"ინტერის" მეკარემ ჟულიო სეზარმა იტალიის ჩემპიონატის პირველ ტურში თავი წაგებაში დამნაშავედ სცნო. 11 სექტემბერს გვიან ღამით "ინტერი" "პალერმოსთან" სტუმრად 3:4 დამარცხდა. თამაშის შემდეგ ჟულიო სეზარმა მესამე და მეოთხე გაშვებულ გოლებში საკუთარი თავი დაადანაშაულა.
86-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 2:2 იყო, ბრაზილიელმა მეკარემ პალერმოელი ფაბრიციო მიკოლის საჯარიმოდან დარტყმული ბურთის გაუვნებელყოფა ვერ შეძლო. კიდევ 2 წუთის შემდეგ კი ჟულიომ მაურიციო პინილის დარტყმული ბურთი გაუშვა. გოლკიპერმა აღიარა, რომ შეეძლო, გუნდი ორივე ეპიზოდში ეხსნა.
დამატებულ წუთებში "ინტერის" ახალწვეულმა დიეგო ფორლანმა ერთი გოლი გაქვითა, მაგრამ მილანურმა
კლუბმა დამარცხებისგან თავის არიდება ვერ მოახერხა. მთლიანობაში მატჩზე საუბრისას, ჟულიო სეზარმა თქვა, რომ მიუხედავად გაშვებული გოლებისა, თამაში მოეწონა.
მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით