არიგო საკის ჩაგდებული ინიციატივა

AutoSharing Option
იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ყრილობამ, რომლის რიგითობაც ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრებისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია, საკმაოდ საინტერესოდ ჩაიარა და აპენინური სპორტული პრესის დიდი ყურადღება მიიპყრო.

სხდომაზე საპატიო სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული არიგო საკი, რომელიც საინტერესო ინიციატივით გამოვიდა. მაინც აღვნიშნოთ, რომ საკი იტალიური სამწვრთნელო სკოლის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული წარმომადგენელია, თავის დროზე "მილანთან" ერთად აბსოლუტურად ყველაფერი მოიგო, იტალიის ეროვნული ნაკრები კი 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გაიყვანა, სადაც ბრაზილიის უმთავრეს გუნდთან დამარცხდა თერთმეტმეტრიანების სერიაში.

ერთი სიტყვით, სენიორ არიგოს სიტყვას დიდი წონა აქვს და აქვე, შეგვიძლია მის
ინიციატივას გავეცნოთ... მაშ ასე,

არიგო საკის ინიციატივა
"ამის შესახებ ადრეც განვაცხადე, თუმცა პირველად მომეცა საშუალება, რომ იდეა ინიციატივის დონეზე წამოვაყენო.

ჩემი აზრით, იტალიური ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ახალგაზრდა, ნიჭიერი ფეხბურთელების დაკარგვაა. ამის უმთავრესი მიზეზი ის გახლავთ, რომ სერია A-ში ლეგიონერთა რიცხვი ძალიან დიდია, ადგილობრივ მოთამაშეებს კი შესაძლებლობების წარმოჩენა უჭირთ.

ლეგიონერებზე ლიმიტის დაწესება ამ ეტაპზე გამორიცხულია, ამიტომ, ვითარების გამოსასწორებლად სხვა გზა უნდა ავირჩიოთ. კარგი იქნება თუ ესპანეთში აპრობირებულ მეთოდს დავნერგავთ და სერია B-ში პროფესიული კლუბების B გუნდებსაც მიეცემათ ასპარეზობის საშუალება - მხოლოდ იმ პრინციპით, რომ წარმატების შემთხვევაშიც კი, ელიტარულ დივიზიონში გადასვლის უფლება არ ექნებათ.

შესაბამისად, იმ ახალგაზრდა ფეხბურთელებს, რომლებიც გრანდების ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდებიან, იჯარით არ მოუწევთ სხვა გუნდებში ასპარეზობა, სადაც მათთვის უცხო გარემოში ხვდებიან და შესაძლებლობების წარმოჩენა უჭირთ; ითამაშებენ მშობლიურ გარემოში, საკუთარ გუნდში და თანაც საკმაოდ მაღალ დონეზე. ეს სისტემა ესპანეთში შესანიშნავად მუშაობს და დიდწილად განაპირობა ის, რომ პირენეებზე ბოლო წლებში უამრავი უნიჭიერესი ფეხბურთელი წარმოჩინდა".

ჯანკარლო აბეტე არიგო საკის ინიციატივის შესახებ
არიგო საკის ინიციატივას ბევრი უჭერს მხარს, მაგრამ ჯერჯერობით, მათ რიცხვში არ გახლავთ იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ჯანკარლო აბეტე, რომლის პოზიციასაც აქვე გაგაცნობთ:

"საკის მიმართ ჩემი უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, ვფიქრობ, რომ ხსენებულ სისტემას ერთი დიდი მინუსი აქვს, რომელზეც აუცილებლად გვმართებს დაფიქრება.

გრანდებს და დანარჩენ გუნდებს შორის დიდი განსხვავებაა, მათ ორი და სამი გუნდის თანაბრად კარგად დაკომპლექტება ძალუძთ, ამან კი შეიძლება ის გამოიწვიოს, რომ სერია B-ს ნახევარი B გუნდებმა დააკონპლექტონ. ასეთ შემთხვევაში, მეორე დივიზიონში მოასპარეზე გუნდები შევიწროვდებიან და პროფესიულ დონეს იტალიის ბევრი დიდი თუ პატარა ქალაქი გამოემშვიდობება. ანუ, ამით ისევ და ისევ გრანდების წისქვილზე დავასხავთ წყალს, პატარა გუნდები კი დაიჩაგრებიან".

აბეტე ინფრასტრუქტურაზე
აბეტეს პოზიციას ყრილობის დელეგტთა უმრავლ.ესობამ დაუჭირა მხარი და ამ ეტაპზე, საკითხის განხილვა და შესაბამისად, კენჭისყრაზე დაყენება გადაიდო. აბეტემ კიდევ ერთხელ აიღო სიტყვა და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ისაუბრა:

"გამოსავალი ისევ და ისევ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაშია და ამის შესახებ უკვე დიდი ხანია ვლაპარაკობ. ჩემპიონთა ლიგის მეოთხე საგზური გერმანიამ აგვართვა, მათი წარმატების მთავარი საიდუმლო კი განვითარებული ინფრასტრუქტურაა. გერმანულმა საკლუბო ფეხბურთმა მას შემდეგ დაიწყო პროგრესი, რაც იქ მსოფლიოს ჩემპიონატი ჩატარდა.

მართალია, ჩვენთან დიდი საფეხბურთო ფორუმი უახლოეს მომავალში არ გაიმართება, მაგრამ ჩვენი ძალებით უნდა ვეცადოთ და ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად განვავითაროთ. ეს მხოლოდ სტადიონებს არ ეხება, საწვრთნელი ბაზები და საბავშვო მოედნები გაცილებით უკეთეს მოვლას საჭიროებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული