მილანელები მძიმე უიქენდის მოლოდინში

AutoSharing Option
დღეს:
კალიარი-ნოვარა 20.00
ტრავმა: ერიკსენი - მეჯორინი.

ინტერი-რომა 22.45
დისკვალიფიკაცია: ანხელი (რომა).
ტრავმა: ვივიანო, მაიკონი, ტიაგო მოტა, კივუ, პოლი - სისინიო, გრეკო, ჟუანი.

ხვალ:
ატალანტა-პალერმო 14.30
ტრავმა: ჩიგარინი, ფერი, ფერეირა პინტო, მინოტი - დი მატეო, ბუდანი, რუბინიო, სიმონი.

ბოლონია-ლეჩე 17.00
ტრავმა: რიკლერი, ჩერუბინი - ოლივერა, კაროციერი.

კატანია-ჩეზენა 17.00
დისკვალიფიკაცია: ბენალოუანე (ჩეზენა).
ტრავმა: ლეგროტალიე, ისკო, ლიამა - რენელა, ანტონიოლი.

ლაციო-ჯენოა 17.00
დისკვალიფიკაცია: ბირსა (ჯენოა).
ტრავმა: კანა, რადუ, მაური - მერკელი, ედუარდო, სკარპი.

პარმა-კიევო 17.00
დისკვალიფიკაცია: სარდო (პარმა).
ტრავმა: დანიელ პერეირა - აჩერბი.

სიენა-იუვენტუსი 17.00
დისკვალიფიკაცია: დე ჩელიე (იუვენტუსი).
ტრავმა:
ანჯელა, რეჯინალდო - იაკვინტა.

უდინეზე-ფიორენტინა 17.00
ტრავმა: კოდა, ფერონეტი, ფლორო ფლორესი - კროლდრუპი, გულანი.

ნაპოლი-მილანი 22.45
ტრავმა: ბრიტოსი, დონადელი, ლავეცი - ფლამინი, რობინიო, მექსე, გატუზო, იბრაჰიმოვიჩი, ამბროზინი, ბოატენგი, ინძაგი.

სერია A-ს მიმდინარე გათამაშების მესამე ტურში ორი გამოირჩეული შეხვედრა გაიმართება. დღეს, ჯუზეპე მეაცას სახელობის სტადიონზე "ინტერი" "რომას" მიიღებს და შეეცდება დამტკიცოს, რომ "ტრაბზონსფორთან" განცდილი მარცხი შემთხვევითობა იყო.

განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ეს შეხვედრა ჯანპიერო გასპერინისთვის არის, რომელსაც უკვე შეუდგა წყალი და პრესაში გავრცელებული ცნობების თანახმად, მასიმო მორატი გამალებით ეძებს მის შემცვლელს. დასახელდა სავარაუდო კანდიდატებიც, რომელთაგან ერთ-ერთი ფაბიო კაპელო გახლავთ. მართალია, ინგლისის ნაკრების თავკაცმა მოვლენათა ასეთი განვითარება გამორიცხა, მაგრამ იგივე "გაძეტა დელო სპორტი" თავისას არ იშლის და ამტკიცებს, რომ ფაბიოს "ნერაძურის" სათავეში ხილვა სავსებით რეალურია. ლაპარაკია იმაზე, რომ კაპელომ "ინტერის" გაწვრთნა ინგლისის ნაკრებში მუშაობას შეუთავსოს.

კაპელო იქით იყოს და გასპერინი ჯერ კიდევ პოსტზეა და ცდილობს გამოასწოროს არსებული ვითარება. ვითარება კი მეტად მძიმეა, სეზონის სტარტზე "ინტერმა" სამი მნიშვნელოვანი შეხვედრა წააგო: ჯერ იტალიის სუპერთასი დათმო "მილანთან" პაექრობაში, შემდეგ სერია A-ს მეორე ტურში "პალერმოსთან" დამარცხდა, ბოლოს კი ჩემპიონთა ლიგაშიც შერცხვა და "ტრაბზონსფორს" თურქეთში სამი ქულა გაატანა. საინტერესოა, როგორ "ინტერს" ვიხილავთ "რომასთან" პაექრობაში? - ამაზე ქვემოთ ვისაუბროთ...

როგორც იტალიელი ჟურნალისტები ვარაუდობენ, გასპერინი შეცვლის ტაქტიკურ მონახაზს და გუნდს 4-3-1-2-ზე გადაიყვანს. აქამდე, "ინტერი" სამი ნომინალური მცველით თამაშობდა, ანუ იმ სქემით, რომელსაც გასპერინი "ჯენოაში" მუშაობისას იყენებდა. ბევრის აზრით, "ნერაძურის" წარუმატებელი ასპარეზობის მთავარი მიზეზით სწორედ ახალი ტაქტიკაა, რომელსაც სენიორ ჯანპიერო სავარაუდოდ სწორედ "რომასთან" პაექრობაში შეცვლის. შეტევის წინა ხაზზე ორი დიეგოს, მილიტოსა და ფორლანის ტანდემს ვიხილავთ, რომლებსაც უკნიდან ვესლი სნეიდერი დაეხმარება. შუა ხაზს ხავიერ ძანეტი, ესტებან კამბიასო და დეიან სტანკოვიჩი გაამაგრებენ, მათ უკან კი დაცვის შემდეგი ოთხეული გაირჯება: ჯონათანი, ლუსიო, სამუელი და ნაგატომო.

ანუ, "რომასთან" პაექრობაში ძველი ფორმაციით მოასპარეზე "ინტერს" ვიხილავთ და ვნახოთ, გამართლდება თუ არა გასპერინის არჩევანი. თუმცა, ეგეც საკითხავია, მწვრთნელი ცვლის თუ არა ტაქტიკას - იტალიაში დარწმუნებულნი არიან, რომ 3-4-3-დან 4-3-1-2-ზე გადასვლა მასიმო მორატის გადაწყვეტილება გახლავთ.

დაახლოებით ანალოგიური მდგომარეობაა რომაელთა ბანაკშიც - ახალი მწვრთნელი, ახალი გუნდი და წარუმატებელი სტარტი როგორც შიდა, ასევე ევროპულ ფრონტზე. უფრო სწორად, ევროპული ასპარეზი "რომამ" უკვე დაასრულა და მთლიანად ეროვნულ ჩემპიონატზე გადაერთო. მიუხედავად ამისა, ლუის ენრიკეს შეგირდებმა ვერც სერია A-ს მეორე ტურში ივარგეს და საკუთარ მოედანზე "კალიარისთან" დამარცხდნენ.

თუ "გაძეტა დელო სპორტს" დავუჯერებთ, მილანურ გრანდს რომაელები 4-3-3 ტაქტიკით დაუპირისპირდებიან, შეტევაში კი ფრანჩესკო ტოტის, მარკო ბორიელოსა და ბოიან კრკიჩის ტრიოს ვიხილავთ. ლუის ენრიკეს თქმით, მისი გუნდი აუცილებლად შემტევ ფეხბურთს ითამაშებს:

"გუნდის გარშემო გაუსაძლისი ატმოსფეროა შექმნილი, რადგან ვისაც არ ეზარება, ყველა ჩვენი კრიტიკით არის დაკავებული. მთავარია, ამ წნეხს გავუძლოთ და მხოლოდ კონკრეტულ შეხვედრაში ქულათა მაქსიმუმის მოპოვებაზე მოვახდინოთ კონცენტრირება. დიახ, მილანში გამარჯვებისთვის მივდივართ და ყველაფერს ვიღონებთ, რომ მიზანს მივაღწიოთ. სტრატეგია უცვლელია, "რომა" აუცილებლად შეუტევს, დანარჩენი კი უშუალოდ მოედანზე გამოჩნდება".

არანაკლებ საინტერესო პაექრობა გაიმართება "სან პაოლოზე", სადაც ერთმანეთის პირისპირ სკუდეტოსთვის მებრძოლი ორი გუნდი, "ნაპოლი" და "მილანი" წარსდგებიან. დიახ, ნეაპოლელები აღარ მალავენ, რომ მათი მიზანი გაჩემპიონებაა და ამ მიზნის მისაღწევად გზად ნებისმიერი მეტოქის დამარცხება აქვთ განზრახული. ვნახოთ, რა გამოვა ამ საქმისგან, მაგრამ ფაქტია, რომ მუდამ ფრთხილი ვალტერ მაძარიც კი ხმაურიან განცხადებებს აკეთებს:

"მოქმედ ჩემპიონთან ძალიან საინტერესო მატჩი გაიმართება, რომელშიც სამი ქულის მოსაპოვებლად ვიბრძოლებთ. მართალია, "მილანი" საკმაოდ კარგ ფორმაშია, რაც "ბარსელონასთან" შერხვედრაშიც დამტკიცდა, მაგრამ არც ჩვენ ვართ ჯაბანნი. ვეცდებით პირველი ნომრიდან ვითამაშოთ და მეტოქე საკუთარ ნახევარზე მივაჯაჭვოთ. თუ სკუდეტოსთვის ბრძოლა გვსურს, სწორედ "მილანის" დარ გუნდებთან უნდა დავამტკიცოთ, რომ პირველობის ღირსნი ვართ".

"ნაპოლის" ესეკილ ლავეცის გარეშე მოუწევს ასპარეზობა, რომელსაც ტრავმა აქვს - შესაბამისად, შეტევის ტრიუმვირატი გორან პანდევის, მარეკ ჰამშიკის და ედინსონ კავანისგან დაკომპლექტდება.

დანაკარგების მხრივ, გაცილებით რთულ მდგომარეობაში მასიმილიანო ალეგრია, რომელსაც ერთბაშად რვა ფეხბურთელის გარეშე მოუწევს ფონს გასვლა. ასეთი დანაკლისი სეზონის სტარტზე ერთობ უჩვეულო ამბავია, თუმცა ალეგრი თავს იმხნევებს და შეგირდებსაც ბრძოლისკენ მოუწოდებს:

"ტრავმები არც გასულ სეზონში გვაკლდა, მაგრამ გადავლახეთ პრობლემები და ჩემპიონები გავხდით. მოედანზე ის ფეხბურთელები გავლენ, რომლებიც ჯანმრთელად არიან და იმედი მაქვს, მათზე დაკისრებულ მოალეობებს თავს კარგად გაართმევენ. სიმართლე გითხრათ, კმაყოფილი ვარ იმით, რომ ნეაპლში გასვლითი თამაში ჩემპიონატის სტარტზე გვიწევს - ფეხის დაცდენის შემთხვევაში, მდგომარეობის გამოასასწორებლად საკმარისი ბდრო გვექნება. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომMთავს ვიზღვევ და გამარჯვების იმედი არ მაქვს - პირიქით, მჯერა, რომ “სან პაოლოზე” სამი ქულა სწორედ ჩვენ დაგვრჩება”.

“გაძეტა დელო სპორტის” ვარაუდით, ალეგრი შეტევის წინა ხაზზე ანტონიო კასანოსა და ალეშანდრე პატოს ტანდემს გაამწესებს, უკნიდან კი ფორვარდებს ანტონიო ნოჩერინო, ალბერტო აკვილანი, მარკ ვან ბომელი და კლარენს ზეედორფი დაეხმარებიან. წესით დიდი ბრძოლა უნდა გაჩაღდეს და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული