიც, რომ ორივე თამაში გამთამაშებლის პოზიციაზე ჩაატარა კევინ პრინც ბოატენგმა, რომელსაც არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ დირიჟორობა ყველაზე მეტად სიამოვნებს. ვერ გეტყვით რამდენად კარგი დირიჟორია ბოატენგი, მაგრამ ფაქტია, რომ ალეგრი სწორედ მას აყენებს ნახევარმცველებსა და თავდამსხმელებს შორის. ალეგრიმ არაერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი გამოსცადა, თუმცა არც ერთს არ გაუბრწყინია და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ სეზონში მათზე აქცენტი გაკეტდეს. ტურნინის შემდეგ, ალეგრიც კმაყოფილი გახლდათ:

“ასეთი ტურნირები ტონუსის ამაღლებას უწყობს ხელს და გამომდინარე აქედან, მთლიანობაში ძალიან კმაყოფილი ვარ. რგოლებს შორის კავშირი, დაცვიდან
შეტევაში სწრაფად გადასვლა და პირიქით, სწორედ ამ ასპექტებზე ვიმუშავეთ და ის ხარვეზებიც ნათლად გამოჩნდა, რომლებიც დასახვეწია. რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელი გამოვცადეთ, რომლებიც მთავარ გუნდში მოსახვედრად ძალღონეს არ იშურებენ, თუმცა მხოლოდ ეს საკმარისი ნამდვილად არ არის. მთავარია, სეზონს მომზადებულნი შევხვდეთ და ყველაფერი სწორედ აქეთკენ მიდის”.

იუვენტუსი
ყველაზე მეტი კითხვის ნიშანი “იუვენტუსთან” დაკავშირებით გვხვდება, რადგან ანტონიო კონტე პრაქტიკულად ახალ გუნდს აკეთებს. თვითონ კონტეც ახალია და ერთი ღმერთმა უწყის როგორ “იუვეს” ვიხილავთ. ბევრისთვის მოულოდნელად, ტროფეი ტიმზე კონტე ახალგაზრდა ფორვარდს, პასკუატოს ენდო და ორივე შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში გაამწესა.

როგორც ჩანს, მწვრთნელი აკვირდება პასკუატოს, რათა დაადგინოს ღირს თუ არა მასზე დაყრდმობა. ვერ გეტყვით რა დასკვნა გამოიტანა, მაგრამ ერთი შეხედვით, ახალგაზრდა თავდამსხმელს განსაკუთრებული არაფერი უქნია. სამაგიეროდ, ალესანდრო მასტრიმ და მირკო ვუჩინიჩმა გაიტანეს, პირველმა ‘მილანის” კიპერი დაამწუხრა, მეორემ კი “ინტერის”. აშკარად იკვეთება, რომ ანდრეა პირლოს და მიკელე პაციენცას სერიოზული კონკურენცია ექნებათ - მართალია, დღესდღეობით პირლოს შანხსები უფრო ძვირად ფასობს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ პაციენცას მარგი ქმედების კოეფიციენტი თითოეულ შეხვედრაში საკმაოდ მაღალია. ანტონიო კონტე პრესასთან საუბარში ზოგადი კომენტართ შემოიფარგლა:

“კარგი ტურნირი გამივიდა, გრძელი და რთული სეზონის წინ ის მინუსები და პლუსები დავინახეთ, რომლებიც სახეზეა. შეგირდების გარჯით კმაყოფილი ვარ, მონდომება არ აკლიათ და მოედანზე თავს დებენ, რაც წარმატების მთავარი საწინდარია”.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული