როგორი იქნება ახალი იტალია?

AutoSharing Option

იტალიის ნაკრების აფრიკული თავგადასავალი კრახით დასრულდა. "სკუადრა აძურამ" მუნდიალი გამარჯვების გარეშე დატოვა, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა აპენინური ნაკრების ისტორიაში. მარჩელო ლიპის კონტრაქტი 11 ივლისს შეწყდება, თუმცა დრო აღარ ითმენს და რაც შეიძლება მალე უნდა მოვხაზოთ ახალი "აძურას" კონტურებიო, - წერს დღევანდელ ნომერში "გაძეტა დელო სპორტი". პოპულარული გამოცემა მოუწოდებს საფეხბურთო ჩინებს, აღიარონ იტალიური ფეხბურთის კრიზისული მდგომარეობა და სიტუაციისდა მიხედვით იმოქმედონ.

ლიპის მემკვიდრე ჩეზარე პრანდელის ოფიციალურად ჯერ არ დაუწყია საქმიანობა, თუმც ეჭვგარეშეა, რომ ახალ მწვრთნელს უკვე აქვს გარკვეული მონახაზი, თუნდაც ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით.
ვინ წავა ნაკრებიდან და ვინ დარჩება, ამას თავად ფეხბურთელები ალბათ ინდივიდუალურად გადაწყვეტენ, მაგრამ ბევრი რამ გაირკვევა მწვრთნელის გადაწყვეტილებიდან - ვის გამოიძახებს პრანდელი მუნდიალისშემდგომ უახლოეს ამხანაგურ მატჩში, რომელიც აგვისტოში გაიმართება.

"გაძეტა დელო სპორტი" შეეცადა, მკითხველისთვის მიეწოდებინა მომავალი "სკუადრა აძურას" კონტურები ამპლუების მიხედვით. დავიწყოთ მეკარეებით. ერთი შეხედვით, ჯანლუიჯი ბუფონი ამ რგოლში ჯერაც უკონკურეციოა, მაგრამ ფაქტია, რომ აფრიკულ მუნდიალზე ის ვერ დაეხმარა ნაკრებს ზურგის ტკივილის გამო. ახლო მომავალში ბუფონი ოპერაციას გაიკეთებს და გამოჩნდება, დარჩება თუ არა ეროვნული ნაკრების მთავარ მეკარედ, ან სულაც - დარჩება თუ არა ფეხბურთში. ყოველ შემთხვევაში, მისი ჩამოწერა ჯერჯერობით ნაადრევია.

ბუფონის არყოფნაში ლიპიმ კარი ფედერიკო მარკეტის ანდო, და არა - გაცილებით გამოცდილ მორგან დე სანკტისს. ეს შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ დე სანკტისი ვეღარც პრანდელის სიაში მოხვდეს. ვერავინ იტყვის, რომ მარკეტიმ მუნდიალზე გაიბრწყინა, რაც არ უნდა იყოს, 2 სრულ მატჩში (პარაგვაისთან მხოლოდ ერთი ტაიმი ითამაშა) 4 გოლი გაუშვა, თუმცა იმასაც ვერავინ იტყვის, რომ მარკეტიმ უპატიებელი შეცდომები დაუშვა. ის ალბათ დარჩება ახალი "სკუადრას" მეკარედ, ასევე სალვატორე სირიგუც, რომელსაც სამუნდიალო შემადგენლობაში მოხვედრის შანსი ჰქონდა.

გადავინაცვლოთ დაცვის რგოლში. ჯანლუკა ძამბროტამ განაცხადა, რომ არ აპირებს ნაკრებთან გამოთხოვებას, თუმც ის შეიძლება პრანდელისეული ტრანსფორმაციის მსხვერპლი გახდეს. მის ადგილზე გაცილებით ახალგაზრდები - მატია კასანი და კრისტიან მაჯო მოიაზრებიან. განაპირა მცველებიან პრანდელის მხედველობაში ეყოლება მარკო მოტაც და დავიდე სანტონიც, რომელსაც ცოტა ხნის წინ დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა ბოლო ხანს მოუკლო და ლიპიმ მსოფლიოს ჩემპიონატზე არ წაიყვანა.

დაცვის ცენტრს რაც შეეხება, ლეგენდად ქცეული ფაბიო კანავარო მიდის, შესაბამისად, ამ უბანზე შესაძლო წყვილად ლეონარდო ბონუჩი და ჯორჯო კიელინი მოიაზრებიან. ახალი სახე შეიძლება იყოს ანდრეა რანოკია. უცნობია სალვატორე ბოკეტის ბედი, ალბათ დაბრუნდება ალესანდრო გამბერინი... შესაძლოა, გაიხსენონ ფაბიანო სანტაკროჩე, ბრაზილიაში დაბადებული, იტალიური პასპორტის მქონე მცველი, რომელსაც იტალიის ახალგაზრდულ ნაკრებში 6 მატჩი აქვს ჩატარებული. "აძურას" დღევანდელობად და მომავლად მიიჩნევა დომენიკო კრიშიტო, ასევე ანდრეა დე ჩელიე და ლუკა ანტონინი, რომელმაც გასულ სეზონში "მილანის" ძირითადში დაიმკვიდრა ადგილი.

ნახევარდაცვა. ჯენარო გატუზო ტოვებს "სკუადრა აძურას", ეს მისი სიტყვებია. სავარაუდოდ, პრანდელის სიაში ვერ მოხვდება მაურო კამორანეზი. მთავარი საკითხია ანდრეა პირლოს მომავალი. ის 31 წლისაა. თუ გავითვალისწინებთ, "სკუადრა აძურას" უახლოესი მიზანი რეაბილიტაციაა და ეს ევრო 2012-ზე უნდა მოხდეს, პირლო უთუოდ დასჭირდება პრანდელისაც. მისი ტრავმა ლიპის ძალზე ძვირად დაუჯდა... თუმცა ბევრი რამ თავად ფეხბურთელზე იქნება დამოკიდებული. ერთი მხრივ, მას აქვს შანსი, გახდეს რეფორმირებული ნაკრების ლიდერი და ახალი კაპიტანიც.

ამავე დროს, სპეციალისტებს ნახევარდაცვის ახალი სტრუქტურა ასე ესახებათ: დანიელე დე როსი-რიკარდო მონტოლივო-კლაუდიო მარკიზიო. მხედველობაში იქნებიან სიმონე პეპე, რომელიც "იუვენტუსში" გადავიდა და შეიძლება კიდევ უფრო "გაიზარდოს", და ანჯელო პალომბო. დავუმატოთ ამათ ანტონიო კანდრევა, დანიელე გალოპა, ანდრეა დ'აგოსტინო, ალბერტო აკვილანი...

დაბოლოს თავდასხმა. ანტონიო დი ნატალემ შეიძლება აქ დაასრულოს თავისი სანაკრებო კარიერა. ფაბიო კვალიარელა წესით უნდა მოხვდეს პრანდელის გუნდში, ისევე, როგორც ჯანპაოლო პაცინი, რომელსაც მუნდიალზე თავის გამოჩენის მცირე შანსი მისცეს, ასევე ალბერტო ჯილარდინო, პრანდელის ერთ-ერთი საყვარელი შეგირდი, და ვინჩენცო იაკუინტაც. ამას გარდა, თავიდანვე რომ მოიგოს ტიფოზების გული, ახალმა მწვრთნელმა შეიძლება შანსი მისცეს ანტონიო კასანოსაც. საინტერესო იქნება პრანდელის დამოკიდებულება ჭირვეული მარიო ბალოტელის მიმართ. თვალთახედვის არეში იქნებიან ფაბრიციო მიკოლი, ჯუზეპე როსი და ალესანდრო მატრიც...

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული