სერია A. სეზონის წინ: ფავორიტები და მათი მიზნები

AutoSharing Option
სერია A-ს 2010/2011 წლების გათამაშების დაწყებამდე კვირაზე ნაკლებია დარჩენილი და ბუნებვრივია, აპენინურ სპორტულ პრესაში ძირითადად ამ თემის ირგვლივ იწერება.

“კორიერე დელო სპორტმა” კალჩოს გრანდების შესახებ შემოგვთააზა საინტერესო მასალა, რომელიც მთავარი მწვრთნელების კომენტარებით გახლავთ გაჯერებული. მაშ ასე, მოკლედ სერია ა-ს ახალი სეზონის ფავორიტების შესახებ...

მილანი
საფეხბურთო ექსპერტთა უმეტესობა თანხმდება იმაზე, რომ ახალი სეზონის მთავარი ფავორიტი მოქმედი ჩემპიონი “მილანია”. ჯერ ერთი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, “როსონერი” მოქმედი ჩემპიონია, ამასთან, კიდევ უფრო გამოცდილი და კიდევ უფრო შეთამაშებული. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც გუნდი დატოვა, ანდრეა პირლო
გახლავთ, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ გასული სეზონის ტრიუმფში პირლოს დიდი წვლილი არ შეუტანია.

“მილანმა” საკონტროლო შეხვედრებშიც კარგი შთაბვეჭდილება დატოვა და მიუხედავად იმისა, რომ, წამყვანი ფეხბურთელების გარეშე უწევდა ასპარეზობა, დადებითი ბალანსი აჩვენა. ბოლოს, მასიმილიანო ალეგრის გუნდმა ბერლუსკონის თასი მოიგო, აჯობა რა ოპტიმალური შემადგენლობით მოასპარეზე “იუვენტუსს”. ალეგრი ახალ სეზონს ოპტიმისტური განწყობით ელოდება:

“კარგად მახსოვს შარშანდელი ზაფხული და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ გაცილებით უკეთეს ფორმაში ვხვდებით ახალ სეზონს. ფეხბურთელები ოპტიმალურ ფორმასთან ახლოს არიან და ჩემი გათვლით, ოქტომბერში გუნდი შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოავლენს. რაც მთავარია, ტემპი მთელი სეზონის განმავლობაში უნდა შევინარჩუნოთ და ამაზე აქედანვე ვმუშაობთ. ძირითადი შემადგენლობა? - ამაზე დღეს ლაპარაკი წარმოუდგენელია, რადგან თითოეულ პოზიციაზე ორი-სამი მაღალი კლასის ფეხბურთელი გვყავს. ყველაფერი სეზონის მსვლელობისას გამოჩნდება”.

ინტერი
“ინტერს” ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს და შესაბამისად, ძალიან რთულია იმის პროგნოზირება თუ როგორ ფეხბურთს ითამაშებს “ნერაძური”. გულშემატკივართა დიდი ნაწილი სკეპტიკურად არის განწყობილი, რასაც აქვს თავისი ლოგიკური ახსნა - ერთი, რომ ჯანპიერო გასპერინი არ არის ტოპმწვრთნელთა კატეგორიაში და მეორე, მასიმო მორატის შემადგენლობის გაძლიერებაზე დიდად არ უზრუნია. პირიქით, წუთი წუთზე გუნდს სამუელ ეტოო დატოვებს, გადაჭარბების გარეშე - საუკეთესო თავდამსხმელი. თანაც, ჯერჯერობით არაფერი ისმის იმის შესახებ თუ ვინ უნდა შეცვალოს კამერუნელი… უფრო სწორად, ისმის, მაგრამ სიტყვას საქმე არ მოჰყოლია.

მოკლედ, ტიფოზების პესიმიზმი სადღაც გასაგებია და ლოგიკური. გასპერინი ცდილობს, რომ დაამშვიდოს ქომაგი და შემდეგს აცხადებს: “ერთხელ უკვე აღვნიშნე, რომ “ინტერი” ყველა შემთხვევაში ძლიერი იქნება, ეტოოსთან ერთად და ეტოოს გარეშეც. ნებისმიერი შემადგენლობით გუნდი უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლებს როგორც სერია ა-ში, ისე ჩემპიონთა ლიგაში. მთავარი კონკურენტი უდავოდ “მილანია”, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, თუმცა ვფიქრობ, რომ თანაქალაქელებს არაფრით ჩამოვუარდებით. “მილანმა” მხოლოდ იმიტომ მოიპოვა სკუდეტო, რომ “ინტერმა” ვერ გამოავლინა შესაძლებლობები, ამ სეზონში კი მსგავსი რამ წესით არ უნდა მოხდეს. ერთი სიტყვით, ახალ სეზონს ოპტიმისტური განწყობით ველოდები”.

იუვენტუსი
გუნდი გამოცანა, ასე შეიძლება ვუწოდოთ “იუვენტუსს”, რომელსაც ანტონიო კონტე ფაქტობრივად ახლიდან აკეტებს და ვნახოთ, რა გამოუვა ამ საქმისგან. შემადგენლობა საკმაოდ სოლიდურია და წესით, “ბიანკონერიმ” მაღალი მიზნებისთვის უნდა იბრძოლოს. მიზანი ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრა იქნება, თუმცა გამორიცხულია, რომ გულის სიღრმეში ტურინელები სკუდეტოზე არ ფიქრობდნენ. ჯერ ერთი, ეს “იუვენტუსია” და მეორე, კონკურენტებისგან განსხვავებით ევროსარბიელზე არ უწევს ასპარეზობა.

კონტე ფრთხილობს და პრინციპში, ესეც გასაგებია: “ძალიან მიჭირს იმის პროგნოზირება თუ როგორი სეზონი გველოდება წინ, თუმცა ერთში ღრმად ვარ დარწმუნებული - თითოეულ შეხვედრაში ბოლომდე ვიბრძოლებთ და ვეცდებით, რომ გასულ სეზონში შელახული რენომე აღვიდგინოთ. ფეხბურთელები გრძნობენ ამ პასუხისმგებლობას და ვარჯიშებზე ბოლომდე იხარჯებიან. საბედნიეროდ, ჯერჯერობით გვიმართლებს და სერიოზული ტრავმა არც ერთ ჩემს ფეხბურთელს არ აქვს - ასეთი რამ სამწვრთნელო პრაქტიკაში არ მახსენდება და ისე მივიღე, როგორც კარგის ნიშანი. იმედია, მთელი სეზონის განმავლობაში ასე გაგრძელდება. სასელექციო სამუშაოები არ დასრულებულა, თუმცა ის ბირთვი უკვე გამოკვეთილია, რომლებსაც სეზონის განმავლობაში დავეყრდნობით. ჩემი სტილი არაა ერთბაშად 35 ფეხბურთელთან მუშაობა, მირჩევნია 22-24 მოთამაშე მყავდეს და ზედმიწევნით ვიცოდე ვისგან რას უნდა ველოდო. ერთი სიტყვით, შემადგენლობით კმაყოფილი ვარ და დანარჩენი უკვე სეზონის მსვლელობისას გამოჩნდება”.

რომა
კიდევ ერთი გუნდი გამოცანა “რომაა”, რომელსაც ახალი სამწვრთნელო შტაბი და რაც ასევე მნიშვნელოვანია, ახალი ხელმძღვანელობა ჰყავს. იტალიელ-ამიერიკელმა ტომას დი ბენედეტომ ლუის ენრიკეზე შეაჩერა არჩევანი და მას ბოლომდე მიენდო. “ჯალოროსის” საწვრთნელი პროცესი რთულად მიმდინარეობს, რადგან წამყვანი ფეხბურთელების დიდი ნაწილი დაშავებულია. ამასთან, გუნდმა ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე “სლოვანთან’ მარცხი განიცადა, რასაც ფრანჩესკო ტოტის მხრიდან ენრიკეს კრიტიკა მოჰყვა. მოკლედ, რჩება შთაბეჭდილება, რომ “რომა” ჯერ ძალიან შორს არის ერთ მუშტად შეკრული გუნდისგან. საფეხბურთო ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ახალწვეულლებს კალჩოსთან შეგუება გაუჭირდებათ და მთლიანობაში, “რომასთვის” სეზონი რთული იქნება. ენრიკე ასეთ პესიმიზმს არ იზიარებს;

“ყველაფერი იმაზე ბევრად კარგად არის, ვიდრე ეს ბევრს ჰგონია. ერთი სული მაქვს როდის დაიწყება სერია ა-ს გათამაშება და ამას ყველას დავუმტკიცებთ. თუმცა, იმ აზრისგან შორს ვარ, რომ ოპტიმალურ ფორმაში ვართ და სასწავლი აღარაფერია. ხარვეზი ჯერ კიდევ ბევრია და ამ კომპონენტებზე მუშაობა აუცილებლად გაგრძელდება. საერთოდ, გუნდი ცოცხალი ორგანიზმია და სხვაგვარად არც შეიძლება იყოს. რაც მთავარია, შეგირდებს მონდომება არ აკლიათ და წვრთნებზე ბოლომდე იხარჯებიან. ეს თითოეულ ფეხბურთელს ეხება, ფრანჩესკო ტოტიდან დაწყებული, ახალბედებით დამთავრებული. აქვე ვიტყვი, რომ ტოტისთან არავითარი პრობლემა არ მაქვს და ჩვენს შორის მომხდარი კონფლიქტის შესახებ გავრცელებული ცნობები სრული სისულელეა. ფრანჩესკომ გამოთქვა საკუთარი მოსაზრება, რომელსაც პატივს ვცემ და ამის შესახებ ჩვენ მეგობრულად ვისაუბრეთ”.

ლაციო
ახალი ფეხბურთელები არც “ლაციოს” აკლია, მაგრამ აქ მაინც განსხვავებული ვითარებაა. მთავარი მწვრთნელი და შესაბამისად, ის საფეხბურთო ფილოსოფიაა უცვვლელი, რომელმაც “ლაციო” გამოაცოცხლა და მაღალი მიზნებისთვის მებრძოლ გუნდთა კოჰორტაში დააბრუნა. ედუარდო რეიას მოთხოვნები კლუბის პრეზიდენტმა, კლაუდიო ლოტიტომ მაქსიმალურად დააკმაყოფილა, რაც იმის ვარაუდის საფუძველს გვაძლევს, რომ “ლაციო” უკეთესი იქნება, ვიდრე გასულ სეზონში. თვითონ ედი რეიას შემდეგი მოსაზრება აქვს;

“გასულ სეზონში, ჩემპიონთა ლიგაში მოსახვედრად ძალიან ცოტა დაგვაკლდა და დიდი იმედი მაქვს, რომ მიზანს ამჯერად მაინც მივაღწევთ. გულშემატკივრები კარი სეზონის მოლოდინში არიან და ჩვენც ანალოგიური განწყობა გვაქვს. ამ ფორმაციის “ლაციოს” ბევრის მიღწევა შეუძლია, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული”.

ნაპოლი
აურელიო დე ლაურენტისთან ერთად, იტალიური ფეხბურთის ელიტაში დაბრუნებული “ნაპოლი” ამბიციების ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივის. გუნდი სკუდეტოსთვის აპირებს ბრძოლას და ეს მიუხედავად იმისა, რომ ვალტერ მაძარის შეგირდებს პარარელურად ჩემპიონთა ლიგაზე მოუწევთ ასპარეზობა. ეს ფაქტორი გუნდის მთავარ მწვრთნელს არ აშინებს, თუმცა კარგად ესმის, რომ მიზნების მიღწევა ურთულესი იქნება;

“გულშემატკივრები სკუდეტოსთვის ბრძოლას ითხოვენ და ვეცდებით, რომ მათი მოლოდინი გავამართლოთ. გუნდი მომწიფებულია იმისთვის, რომ უმაღლეს მიზნებს შეეჭიდოს, თანაც, ერთდროულად რამდენიმე ფრონტზე. მართალია, სატრანსფერო ბაზარზე უფრო მეტადაც შეიძლებოდა აქტიურობა, მაგრამ მთლიანობაში მაინც კმაყოფილი ვარ. რაც მთავარია, ნახევარდაცვა გვარიანად გავაძლიერეთ, რაც ყველაზე მეტად მინდოდა. შეიძლება ვინმეს გაულკვირდეს ჩემი ნათქვამი, ჩვენ ხომ მიკელე პაციენცას შეველიეთ, მაგრამ დამიჯერეთ, შუა ხაზი ბევრად უფრო ძლიერი გვეყოლება, ვიდრე - გასულ სეზონში”.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული