ალეგრი: დროა მოვიგოთ!

AutoSharing Option
სერია A-ს მიმდინარე გათამაშების მეოთხე ტურში გამოკვეთილ ცენტრალურ პაექრობას ვერ ვიხილავთ, მაგრამ იტალიური ფეხბურთის მოყვარულებისთვის თითოეული პაექრობა საინტერესო უნდა იყოს.

ავიღოთ ნებისმიერი მატჩი, თუნდაც "ჩეზენა"-"ლაციო" - საინტერესოა, მოახდენს თუ არა რომაული გუნდი რეაბილიტაციას "ჯენოასთან" განცდილი მარცხის შემდეგ? - თუ, კიდევ ერთხელ წაიფორხილებს და დაგვარწმუნებს, რომ უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლა "ბიანკოჩელესტესთვის" ჯერ კიდევ ადრეა. ან თუნდაც "კიევო"-""ნაპოლი", მატჩი, სადაც ნეაპოლელებმა კიდევ ერთხელ უნდა დაამტკიცონ საჩემპიონო ამბიციები.

აუცილებლად დაცხება სიცილიაში, სადაც "პალერმო" "კალიარის" მიიღებს - "ინტერთან" გამარჯვების შემდეგ, მანჯას შეგირდები "ატალანტასთან" დამარცხდნენ და
შეეცდებიან, რომ საკუთარი გულშემატკივრების გულები კიდევ ერთხელ მოიგონ; მაგრამ, იოლად არც "კალიარი" აპირებს რაიმეს დათმობას, ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, სარდინიელებმა პირველ ორ ტურში ექვსი ქულა აიღეს და რიგით მესამე, ოფიციალურად კი მეოთხე ტურს ამბიციამოძალებულები ხვდებიან...

ძალიან საინტერესო შეხვედრა გაიმართება "სან სიროზე", "მილანი" "უდინეზეს" უმასპინძლებს და ამ მატჩის შესახებ ქვემოთ უფრო ვრცლად ვისაუბრებთ...

"ნაპოლისთან" განცდილი მარცხის შემდეგ, მასიმილიანო ალეგრის კრიტიკის მოსმენა მოუხდა, რაც მისთვის არც თუ ხშირი ამბავია.

შეგახსენებთ, რომ თავის დროზე სულ ხოტბასა და ქებაში აქვს გატარებული წლები "კალიარის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე, "მილანში" კი პირველივე წელს სკუდეტო მოიპოვა და ბუნებრივია, მასზე ძვირი არავის დასცდენია. და აი, სამხრეთში განცდილი მწარე მარცხი და კრიტიკა, რომელიც შესაძლოა აკლდა კიდეც "როსონერის" თავკაცს...

კონკრეტულად რისთვის გააკრიტიკეს ალეგრი, ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს, რადგან იტალიურ მასმედიაში თითოელი შეხვედრის ყველა ეპიზოდი სულ დეტალებში ირჩევა და წვრილმანი შეცდომებიც კი კრიტიკის საბაბი ხდება, რისთვისაც ჩვენ დღეს ნამდვილად ვერ მოვიცლით. ამიტომ, პირდაპირ ალეგრის გადავცეთ სიტყვა, რომელიც "უდინეზეს" წინააღმდეგ შეგირდებს მაქსიმალური მობილიზებისკენ მოუწოდებს:

"ნეაპოლური შეხვედრა უნდა დავივიწყოთ და "უდინეზესთან" მოახლოვებულ შეხვედრაზე გადავერთოთ. ფრიულელები შესანიშნავ ფორმაში არიან, რაც განვლილ ორ ტურში კარგად გამოჩნდა. ამიტომ, მაქსიმალური მობილიზება გვმართებს, რომ მიჯრით მეორე შეხვედრაში არ დავკარგოთ ქულები.

ტრავმირებული ფეხბურთელების რიცხვი მცირდება და ეს ძალიან კარგია, მაგრამ ზლატან იბრაჰიმოვიჩი ჯერ კიდევ ვერ შეძლებს თამაშს. თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, შვედი ჩემპიონთა ლიგის მომდევნო შეხვედრისთვის დაგვიბრუნდება. თუმცა, ლიგამდე მნიშვნელოვანი თამაშები გვაქვს ჩასატარებელი, მათ შორის უახლოესი "უდინეზესთან" - დროა მოვიგოთ".

სანამ იბრაჰიმოვიჩი დაბრუნდება, "მილანის" შემტევ ტანდემს ანტონიო კასანო და ალეშანდრე პატო ქმნიან. თუ "გაძეტა დელო სპორტს" დავუჯეებთ, ასე იქნება "უდინეზესთან" შეხვედრაშიც და ვნახოთ, რას გამორჩებიან იტალიის და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელები.

დიდი სამზადისი აქვთ უდინელებსაც, რადგან პირველ ორ ტურში ექვსი ქულა აიღეს და სურთ, არც "მილანთან" გაიფუჭონ შესანიშნავი სტატისტიკა. სტუმართათვის ფრე მისაღები შედეგი იქნება, რასაც თვით ანტონიო დი ნატალე გულახდილად აღიარებს: "როდესაც "მილანთან" თამაშობ და თანაც გასვლაზე, ძალების სრული მობილიზება გმართებს.

მოედანზე საბრძოლველად, სამი ქულის მოსაპოვებლად გავალთ, მაგრამ თუ შეხვედრა ფრედ დასრულდა, "სან სიროს" ნამდვილად კმაყოფილნი დავტოვებთ. ამაში გასაკვირი არაფერია და იმედია, ჩვენი გულშემატკივრები არ მიწყენენ. ისე კი, დარწმუნებული ვარ, რომ ტრიბუნებზე შეკრებილი ტიფოზები საინტერესო დაპირისპირებას იხილავენ".

"უდინეზეს" მთავარი მწვრთნელი ფრანჩესკო გვიდოლინი თავის სტიქიაშია და აცხადებს, რომ მისი გუნდის მიზანი ელიტარულ დივიზიონში ადგილის შენარჩუნებაა: "განვლილი ორი შეხვედრა მაღალ დონეზე ჩავატარეთ, რითაც ძალიან კმაყოფილი ვარ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცაში უნდა ვიფრინოთ და ილუზიური მიზნები დავისახოთ.

ჩვენი ამოცანა სერია A-ში ადგილის შენარჩუნებაა და თუ ყველაფერი გაცილებით უკეთ წავა, აი შემდეგ უკვე მოგვეცემა საშუალება, რომ მიზნებს გადავხედოთ. "მილანთან" ურთულესი მატჩი გველის, რადგან მოქმედი ჩემპიონი ორ შეხვედრაში ზედიზედ ქულებს იშვიათად კარგავს. ამიტომ, თავს ზემოთ უნდა ავხტეთ და მთელი 90 წუთის განმავლობაში თავდადებით გავისარჯოთ".

ტურინის "იუვენტუსი" საკუთარ მოედანზე "ბოლონიას" მიიღებს და შეეცდება, რომ მიჯრით მესამე გამარჯვება მოიპოვოს.

მიუხედავად იმისა, რომ წინა ტურში "ბიანკონერიმ" არც თუ დამაჯერებელი თამაში აჩვენა, ტურინში მაინც ეიფორიული განწყობა შეინიშნება - ხუმრობა საქმე ხომ არაა, "იუვე" ხანგრძლივი პაუზის შემდეგ კვლავ ლიდერთა შორის გაერია, თუნდაც ჩემპიონატის დაწყებიდან მხოლოდ ორი ტურის შემდეგ; ასეთმა ატმოსფერომ ანტონიო კონტე შეაშფოთა და შეგირდების გასაგონად პრესისთვის კომენტარი მყისიერად გააკეთა:

"პირველ ორ ტურში გამარჯვება ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ თვითკმაყოფილებას არ უნდა მივეცეთ. თუ მოვდუნდებით და ჩავთვლით, რომ ყველაფერი შეგვიძლია, აუცილებლად დავისჯებით. ამიტომ, "ბოლონიასთან" პაექრობას სრული მობილიზებით უნდა შევხვდეთ".

კონტე ტრადიციას არ უღალატებს და იტალიური ფეხბურთისთვის ერთობ უჩვეულო ტაქტიკას: 4-2-2-2-ს, იგივე 4-2-4-ს გამოიყენებს. შეტევის წინა ხაზზე სავარაუდოდ ალესანდრო დელ პიეროს და მირკო ვუჩინიჩს ვიხილავთ, ფლანგებიდან კი სიმონე პეპე და მილოშ კრასიჩი შეუტევენ. საყრდენ ნახევარმცველებად ანდრეა პირლო და არტურო ვიდალი გაირჯებიან, დაცვაში კი წესით შემდეგი ოთხეული უნდა ვიხილოთ: ლიხტშტაინერი, ბარცალი, კიელინი, დე ჩელიე.

"ბოლონიას" თავკაცი პიერპაოლო ბიზოლი ფრთხილ სტრატეგიას აირჩევს და შეგირდებს 3-5-1 ტაქტიკით განალაგებს - შეტევის წინა ხაზზე რა თქმა უნდა მარკო დი ვაიო ითამაშებს, რომელიც მიმდინარე სეზონშიც გუნდის მთავარი იმედია.

დი ვაიოს თქმით, თავს კიდევ უფრო უკეთ გრძნობს, ვიდრე თუნდაც ერთი წლის წინ და გოლებსაც უხვად გვპირდება. რაც შეეხება უშუალოდ "იუვენტუსთან" შეხვედრას, მარკოს დიდი იმედი აქვს, რომ ტურინელთა ახალ არენაზე სადებიუტო შეხვედრაშივე მოახერხებს თავის გამოჩენას. აქვე ვთქვათ, რომ ტურის უკანასკნელი შეხვედრა ხვალ გაიმართება, "ოლიმპიკოზე" ერთმანეთის პირისპირ სატურნირო ცხრილის მოულოდნელი მეზობლები: "რომა" და "სიენა" წარსდგებიან.

დღეს გასამართი შეხვედრები:
მილანი-უდინეზე 22.45
ტრავმა: ბოატენგი, რობინიო, გატუზო, იბრაჰიმოვიჩი, ამბროზინი, ფლამინი - ასამოა, კოდა, ფერონეტი, ფლორო ფლორესი, პასკუალე.
ჩეზენა-ლაციო 22.45
ტრავმა: რენელა, ანტონიოლი - რადუ, მაური, ბრავა.
კიევო-ნაპოლი 22.45
ტრავმა: აჩერბი, პელისიერი, ლუჩანო - ბრიტოსი, დონადელი.
ფიორენტინა-პარმა 22.45
დისკვალიფიკაცია: ჯოვინკო (პარმა).
ტრავმა: ლაძარი, კროლდრუპი, ჯილარდინო - ბრანდაო.
ჯენოა-კატანია 22.45
ტრავმა: ბოვო, მერკელი, ედუარდო, მესტო - ლიამა, ალმირონი, ლეგროტალიე, ისკო.
იუვენტუსი-ბოლონია 22.45
ტრავმა: იაკვინტა - ხიმენესი, რაჯი, ლორია, ჩერუბინი, ტაიდერი, კრუზი.
ლეჩე-ატალანტა 22.45
ტრავმა: კაროციერი - ლუკინი, პეტინარი.
პალერმო-კალიარი 22.45
ტრავმა: დი მიკელე, ჩეტო, ალვარესი - ერიკსენი, ლეგამენტი, რიენტრო, ელ ქაბირი.

ხვალ გასამართი შეხვედრები

რომა-სიენა 22.45:
ტრავმა: სისინიო, სტეკელენბურგი, ჟუანი - რეჯინალდო, ანჯელა.

სატურნირო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ
1. ნაპოლი 2 2 0 0 6-2 6
2. იუვენტუსი 2 2 0 0 5-1 6
3. უდინეზე 2 2 0 0 4-0 6
4. კალიარი 2 2 0 0 4-2 6
5. ჯენოა 2 1 1 0 4-3 4
6. კატანია 2 1 1 0 1-0 4
7. პალერმო 2 1 0 1 4-4 3
8. ფიორენტინა 2 1 0 1 2-2 3
9. ლეჩე 2 1 0 1 2-2 3
10. პარმა 2 1 0 1 3-5 3
11. კიევო 2 0 1 1 3-4 1
12. ლაციო 2 0 1 1 3-4 1
13. ნოვარა 2 0 1 1 3-4 1
14. ინტერი 2 0 1 1 3-4 1
15. რომა 2 0 1 1 1-2 1
16. სიენა 2 0 1 1 0-1 1
17. მილანი 2 0 1 1 3-5 1
18. ჩეზენა 2 0 0 2 1-4 0
19. ბოლონია 2 0 0 2 0-4 0
20. ატალანტა 2 1 1 0 3-2 -2

შენიშვნა: ატალანტა - 6 ქულა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული