მოკლედ, მეორე ტური პირველი გამოდგა და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ იტალიურ საფეხბურთო მოედნებზე განვითარებულმა მოვლენებმა გაამართლა გულშემატკივართა მოლოდინი. არაერთი საინტერესო და დრამატული პაექრობა ვიხილეთ და ფეხბურთელთა დიდ ნაწილს სულაც არ ეტყობოდა, რომ სეზონის სტარტია და ფორმაში შესასვლელად გარკვეული დროა საჭირო. დანარჩენზე უფრო დეტალურად ქვემოთ ვისაუბროთ...
ტურის სიმბოლური ნაკრები
აგაცი (კალიარი) - ლიხტშტაინერი (იუვენტუსი), ბარცალი (იუვენტუსი), კამპანიარო (ნაპოლი), პასკუალი (ფიორენტინა) - პირლო (იუვენტუსი), პიანიჩი
ტურის სიმბოლური ნაკრები საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება - ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, რჩეულ ფეხბურთელებს შორის ორი ისეთი მოთამაშეა, რომლებმაც პირველი შეხვედრა ჩაატარეს არა თუ გუნდებში, არამედ მთლიანად სერია ა-ში. ლაპარაკია პიანიჩსა და სისეზე, რომელთაგან პირველი "რომას" ღირსებას იცავს, ხოლო მეორე "ლაციოს". შეტევაში სისესთან ერთად ანტონიო კასანოსა და ფაბრიციო მიკოლის ვხედავთ, რომლებმაც შესანიშნავად ჩაატარეს შეხვედრები და პირველი გოლებიც მიითვალეს აქტივში.
ნახევარმცველთა შორის უდავოდ გამორჩეული ანდრეა პირლო გახლდათ, რომელმაც ორი საგოლე პასი გააკეთა და მთლიანობაში, ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა. აშკარაა, რომ ახალ "იუვეში" მას ფუნდამენტური როლი დაეკისრება. ტურინელები დაცვის ხაზშიც დომინირებენ, შტეფან ლიხტშტაინერმა და ანდრეა ბარცალიმ პრესისგანაც უმაღლესი შეფასებები მიიღეს, მეწვრთნელის ქებაც დაიმსახურეს და სიმბოლურშიც მოხვდნენ.
ტურის გმირები
დიახ, გმირები, რადგან მეორე ტურის საუკეთესო ფეხბურთელებად კალჩოს ორი ვეტერანი ანდრეა პირლო და ფაბრიციო მიკოლი უნდა მივიჩნიოთ. საკითხავია, იქნებოდა თუ არა სასტარტო შემადგენლობაში პირლო, "მილანში’ რომ დარჩენილიყო, "იუვეში" კი როგორც უკვე აღვნიშნეთ, საოცარი შეხვედრა ჩაატარა და გუნდის ლიდერად მოგვევლინა. ჩვეული პასები არიგა და "იუვენტუსის" გამარჯვებაში" ლომის წილი დაიდო.
რაც შეეხება მიკოლის, მან ორი გოლი გაუტანა "ინტერს" და ასევე კოლოსალური წვლილი შეიტანა მისი გუნდის გამარჯვებაში. სეზონის წინ, "პალერმო" ხავიერ პასტორეს და სალვატორე სირიგუს შეელია, თუმცა როგორც გამოჩნდა, სიცილიელებს მთავარი ფიგურა ჯერ კიდევ გუნდში ჰყავთ - მიკოლიმ "ინტერი" ბეჭებზე დადო და ვნახოთ, რა იქნება მომავალში.
ტურის მოულოდნელობა
ტურის მოულოდნელობა უდავოდ "პალერმოს" "ინტერზე" გამარჯვებაა - არა იმიტომ, რომ სიცილიელელთაგან მილანური გრანდის დამარცხება წარმოუდგენელია, უბრალოდ, ამ "პალერმოს", რომელმაც წამყვანი ფეხბურთელი, ხავიერ პასტორე გაუშვა და არც არავინ დაუმატებია, თითქოს ასე ფეერიულად ვერ უნდა ჩაეტარებინა პაექრიბა ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტთან.
ამასთან, სიცილიელებმა დიდად ვერც საკონტროლო შეხვედრებში ივარგეს და გაჩნდა ვარაუდი, რომ "პალერმოს" ამ ჩემპიონატში ათეულში მოხვედრაც კი გაუჭირდება. პრინციპში, ეს ეჭვი შეიძლება გამართლდეს კიდეც, მაგრამ ჩემპიონატის პირველმა ტურმა , უფრო სწორად მეორე ტურმა სხვა სურათი გვიჩვენა...
ტურის ტანდემი
ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ მეორე ტურში საუკეთესო შემტევი ტანდემი "ლაციოს" ჰყავდა. რომაული გუნდი "სან სიროზე’ ჩავიდა და ფავორიტად შერაცხულ მეტოქეს ქულა აართვა. ის, რომ "მილანმა" სამი ქულით არ დაიწყო ჩემპიონატი, დიდწილად მიროსლავ კლოზესა და ჯიბრილ სისეს დამსახურებაა, რომლებმაც თითო გოლი გაუტანეს მეტოქეს და კიდევ ერთხელ დაგვანახვეს, რომ უმაღლესი კლასის ფორვარდები არიან.
ყველაფერს დრო გვიჩვენებს, მაგრამ "ბიანკოჩელესტეს" გულშემტკივრებს ოპტიმიზმის საფუძველი ნამდვილად აქვთ - მათი საყვარელი გუნდი შესანიშნავ ფეხბურთს თამაშობს, ევროპის ლიგის გათამაშებაშიც წარმატებით ასპარეზობს და სერია ა-შიც კარგი სტარტი გამოუვიდა.
ტურის მოვლენა
ტურის მოვლენა ტურინში მოხდა, სადაც "იუვენტუსმა" ახალი ერა ახალ მწვრთნელსა და ახალ სტადიონთან ერთად დაიწყო.
მწვრთნელი იქით იყოს და ახალი არენა მართლაც შთამბეჭდავად გამოიყურება - ძნელია იმის გახსენება, ბოლოს როდის ესწრებოდა "ბიანკონერის" საშინაო შეხვედრას 25 000-ზე მეტი გულშემატკივარი, "პარმასთან" პაექრობისას კი ტრიბუნებზე 40 000-ზე მეტი ტიფოზი შეიკრიბა. სხვაგვარად არც შეიძლებოდა ყოფილიყო, სეზონის სტარტი, ახალი არენის პრეზენტაცია და სრულიად ახალი გუნდი, რომელმაც პირველ ოფიციალურ შეხვედრაში მართლაც ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა. ნამატჩევს, ანტონიო კონტე ბედნიერი გახლდათ:
"შეგირდების ასპარეზობით ბოლომდე კმაყოფილი ვარ, ჩემი ყველა დავალება პირნათლად შეასრულეს და შედეგიც სახეზეა. ყველაზე მეტად კი ის მაიმედებს, რომ ჯერ კიდევ შირს ვართ ოპტიმალური ფორმისგან და მოვა დრო, გაცილებით უკეთ ვიასპარეზებთ.
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივრებს, რომლებმაც გულმხურვალედ გვიქომაგეს და სეზონის პირველი გამარჯვების მოპოვებაში დიდი წვლილი შეიტანეს. ფანტასტიკურია ახალი სტადიონი, რომელიც დარწმუნებული ვარ, დიდი წარმატებების მოწმე შეიქმნება. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, თუმცა ისიც ნათელია, რომ სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია".
ტურის იმედგაცრუება
რამდენადაც კარგად გამოიყურება სეზონის სტარტზე "ლაციო", იმდენად ცუდ შთაბეჭდილებას ტოვებს მეორე რომაული გუნდი.
ლუის ენრიკე განაგრძობს ახალი "ბარსელონას" "შენებას", მაგრამ ფაქტია, რომ ჯერჯერობით ვერც ალესანდრო როზია ხავის დონის შუახაზელი, ვერც სიმონე პეროტა ცვლის ინიესტას და ოსვალდოსაც ბევრი უკლია დავიდ ვილამდე - რაც შეეხება ბოიან კრკიჩს, ის "ბარსას" სათადარიგო ფეხბურთელი იყო და დღესაც მხოლოდ ამ დონეს თუ დააკმაყოფილებს.
მოკლედ, ენრიკეს "რომა" ჯერჯერობით გუნდი არ არის და ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს - დედაქალაქელებმა ბევრი უხეირო შეტევა განახორციელეს "კალიარის" კართან, დამარცხდნენ და "ოლიმპიკოს" ტრიბუნებზე შეკრებილი ერთგული გულშემატკივრები კიდევ ერთხელ დაამწუხრეს.
ტურის ფრაზა
ენრიკო პრეციოზი (ჯენოას პრეზიდენტი): "უკვე ვუთხარი მალეზანის იმის შესახებ, რომ მომავალში აღარ მსურს იმის ხილვა, თუ როგორ თამაშობდა ჩემი გუნდი პირველ ტაიმში. დამარჩა შთაბეჭდილება, რომ ეზოს ფეხბურთს ვადევნებდი თვალს".
ციფრები და ფაქტები
ოთხ მწვრთნელს ჰქონდა დებიუტი სერია ა-ში: ლუის ენრიკე (რომა), ეუსებიო დი ფრანჩესკო (ლეჩე), დევის მანჯა (პალერმო), ჯუზეპე სანინიო (სიენა);
* * *
"ინტერს" ჩემპიონატის სასტარტო შეხვედრა ბოლოს 2000 წელს ჰქონდა წაგებული, როდესაც მარჩელო ლიპის "ნერაძური" "რეჯინასთან" დამარცხდა;
* * *
"ინტერს" ერთ შეხვედრაში ოთხი გოლი 2004 წლის შემდეგ არ ჰქონდა გაშვებული;
* * *
დეიან სტანკოვიჩის მესამასე შეხვედრა სერია ა-ში მის 33-ე დავადების დღეს დაემთხვა;
* * *
"ლაციოს’ "მილანთან" 1998 წლის შემდეგ არ მოუგია სერია ა-ში;
* * *
"იუვენტუსმა" "პარმასთან" სამმატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა;
* * *
"პარმამ" პირველად წააგო სასტარტო შეხვედრა სერია ა-სა და სერია ბ-ში 1992 წლის შემდეგ;
* * *
"კალიარიმ" პირველად დაამარცხა "რომა" გასვლით შეხვედრაში 1968 წლის შემდეგ;
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"