"გაძეტა დელო სპორტისა" და "ტუტოსპორტის" ინფორმაციით, "იუვენტუსმა" და "ჰამბურგმა" შეთანხმებას ორშაბათს გვიან ღამით მიაღწიეს. გუშინ გერმანულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ელია ტურინში ჩავიდა, სადაც სამედიცინო შემოწმება უნდა გაევლო.
ჩვენი გერმანელი და იტალიელი კოლეგების ცნობით, "ბებერი ქალბატონი" ჩრდილოგერმანულ კლუბს ელიას
აღსანიშნავია, რომ "ჰამბურგს" გი დემელის, მიკაელ ტავარესისა და სიორენ ბერტრამის თავიდან მოშორებაც უნდა, მაგრამ ამ მოთამაშეებს მთხოვნელები არ ჰყავთ და დიდი შანსია, რომ HSV-ში ხორცმეტებად დარჩნენ.
იყო საუბრები იმის შესახებ, რომ ენის ბენ-ჰატირა ბერლინის "ჰერტაში" გადავიდოდა, მაგრამ გუშინ ეს ტრანსფერი ჩაშლილად გამოცხადდა. "ჰამბურგს" არც პერუელი თავდამსხმელი პაულო გერერო დატოვებს, რომელმაც გუშინ საბოლოოდ უარყო მოარული ხმები ტრანსფერის თაობაზე.
რაც შეეხება ელიას ტრანსფერს: ნიჭიერი ჰოლანდიელი გარემარბი ჰამბურგელებმა ორი წლის წინ შეიძინეს და აღსანიშნავია, რომ ელიამ ჩრდილოგერმანულ კლუბში პირველი სეზონი ძალიან კარგად ჩაატარა.
აი, მეორე სეზონში კი აშკარად მოუკლო და იმედებს ვეღარ ამართლებდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ "ჰამბურგის" ხელმძღვანელებს და გულშემატკივრებს ელიას "იუვენტუსში" გაშვებამ გული ოდნავადაც არ დასწყვიტა, რადგან ამ ფეხბურთელისგან აშკარად მეტს ელოდნენ. შესაბამისად, საინტერესოა, რაში სჭირდება "იუვეს" თავკაც ანტონიო კონტეს ფეხბურთელი, რომელსაც "ჰამბურგში" აღარ აფასებდნენ?
ელჯერო ელია უდავოდ ნიჭიერი მოთამაშეა, მაგრამ პრობლემური ხასიათი აქვს. არის მომენტები, როცა ახალგაზრდა ჰოლანდიელი თავისი თამაშით თვით კრიშტიანო რონალდოს გვაგონებს ხოლმე, მაგრამ ასეთი მომენტები ძალიან იშვიათია. ელია უმეტესად ჯიუტობით და ეგოისტური საქციელებით გამოირჩევა - სწორედ მისი რთული ხასიათი გახდა იმის მიზეზი, რომ გასულ სეზონში მან "ჰამბურგის" ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და უმეტესად შეცვლაზე ათამაშებდნენ.
ფაქტია, რომ ელია თავიდან "იუვეს" სასტარტოშიც ვერ ჩაჯდება. თუმცა ეს ყველაფერი კონტეს ჩვენზე უკეთ ეცოდინება და ვნახოთ, რას მოუხერხებს ჭირვეულ ჰოლანდიელს, რომელიც ვერც ახალი არიენ რობენი გახდა და მით უმეტეს, ვერც კრიშტიანო რონალდო, რომელსაც ორი წლის წინ ასე ხშირად ადარებდნენ...
მარტინესი ჩეზენასკენ
სწორედ ელიას ტრანსფერითაა გამოწვეული ის, რომ ტურინელებმა 28 წლის ურუგვაელი გარემარბი ხორხე მარტინესი "ჩეზენაში" გაანათხოვრეს. ტრანსფერი გუშინ ჯერ "ჩეზენას" ხელმძღვანელებმა დაადასტურეს, მერე კი "იუვეს" ბოსებმაც. მარტინესი "ჩეზენაში" არენდით მთელ სეზონს გაატარებს.
გაგახსენებთ, რომ ერთი წლის წინ "იუვეს" ამ ფეხბურთელის ტრანსფერი 12 მილიონი ევრო დაუჯდა, მარტინესმა კი მასზე გაცემული ავანსები ვერ გაამართლა - სერია A-ში მან მხოლოდ 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გოლები კი არ გაუტანია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"