დიეგოს "იუვენტუსიდან" "ვოლფსბურგში" გადასვლის ამბავი თითქოს უკვე გადაწყვეტილად მოსჩანდა, მაგრამ ეს ტრანსფერი ჩიხში შევიდა. ბრაზილიელი ნახევარმცველი, რომელმაც ტურინელთა შემადგენლობაში მხოლოდ ერთი სეზონი ჩაატარა და არცთუ წარმატებულად, გუნდიდან წასვლის ერთ-ერთი უმთავრესი კანდიდატი იყო და გერმანული კლუბი მის შესაძენად დღემდე მზადაა, მაგრამ როგორც ირკვევა, დიეგოს გაშვების წინააღმდეგია "იუვენტუსის" ახალი მთავარი მწვრთნელი ლუიჯი დელ ნერი. ამ უკანასკნელს ბრაზილიელი საკონტროლო მატჩებში მოეწონა და მისი დატოვება გადაწყვიტა.
არადა, დიეგოს "ვოლფსბურგთან" პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეთანხმებული აქვს, "ბებერი ქალბატონის" ხელმძღვანელობას კი მისი გაყიდვიდან მიღებული თანხით იმავე
"ვოლფსბურგიდან" ედინ ჯეკოს შეძენა სურს. "იუვენტუსი" ამ გარიგებაში დიეგოს ჩართვასაც გეგმავდა, მაგრამ როგორც ხედავთ, დელ ნერის პოზიციამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა.
დღეისათვის, გამორიცხული არც დიეგოს წასვლაა და არც – დარჩენა. ყველაფერს ნათელი უახლოეს დღეებში მოეფინება.