ბუფონმა გალიანის მადლობა გადაუხადა

AutoSharing Option
სერია ა-ში "იუვენტუსის" სტარტმა გულშემატკივრებთან ერთად ჯურნალისტებიც მოხიბლეს.

სწორედ ამად არის, რომ სპორტულ პრესაში ტურინული გრანდის ფეერიულ სტარტზე ძალიან ბევრი იწერება. ვრცელდება კომენტარებიც, განსაკუთრებით კი თვითიონ ფეხბურთელები აქტიურობენ, რომლებიც "პარმას" განადგურებამ შესანიშნავ ხასიათზე დააყენა.

მაგალითად, ბევრისმნახველი ჯანლუიჯი ბუფონი ემოციებს ვერ მალავს და "გაძეტა დელო სპორტის" ჟურნსალისტთან საუბარში ოპტიმისტურ განცხადებებს აკეთებს;

"ბედნიერი ვარ, რომ ახალ სტადიონზე სეზონი შესანიშნავი თამაშით გავხსენით და საჭირო სამი ქულა მოვიპოვეთ. მართალია, ეს მხოლოდ პირველი შეხვედრა იყო და ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის, მაგრამ ჩემპიონატის გამარჯვებით დაწყება
მომავალი წარმატებების საწინდარი გახდება.

დიდი ხანია "იუვენტუსში" ვთამაშობ და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი შეკრული და ერთსულოვანი გუნდი ჯერ არ გვყოლია. ცალკე სალაპარაკო თემაა შემადგენლობა, რომელიც გაცილებით უფრო ძლიერია, ვიდრე გასულ წლებში. მოკლედ, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მჯერა, რომ მიმდინარე სეზონში უმაღლესი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ".

ჯანლუიჯი ბუფონმა ანდრეა პირლოს შესახებ ცალკე ისაუბრა და "იუვეს" ახალწვეული ქებით ცაში აიყვანა: "როდესაც ანდრეამ მითხრა, რომ "იუვეში" გააგრძელებდა კარიერას, მაშინვე ღმერთს მადლობა შევწირე.

შემდეგ ადრიანო გალიანის შევხვდი სრულიად შემთხვევით და მადლობა გადავუხადე, რომ ჩემპიონატი ბევრად უფრო კონკურენტუნარიანი და დაბალანსებული გახადა. როდესაც პირლოს დონის ფეხბურთელს დაიმატებ და თანაც, სრულიად უსასყიდლოდ, შეგიძლია თამამად თქვა, რომ საუკუნის ტრანსფერი გაჩარხე. მადლობა კლუბის მესვეურებს იმისთვის, რომ სატრანსფერო ბაზარზე იაქტიურეს და ძალიან ძლიერ შემადგენლობას მოუყარეს თავი".

ჩვეულ სტიქიაშია ლუჩანო მოჯი, რომელიც მუდმივად აკეთებს კომენტარებს "იუვენტუსის" ასპარეზობის შესახებ. ამჯერად, ლუჩანომ თითქოს შეაქო "იუვე" და ცუდი არაფერი უთქვამს, მაგრამ თუ კარგად დააკვირდებით, მის სიტყვებში მავანთა გაღიზიანების მცდელობა მაინც იკითხება - მოვუსმინოთ მოჯის: "ყოველთვის ვამბობდი, რომ "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე უნდა ყოფილიყო, რომელიც თავისი საქმის უბადლო მცოდნეა.

"იუვეს" უკვე ეტყობა მისი ხელი, რაც "პარმასთან" შეხვედრაში ნათლად გამოჩნდა. ჩემი პირადი აზრით, თუ "ბიანკონერიმ" შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინა, გუნდი მეოთხე-მეხუთე ადგილს უთუოდ დაიკავებს. გასული სეზონის შედეგის გათვალისწინებით, ეს უდავოდ წარმატება იქნება".

მოკლედ, მოჯიმ აქო და ადიდა კონტე, მაგრამ იქვე ისეთი რამ თქვა, არც კლუბის მესვეურებს მოეწონებოდათ, არც ფეხბურთელებს, არც თავად კონტეს და არც გულშემატკივრებს. მართალია, იგივე ანიელები პრესასთან ყოველთვის ფრთხილ კომენტარებს აკეთებენ, მაგრამ მეოთხე-მეხუთე ადგილი რომ მათი საოცნებო შედეგი არ არის, ეს ცხადზე ცხადია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული