"ინტერს" ახალი მწვრთნელი ჰყავს

AutoSharing Option
რომ არა გასულ სეზონში მოპოვებული სკუდეტო, მასიმილიანო ალეგრი უთუოდ ჯანპიერო გასპერინის ბედს გაიზიარებდა; დიახ, "ინტერის" არ იყოს, "მილანიც" წარუმატებლად ასპარეზობს სერია ა-ს მიმდინარე გათამაშების სტარტზე და სამი ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილის ფსკერზე იმყოფება. შეიძლება მე-14 ადგილი მაგალითად "სიენასთვის" არ იყოს ფსკერი, მაგრამ "მილანისთვის" სწორედაც რომ კატასტროფული შედეგია, რომელსაც გამოსწორება სჭირდება.

"მილანმა" საკუთარ მოედანზე "უდინეზეს" ვერ დააკლო ვერაფერი და მხოლოდ ქულას დასჯერდა, ნამატჩევს კი ალეგრიმ შემდეგი კომენტარი გააკეთა:

"მთლიანობაში, საკმაოდ კარგად ვითამაშეთ და როგორც მინიმუმ, ქულას ნამდვილად ვიმსახურებდით. შესაძლოა, ბევრს გაუკვირდეს
ჩემი სიტყვები, რადგან როდესაც "მილანი" საკუთარ მოედანზე ვერ იგებს, წესით მწვრთნელს კმაყოფილების საბაბი არ უნდა ჰქონდეს. ეს შესაძლოა ასეც არის, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ჩემი შეგირდები ნელნელა შედიან ფორმაში და სულ მალე, მცირე ჩავარდნასაც დავძლევთ".

არადა, თამაშის წინ, ალეგრი ჯიუტად გაიძახდა, დროა მოვიგოთ და სხვა რეზულტატი ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი იქნებაო. როგორც ჩანს, პირველ ტურებში სენიორ მასიმილიანოსთვის პრიორიტეტული მაინც თამაშის ხარისხია, რომელსაც დღევანდელ "მილანს" არც თუ სახარბიელო შედეგების მიუხედავად, მიწასთან ვერ გავუსწორებთ.

დიახ, გუნდი უტევს, საკმაოდ მრავალფეროვნად და მომენტებსაც უხვად ქმნის, მაგრამ შედეგი ჯერჯერობით არ ჩანს.

პატოს ერთი თვე
"უდინეზესთან" შეხვედრაში ალეშანდრე პატომ ტრავმა მიიღო და პირველივე ტაიმში შესაცვლელი შეიქმნა. როგორც ექიმების პოირველადმა გამოკვლევამ ცხადყო, ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელს მინიმუმ ერთი თვით მოუწევს უქმობა - ეს ცნობა თავად ფეხბურთელმაც დაადასტურა:

"ტრავმა შეიძლებოდა უფრო მძიმეც ყოფილიყო, ამიტომ, ვცდილობ არ ვინერვიულო და სარეაბილიტაიო კურსის გავლა დროულად დავიწყო. როგორც მითხრეს, ერთი თვით უნდა ვიუქმო, მე კი შევეცდები, რომ ყველა მითითება ზუსტად შევასრულო და მოედანს უფრო ადრე დავუბრუნდე".

"ინტერი" რანიერის ჩააბარეს
ალბათ ამ ამბით უნდა დაგვეწყო - "ინტერს" ხომ ახალი მთავარი მწვრთნელი კლაუდიო რანიერი ჰყავს; გუშინ, "ნერაძურის" მესვეურებმა ოფიციალურად დაადასტურეს, რომ ჯანპიერო გასპერინის სწორედ რანიერი ჩაენაცვლება და შეეცდება, რომ გუნდი კრიზისიდან უმოკლეს დროში ამოიყვანოს.

არ გეგონოთ, რომ კლაუდიო დროებით ინიშნებიდეს "ინტერის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე, მისი ხელშეკრულება ორ წელიწადზეა გათვლილი და 2013 წლის ივლისში ეწურება ვადა. კონტრაქტის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია და როგორც ამბობენ, ხვალ ნაშუადღევს გაცხადდება. ჯერჯერობით, პრესისთვის კომენტარი არც მასიმო მორატის გაუკეთებია და არც თავად რანიერის.

კონტეს წინათგრძნობა
"ბოლონიასთან" საკუთარ მოედანზე დაკარგული ორი ქულის შემდეგ, "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა.

მოვუსმინოთ ანტონიო კონტეს:
"შესაძლოა ბევრმა ვერ გამიგოს, მაგრამ სათქმელს მაინც ვიტყვი - მიუხედავად იმისა, რომ შეგირდებში ბოლომდე დარწმუნებული ვარ, "ბოლონიასთან" ქულების დაკარგვას მოველოდი. დიახ, ასეთი წინათგრძნობა მქონდა, რომელიც არავისთვის გამიმხელია. ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო იმისთვის, რომ ყველა თამაში სტაბილურად მაღალ დონეზე ჩავატაროთ.

ეს ყველამ კარგად უნდა გააცნობიეროს, კლუბის მესვეურებით დაწყებული, გულშემატკივრებით დამთავრებული. ჯერ კიდევ გუნდის შენების პროცესში ვართ და ასეთ დროს, შეცდომებისგან დაზღევული არავინაა. სიმართლე გითხრათ, ჩემი მუშაობის რეალურ ნაყოფს სეზონის მეორე ნახევრიდან ველოდები".

ისევ კიევო
უკვე მერამდენედ ხდება, რომ "ნაპოლის" წარმატებულ ასპარეზობას "კიევო" აჩერებს, გუნდი, რომლის პროგრამა მაქსიმუმი ელიტარულ დივიზიონში ადგილის შენარჩუნებაა.

სტატისტიკის მოყვანით ნამდვილად არ გადაგღლით, მხოლოდ იმას დავძენთ, რომ ნეაპოლელებს ძალიან უჭირთ ვერონელებთან თამაში, განსაკუთრებით ცუდი შედეგები კი გასვლით პაექრობებში აქვთ. ამჯერადაც, "კიევომ" დაამარცხა "ნაპოლი", რის შემდეგაც სამხრეთელთა თავკაც ვალტერ მაძარის კრიტიკა დაატყდა თავს.

სენიორ ვალტერმა რატომღაც ძირითადი შემადგენლობის ხუთი-ექვსი ფეხბურთელი დაასვენა და "კიევოს" ნახევრადექსპერიმენტალური შემადგენლობა დაუპირისპირა. თავად განსაჯეთ, ძირითად შემადგენლობაში არც ესეკილ ლავეცი იყო, არც მარეკ ჰამშიკი და არც ედინსონ კავანი. სამაგიეროდ, ითამაშეს ჯუზეპე მასკარამ და გორან პანდევმა, რამაც შედეგი ვერ გამოიღო. თუ რატომ მოიქცა ასე მაძარი, ამას თავად ახსნის:

"ძნელია ყველა გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთო, შემადგენლობა გადავახალისე იმიტომ, რომ ასე ჩავთვალე საჭიროდ. სეზონი გრძელია და რთული, ფეხბურთელებმა ძალები უნდა დაზოგონ, ამიტომ, როტაცია ჩვეულებრივი ამბავია".

ბერგამოული სიურპრიზი
სანამ მილანური "ნერაძური" ღრმა კრიზისშია ჩაფლული, ბერგამოული თამაშს თამაშზე იგებს და საყოვე;ლთაო ყურადრების ცენტრშია მოქცეული. რომ არა ჩამოკლებული ექვსი ქულა, "ატალანტა" სატურნირო ცხრილის სათავეში იქნებოდა და 1-4 ადგილებს "ჯენოასთან", "იუვენტუსთან" და "უდინეზესთან" ეეთად გაიყოფდა.

"ატალანტასგან" ასეთ სტრატს არავინ ელოდა, გუნდმა სამ ტურში მოახერხა მინუს ქულებიდან ამოძრომა და თუ ასე გააგრძელა, ძალიან მალე გადაინაცვლებს ცხრილის ზედა ნაწილში. ოთხშაბათს, ბერგამოელებმა "ლეჩე" დაამარცხეს გასვლაზე, შეხვედრის მთავარი გმირი კი დუბლის ავტორი ხერმან დენისი გახლავთ, რომელმაც "გაძეტა დელო სპორტს" შემდეგი განუცხადა:

"გინდ დაიჯერეთ, გინდ არა - ქულების ჩამოკლებამ და მკაცრმა სასჯელმა მოტივაცია გაგვიორმაგა. გვსურს დავუმტკიცოთ ყველას, რომ სერია ა-ს საგზური გუნდმა არა ჩაწყობილი თამაშებით, არამედ ჯანსაღი ბრძოლით მოიპოვა. დარწმუნებული ვარ, რომ წარმატებულ სვლას გავაგრძელებთ და როგორც მინიმუმ, ელიტაში ადგილის შენარჩუნება არ გაგვიჭირდება".

სატურნირო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ
1. ჯენოა 3 2 1 0 7-3 7
2. უდინეზე 3 2 1 0 5-1 7
3. იუვენტუსი 3 2 1 0 6-2 7
4. ფიორენტინა 3 2 0 1 5-2 6
5. ნაპოლი 3 2 0 1 6-3 6
6. კალიარი 3 2 0 1 6-5 6
7. პალერმო 3 2 0 1 7-6 6
8. ნოვარა 3 1 1 1 6-5 4
9. კიევო 3 1 1 1 4-4 4
10. ლაციო 3 1 1 1 5-5 4
11. კატანია 3 1 1 1 1-3 4
12. ლეჩე 3 1 0 2 3-4 3
13. პარმა 3 1 0 2 3-8 3
14. მილანი 3 0 2 1 4-6 2
15. ატალანტა 3 2 1 0 5-3 1
16. რომა 2 0 1 1 1-2 1
17. სიენა 2 0 1 1 0-1 1
18. ინტერი 3 0 1 2 4-7 1
19. ბოლონია 3 0 1 2 1-5 1
20. ჩეზენა 3 0 0 3 2-6 0

ატალანტა - 6 ქულა

მომდევნო ტური
24 სექტემბერი: ბოლონია-ინტერი, მილანი-ჩეზენა, ნაპოლი-ფიორენტინა; 25 სექტემბერი: კიევო-ჯენოა, ატალანტა-ნოვარა, კალიარი-უდინეზე, კატანია-იუვენტუსი, ლაციო-პალერმო, სიენა-ლეჩე, პარმა-რომა.

ბომბარდირები:
3 - კავანი (ნაპოლი), მიკოლი (პალერმო), ჯოვინკო (პარმა), დენისი (ატალანტა), დი ნატალე (უდინეზე).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული