მოჯის ზაფხულის ფრაზები

AutoSharing Option
"კალჩოპოლის" ცნობილი მოვლენების შემდეგ, ლუჩანო მოჯი ხუთი წლით მოკვეთეს ფეხბურთიდან, მისი "იუვენტუსი" კი სერია B-ში დააქვეითეს და ქულებიც უხვად დააკლეს.

გავიდა ხუთი წელი, მოჯი ემზადებოდა კიდეც ფეხბურთში დასაბრუნებლად, თუმცა კვლავ გაეხვა სკანდალში, კვლავ ამხილეს მატჩების ჩაწყობის მცდელობაში და უკვე საბოლოოდ მოკვეთეს კალჩოდან.

დიახ, თუ ფედერკალჩომ გადაწყვეტილება არ შეცვალა, მოჯი ცხოვრების ბოლომდე ვეღარ გაეკარება იმ საქმეს, რომელიც ყველაზე მეტად უყვარს. სამაგიეროდ, არ ცხრება ლუჩანო და დღემდე აქტიურად აკეთებს კომენტარებს ყველა იმ საკითხზე, რომლებიც იტალიურ ფეხბურთში ასე თუ ისე აქტუალურია.

ამასწინათ პრესაში
მოჯის ხუთი ყველაზე გახმაურებული გამონათქვამი გამოქვეყნდა, რომელთა შესახებაც ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრებისთვის ნაკლებად ცნობილია. არ გეგონოთ, ეს გამონათქვამები წლების განმავლობაში გროვდებოდა, ლაპარაკია ფრაზებზე, რომლებიც გასულ ზაფხულს ითქვა.

მაშ ასე, "სენიორ კალჩოპოლის" ცინცხალი ტოპ-5-ეული...

5. მოჯი რომას გადაწვდა
ლუჩანო მოჯის არასდროს ჰქონია პრობლემები "რომას" მესვეურებთან, თუმცა ამ ზაფხულს ტრადიცია დაარღვია და დედაქალაქელებსაც გადასწვდა. როგორც ჩანს, "სენიორ კალჩოპოლს" "ჯალოროსის" ახალი მეპატრონე ტომას დი ბენედეტო არ მოსდის თვალში - დანარჩებს კომენტარიდან შეიტყობთ:

"ვერაფერს იტყვი, რომაელებმა ნამდვილად იაქტიურეს სატრანსფერო ბაზარზე და ბევრი საინტერესო ტრანსფერიც გაჩარხეს. მაგალითისთვის, მხოლოდ ერიკ ლამელას მოყვანაც კმარა, რომელიც ბურთს ფანტასტიკურად ფლობს და ნამდვილი ჟანგლიორია. ჩემი ინფორმაციით, რომის ცირკში სწორედ ჟანგლიორის ვაკანსიაა თავისუფალი".

4. მოჯი: აბეტე ჭკუასუსტია
საყოველთაოდ ცნობილი ამბავია, რომ ლუჩანო მოჯისა და ჯანკარლო აბეტეს ერთმანეთისადმი კარგი დამოკიდებულება არასდროს ჰქონიათ. ფედერკალჩოს პრეზიდენტმა პირადად შეიტანა დიდი წვლილი "კალჩოპოლის" პროცესებში და მოჯის დისკვალიფიკაციაც მისი ინიციატივა გახლდათ. გამომდინარე აქედან, ლუჩანოს კომენტარი ერთ-ერთ თოქშოუში არავის გაკვირვებია:

"აბეტეს გაკრიტიკებას არ ვაპირებ, რადგან ამას არავითარი აზრი არ აქვს. ფედერაციის პრეზიდენტი იმდენად ჭკუასუსტია, რომ იმის უნარიც კი არ აქვს, ჯანსაღი აზრი მოისმინოს და გაითვალისწინოს. აბეტე მეთოდურად ასამარებს იტალიურ ფეხბურთს, ჩვენ შველას ვსაჭიროებთ და ეს კარგად უნდა გავაცნობიეროთ".

3. ისევ მოჯი და ინტერი
ლუჩანო მოჯისა და "ინტერის" ურთიერთდამოკიდებულება ცალკე სალაპარაკო თემაა. "კალჩოპოლის" ერთ-ერთი ინიციატორი სწორედ "ნერაძურის" პრეზიდენტი, მასიმო მორატი გახლდათ და ბუნებრივია, რომ მხარეებს შორის არცთუ კეთილგანწყობილი ურთიერთობა ჩამოყალიბდა. "ინტერს" მოჯის კრიტიკა არ აკლია და აქვე, კიდევ ერთი ასეთი გამოვლინება:

"რა კომენტარს გავუკეთებდი სამუელ ეტო'ოს "ანჟიში" გადაბარგებას? - დიდი ხანია ვიცი, რომ მასიმო მორატისთვის მთავარი ფულია და შესაბამისად, კამერუნელის რუსეთში გადაბარგება ნამდვილად არ გამკვირვებია. არავინ თქვას, რომ "ნერაძურიმ" ამ გარიგებით ფინანსურად ვერ იხეირა, რეალურად სწორედ მილანური გრანდი იყო ყველაზე მეტად ეტო'ოს გაყიდვით დაინტერესებული. სწორედ ასე მოიქცა მორატი, როდესაც ზლატან იბრაჰიმოვიჩი "ბარსელონაში" გაუშვა, თავის დროზე კი რონალდო "რეალს" მიჰყიდა. "ინტერის" პრეზიდენტი ყოველთვის მზადაა ფულის სანაცვლოდ საუკეთესო ფეხბურთელსაც კი შეელიოს".

2. მოჯი და აძურას ტრიუმფი
"კალჩოპოლის" პროცესები 2005/2006 წლების სეზონში აგორდა და იმ პერიოდში დასრულდა, როდესაც იტალიის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე საასპარეზოდ ემზადებოდა. როგორც იცით, 2006 წელს "სკუადრა აძურა" მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, თანაც ამ გუნდში "იუვენტუსის" არაერთი ფეხბურთელი ასპარეზობდა. მოჯის ერთ-ერთი საგაზეთო კომენტარი სწორედ ამ თემას ეხმაურება:

"ამბობენ, რომ "იუვენტუსი" ოფისებში იგებდა შეხვედრებს, მოედანზე განვითარებული მოვლენები კი ფიქცია იყო. საინტერესოა, რას იტყვით მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელიც იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა მეტწილად "ბიანკონერის" ფეხბურთელებით მოიგო. როგორც გამოჩნდა, ჯანლუიჯი ბუფონს, ფაბიო კანავაროს, ჯორჯო კიელინის, ალესანდრო დელ პიეროს და სხვებს თავისუფლად შეუძლიათ რომ ყველაზე მაღალი მწვერვალები დაიპყრონ.

საერთოდ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ პირადად მე, დიდი წვლილი მიმიძღვის იტალიის ნაკრების გაჩემპიონებაში. მაშინ, როდესაც მორატი აქცენტს ლეგიონერებზე აკეთებდა, მე ნაკრებს ფეხბურთელებს ვუმზადებდი".

1. მოჯი: ინტერს ახალი კალჩოპოლი თუ უშველის
მოგეხსენებათ, სწორედ "კალჩოპოლის" შემდეგ დაიწყო "ინტერისთვის" წარმატებული პერიოდი, მიჯრით მოგებულ სკუდეტოებ ჩემპიონთა ლიგა და ევროპის სუპერთასიც დაემატა. მოკლედ, მასიმო მორატიმ აიხდინა დიდი ხნის ოცნება და დროის მოკლე პერიოდში უამრავი ტროფეი მოიგო. ლუჩანო მოჯი ყველანაირად ცდილობს, რომ ეს წარმატებები შებღალოს, რაზეც მისი კომენტარი ნათლად მეტყველებს:

"როგორც ჩანს, "ინტერის" სახელზე გაფორმებულ "კალჩოპოლის" საკრედიტო ბარათზე ლიმიტი უკვე ამოიწურა და მილანური გრანდი ძველ ცხოვრებას უბრუნდება. "ნერაძური" ყოველთვის ამბიციური გუნდი იყო, მაგრამ ტიტულებს ვერაფრით იგებდა, ეს ტენდენცია კი ზემოთთქმულიდან გამომდინარე, აუცილებლად აღდგება და გაგრძელდება. რას ვურჩევდი მორატის? - იფიქროს ახალი "კალჩოპოლის" აგორებაზე, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში დაუბრუნდება "ინტერი" იტალიური და ევროპული ფეხბურთის მწვერვალს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვაი შენს პატრონს მოჯი.შენი გულისთვის დასაჯეს იუვე და ჩამოართვეს სკუდეტო და ეხლა აბრალებ ინტერს და მორატის.
vaso
17:32 30-09-2011
0

სიახლეები პოპულარული