ჯილარდინოს ახალი კონტრაქტი

AutoSharing Option
"გაძეტა დელო სპორტის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უახლოეს დღეებში "ფიორენტინას" მესვეურები ალბერტო ჯილარდინოსთან ახალ ხელშეკრულებას გააფორმებენ, რომელიც სამ წელზე იქნება გათვლილი და ამით ყველანაირ სპეკულაციას მოეღება ბოლო, რომელიც მის სხვა გუნდში შესაძლო გადაბარგებასთან არის დაკავშირებული.

ერთი ხანობა, "ფიორენტინას’ მესვეურებსა და ფეხბურთელს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, ჯილას მომავალი კი "ჯენოას" დაუკავშირეს, თუმცა ბოლო ცნობებით, მხარეები კომპრომისზე წავიდნენ და ყველაფერი მოგვარდა. ამასთან დაკავშირებით კომენტარი "ვიოლას" სპორტულმა დირექტორმა პანტელეო
კორვინომ გააკეთა:

"ჯილარდინო გუნდის ერთ-ერთი ლიდერია და მასთან განშორება აზრადაც არ მოგვსვლია. იყო გარკვეული
სირთულეები მოლაპარაკებების დროს, მაგრამ ყველაფერი მოგვარდა და უახლოეს დღეებში, ხელშეკრულებას გავაფორმებთ.

დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს ასეც მოხდებოდა, რადგან შეთანხმების მიღწევით ორივე მხარე დაინტერესებული იყო. ალბერტო სიმბოლოა ჩვენი გუნდის და მართალია ჯერ ადრეა ამაზე საუბარი, მაგრამ კარიერა სწორედ "ვიოლაში" უნდა დაასრულოს".

თავად ჯილარდინომაც კმაყოფილება გამოთქვა მიღწეული შეთანხმებით და დასძინა, "ფიორენტინადან" აბარგება ჩემს ინტერესებში არ შედისო. ჯერჯერობით არ ხმაურდება ხელშეკრულების ფინანსური დეტალები, მაგრამ ალბათ ფლორენციული გუნდის გულშემატკივრებისთვის ეს ნაკლებად საინტერესოა.

აქვე დავძინოთ, რომ ჯილას გადაბირება ამ ზაფხულს ‘ჯენოას" პრეზიდენტმა დაისახა მიზნად და როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, ფლორენციელ კოლეგასთან შეთანხმებასაც მიაღწია - შეთანხმების თანახმად, ალბერტომ იანვარში "ჯენოას" უნდა მიაშუროს, თუმცა როგირც გამოჩნდა, რეალობა სხვაგვარი ყოფილა. ძნელი სათქმელია, რაში დასჭირდა ენრიკო პრეციოზის ცრუ ინფორმაციის გავრცელება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული