ბოლონია-ინტერი 20.00
დისკვალიფიკაცია: რანოკია (ინტერი).
ტრავმა: ჟილე, დიამანტი, ხიმენესი, რაჯი, ლორია, ჩერუბინი, ტაიდერი, კრუზი - სტანკოვიჩი, კორდობა, მაიკონი, ტიაგო მოტა, პოლი, ვივიანო.
მილანი-ჩეზენა 22.45
ტრავმა: ანტონინი, ბონერა, ბოატენგი, რობინიო, გატუზო, იბრაჰიმოვიჩი, ამბროზინი, ფლამინი, მექსე, პატო - რანელა, ანტონიოლი.
ნაპოლი-ფიორენტინა 22.45
ტრავმა: ბრიტოსი, დონადელი, მაჯო - კროლდრუპი, ჯილარდინო.
ხვალ:
კიევო-ჯენოა 14.30
ტრავმა: აჩერბი, პელისიერი, ლუჩანო - როსი, ედუარდო, მესტო.
ატალანტა-ნოვარა 17.00
ტრავმა: ლუკინი, პეტინარი - პინარდი.
კალიარი-უდინეზე 17.00
ტრავმა: ერიკსენი, ლეგამენტი, ქაბირი - ფერონეტი, კოდა, ბარეტო, ფლორო ფლორესი, პასკუალე.
კატანია-იუვენტუსი 17.00
დისკვალიფიკაცია: ვუჩინიჩი (იუვენტუსი).
ტრავმა: ლიამა, ლეგროტალიე,
ლაციო-პალერმო 17.00
ტრავმა: რადუ, მაური, ბიავა, ნერო, გონსალესი - დი მატეო, ჩეტო, ალვარესი.
სიენა-ლეჩე 17.00
დისკვალიფიკაცია: გროსმიულერი (ლეჩე).
ტრავმა: ანჯელა - კაროციერი.
პარმა-რომა 22.45
ტრავმა: ბრანდაო - ლამელა, სტეკელენბურგი, გრეკო.
V ტურს "ბოლონია"-"ინტერის" დაპირისპირება გახსნის, შეხვედრა, რომელიც საყოველთაო ყურადღების ცენტრშია მოქცეული. ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, მილანური გრანდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე კლაუდიო რანიერის დებიუტი შედგება, რომელმაც უკვე გააფორმა კლუბთან ორწლიანი ხელშეკრულება და საქმეს შეუდგა.
ბუნებრივია, პირველივე შეხვედრაში "ინტერი" მესვეურები მისგან დადებით შედეგს ვერ მოითხოვენ, მაგრამ ზოგადად, რომ გუნდმა ქულების მოპოვება უნდა დაიწყოს, ეს ცხადზე ცხადია. წინააღმდეგ შემთხვევაში, "შავ-ლურჯები" კიდევ უფრო ჩამორჩებიან ლიდერებს და შემდეგ, ფორის აღმოფხვრა ურთულესი იქნება.
ჯერჯერობით, რანიერი სდუმს და პრესისთვის კომენტარებს არ აკეთებს, სამაგიეროდ, მასიმო მორატი ალაპარაკდა და შემდეგი განაცხადა: "სამწუხაროა, რომ ჯანპიერო გასპერინის არაფერი გამოუვიდა, მაგრამ დღეს ამაზე ლაპარაკი აზრს მოკლებულია. ჩემი აზრით, საუკეთესო არჩევანი გავაკეთეთ და დარწმუნებული ვარ, რომ ამჯერად ყველაფერი კარგად იქნება. მას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ გუნდი წარმატებამდე მიიყვანოს, გამოცდილება, კვალიფიკაცია და მოტივაცია.
რაც შეეხება კონკრეტულად "ბოლონიასთან" პაექრობას, მჯერა, რომ ფეხბურთელები მაქსიმალურად მოინდომებენ და შეეცდებიან ახალ მწვრთნელს თავი მოაწონონ".
როგორც იქნა, გულშემატკივრები 4-3-1-2-ით მოასპარეზე "ინტერს" იხილავენ, კლაუდიო რანიერი როგორც წესი ამ სქემას წყალობს და ალბათ გამონაკლისს არ "ნერაძურიში" დაუშვებს - მით უმეტეს, გუნდის ქომაგები აგერ უკვე რა ხანია ითხოვენ ძველი ტაქტიკის დავრუნებას. დიახ, ძველის, რადგან "ინტერი" ჟოზე მოურინიოსა და ლეონარდოს დროსაც ამ მონახაზით ირჯებოდა. შეტევის წინა ხაზზე დიეგო ფორლანისა და ჯამპაოლო პაცინის გამოჩენას ველოდებით, ანუ, დიეგო მილიტო ამჯერად თადარიგში დარჩება.
საერთოდ, არგენტინელი ფორვარდისთვის მწვრთნელის გამოცვლა არცთუ კარგი ამბავია, რადგან გასპერინი ყველაზე მეტად სწორედ მას ენდობოდა - შესაბამისად, სეზონის სტარტიდან მოყოლებული, მილიტომ არაერთხელ დაუჭირა მხარი რთულ მდგომარეობაში ჩავარდნილ უკვე ექს-მწვრთნელს - მათი ურთირთნდობა კი ჯერ კიდევ "ჯენოადან" მოდის, სადაც მილიტო სწორედ სენიორ ჯანპიეროს შეგირდი იყო.
ასეა თუ ისე, მათი ტანდემი კიდევ ერთხელ დაიშალა, რანიერი კი როგორც ამბობენ, მას თადარიგში უპირებს გადასროლას. "გაძეტა დელო სპორტის" ვერსიით, გამთამაშებელი ვესლი სნეიდერი იქნება, მის უკან კი ხავიერ ძანეტი, ობი და ესტებან კამბიასო გაირჯებიან.
"ბოლონიას" დამარცხება იოლი საქმე ნამდვილად არ არის, განსაკუთრებით კი მისსავე მოედანზე - ასე რომ, "ინტერს" რთული ამოცანის გადაჭრა მოუწევს.
"როსობლუს" ლიდერი მარკო დი ვაიო, ლომბარდიელებს დიდ ბრძოლას ჰპირდება: "ფავორიტი ჩვენი მეტოქეა და ეს მიუხედავად იმისა, რომ "ინტერმა" სეზონი ძალიან ცუდად დაიწყო. მილანელებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს, ასეთ დროს კი გუნდი ყველაზე საშიშია მეტოქეთათვის. ჩვენი მხრივ, გულშემატკივრებს ვპირდებით, რომ "ინტერს" დიდ ბრძოლას გავუმართავთ, შეგვწევს იმის ძალა, რომ მილანური გრანდი დავამარცხოთ, რის დამტკიცებასაც მთელი ძალებით შევეცდებით".
"მილანის" ლაზარეთი ისევ სავსეა, ტრავმირებულ ფეხბურთელთა რიცხვს ალეშანდრე პატოც დაემატა, რომელიც მინიმუმ ერთ თვეს მკურნალობის პროცესში გაატარებს. "გაძეტა დელო სპორტის" ვერსიით, შეტევის წინა ხაზზე მასიმილიანო ალეგრი ანტონიო კასანოსა და სტეფან ელ შაარავის გაამწესებს. საინტერესო ამბავია, რადგან ტიპური ცენტრფორვარდი არც ერთია და არც მეორე - ორივეს სიღრმიდან უყვარს თამაში, ეგვიპტური წარმოშობის ელ შაარავი კი აქამდე სულაც გამთამაშებლის პოზიციაზე ირჯებოდა. ვნახოთ, როგორ ითამაშებს "მილანი", რომელიც საკუთარ მოედანზე "ჩეზენას" მიიღებს.
"იუვენტუსი" "კატანიას" სტუმრობს და შეეცდება, რომ წინა ტურში დაკარგული ორი ქულის გამო, გულშემატკივრებს სიცილიური გამარჯვებით მოუხადოს ბოდიში.
გახსოვთ ალბათ, "ბოლონიასთან" თამაშის შემდეგ, ანტონიო კონტემ საინტერესო კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ გრძნობდა სამ ქულას მისი გუნდი ვერ მოიპოვებდა. ანტონიოს "გაძეტას" ჟურნალისტმა ასეთი შეკითხვით მიმართა: "რას გრძნობთ ამჯერად"? - აქვე პასუხი: "წინათგრძნობა ყოველთვის არ მაქვს, ასე რომ, ამ კითხვაზე ვერ გიპასუხებთ. ერთი ვიცი, კარგად გავაანალიზეთ დაშვებული შეცდემები და შევეცდებით, რომ აღარ გავიმეოროთ. "ბოლონია" ძალიან კარგი გუნდია, დაცვაში ორგანიზებული თამაშით გამოირჩევა და მწვავე კონტრშეტევებს ახორციელებს. ამიტომ, ყურადღებით უნდა ვიყოთ და ბურთზე სრული კონტროლი დავაწესოთ. მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი სამი ქულის მოპოვება".
კონტე ტაქტიკას არც ამჯერად შეცვლის და ორ ფორვარდს ამდენივე გარემარბს დაახმარს - ფლანგებზე ელჯერო ელია და სიმონე პეპე გაირჯებიან, კართან ახლოს კი ალესანდრო მატრი და ფაბიო კვალიარელა. ეს უკანასკნელი სრულად გამოჯანმრთელდა და მთელი 90 წუთის განმავლობაში შეუძლია თამაში. ამჯერად, სათადარიგოთა შორის დარჩებიან ალესანდრო დელ პიერო, ემანუელე ჯაკერინი და მილოშ კრასიჩი.
"იუვეს" "კატანიასთან" მოუწევს დაპირისპირება, გუნდთან, რომელმაც გასულ ტურში "ჯენოასთან" იწვნია გამანადგურებელი მარცხი და გულშემატკივარის წინაშე სარეაბილიტაციოდ აქვს საქმე. კუნძულელთა მთავარი იმედი მაქსი ლოპესია, რომელიც ტურინელებს გოლით ემუქრება: "გენუელებთან საშინელი მარცხით ვიწვნიეთ, რაც უამრავი შეცდომით გახლდათ განპირობებული. მინდა დავპირდე გულშემატკივრებს, რომ ტურინულ გრანდთან სულ სხვა "კატანიას" იხილავენ, რომელიც ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტს ტოლსწორად ეპაექრება. საკმაოდ კარგ ფორმაში ვარ და მჯერა, რომ "იუვენტუსს" მინიმუმ ერთ გოლს გავუტან, ვნახოთ, დანარჩენი მოედანზე გამოჩნდება".
თ მ ფ წ ბ ქ
1. ჯენოა 3 2 1 0 7-3 7
2. უდინეზე 3 2 1 0 5-1 7
3. იუვენტუსი 3 2 1 0 6-2 7
4. ფიორენტინა 3 2 0 1 5-2 6
5. ნაპოლი 3 2 0 1 6-3 6
6. კალიარი 3 2 0 1 6-5 6
7. პალერმო 3 2 0 1 7-6 6
8. ნოვარა 3 1 1 1 6-5 4
9. კიევო 3 1 1 1 4-4 4
10. ლაციო 3 1 1 1 5-5 4
11. კატანია 3 1 1 1 1-3 4
12. ლეჩე 3 1 0 2 3-4 3
13. პარმა 3 1 0 2 3-8 3
14. რომა 3 0 2 1 2-3 2
15. სიენა 3 0 2 1 1-2 2
16. მილანი 3 0 2 1 4-6 2
17. ატალანტა 3 2 1 0 5-3 1
18. ინტერი 3 0 1 2 4-7 1
19. ბოლონია 3 0 1 2 1-5 1
20. ჩეზენა 3 0 0 3 2-6 0
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"