სორენტინო (კიევო) - მაჯო (ნაპოლი), ბენეტია (უდინეზე), კანავარო (ნაპოლი) - არმერო (უდინეზე), მარკიზიო (იუვენტუსი), ლოდი (კატანია), ინლერი (ნაპოლი) - კლოზე (ლაციო), ჯოვინკო (პარმა), გომესი (კატანია).
მიუხედავად იმისა, რომ ტურის ცენტრალურ შეხვედრაში "იუვენტუსმა" "მილანი" დაამარცხა, ტურინული გრანდის მოთამაშეთაგან სიმბოლურ გუნდში მხოლოდ ერთი ფეხბურთელი, კლაუდიო მარკიზიო მოხვდა. ეს არც არის გასაკვირი, რადგან მარკიზიომ დუბლი მიითვალა აქტივში და განაპირობა კიდეც მისი გუნდის გამარჯვება.
სხვა მხრივ, თამაში დაახლოებით თანაბარი იყო და "იუვეს" ფეხბურთელთა გამორჩევა აშკარად გაგვიჭირდება. სამაგიეროდ, მრავლად არიან რჩეულთა შორის
თავდასხმაში მიროსლავ კლოზეს ვხედავთ, რომელმაც "ფიორენტინას" გამარჯვების გოლი გაუტანა; იქვეა სებასტიან ჯოვინკო, "პარმას" მიერ "ჯენოას" დამარცხების მთავარი შემოქმედი და გომესი "კატანიადან", რომელმაც "ნოვარას" გამათანაბრებელი გოლი გაუტანა და მთლიანობაში, შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა.
აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ რჩეულთა შორის "უდინეზეს" ორი მოთამაშეა: ბენეტია და არმერო. სწორედ მათ იასპარეზეს ყველაზე უკეთ უდინელთაგან და "ბოლონიას" ძლევაში ლომის წილი დაიდეს.
ტურის გმირი
კლაუდიო მარკიზიომ "მილანს" ორი გოლი გაუტანა, რითაც "იუვენტუსს" უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში გაამარჯვებინა და ტურინული გრანდი სერია A-ს ჩაუდგა სათავეში.
ყველამ კარგად ვიცით, რომ მარკიზიოს იღბალიც დაეხმარა - პირველ შემთხვევაში, მოხვდა ბურთი და ისე შეგორდა კრიატიან აბიატის კარში, მეორე გოლისას კი არც თუ ძლიერი დარტყმის შემდეგ, კიპერს ფეხებს შორის გაუძვრა ბურთი. ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ტურის გმირი მაინც კლაუდიო მარკიზიოა და თანაც, უდავოდ. შესაძლოა, ტურის საუკეთესო ფეხბურთელი სხვა იყოს, მაგრამ გმირის წოდება ნამდვილად "იუვეს" შუახაზელს ეკუთვნის.
გოლების შესახებ ორი სიტყვით უკვე ვთქვით და უმჯობესია, სიტყვა კლაუდიოს გადავცეთ, რომელიც ნამატჩევს ემოციებს ვერ მალავდა: "საოცარი შეხვედრა იყო, რომელიც ჩვენი გამარჯვებით დავასრულეთ და დავრწმუნდით, რომ მიმდინარე სეზონში სკუდეტოსთვის ბრძოლა ხელგვეწიფება. რაც შეეხება ჩემს გოლებს, ცოტათი გამიმართლა, მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ "მილანს" თამაშით ვჯობდით და სამი ქულა სწორედ ჩვენ დავიმსახურეთ".
ტურის მოულოდნელობა
მიუხედავად იმისა, რომ "ნაპოლის" წარმატებები უკვე კარგა ხანია აღარ გვიკვირს, სამხრეთელთა მილანური ტრიუმფი მაინც მოულოდნელთა კატეგორიას უნდა მივაკუთვნოთ. თუ მეხსიერება არ გვღალატობს, ასეთი დიდი ანგარიშით "ნერაძურიმ" ბოლოს "შალკესთან" წააგო ჩემპიონთა ლიგაში, აი სერია ა-ში კი მსგავსი რამ და კიდევ უფრო უარესი მხოლოდ ათი წლის წინათ მოხდა. ნეაპოლელებმა ყველა კომპონენტში დაჯაბნეს მილანური გრანდი და მეტოქეს სამი უპასუხო ბურთი მიართვეს.
ბევრი ითქვა და კიდევ უფრო მეტი დაიწერა მსაჯობის შესახებ, მაგრამ ერთი ფაქტია, "ნაპოლიმ" თამაშით აჯობა "ინტერს". რაც შეეხება არბიტრ ჯანლუკა როკის, რომელმაც ჯერ კიდევ პირველ ტაიმში მოედნიდან ობი გააგდო, მისი გარჯა სამსაჯო კომიტეტში განიხილება და დასკვნა უახლოეს დღეებში დაიდება. თვითონ როკი აღიარებს, რომ შეხვედრის მსვლელობისას რამდენიმე შეცდომა დაუშვა:
"შეცდომები მართლაც დავუშვი, მაგრამ ვფიქრობ, რომ გამოწვეული აჟიოტაჟი მაინც გადამატებული გახლავთ. ერთმა გუნდმა აჯობა მეორეს და სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვა, დანარჩენი კი დღეს უკვე აღარ არის მნიშვნელოვანი. ფეხბურთში შეცდომისგან არავინაა დაზღვეული, მათ შორის არც არბიტრი".
ტურის ფრაზა
მასიმო მორატი (ინტერის პრეზიდენტი): "კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, ჯანლუკა როკის არ ყოფნის კვალიფიკაცია საიმისოდ, რომ ასეთი დონის შეხვედრები განსაჯოს. უკვე მერამდენეჯერ ხდება, რომ მისი მცდარი გადაწყვეტილებების შედეგად ვზარალდებით და ქულებს ვკარგავთ. დიდი იმედი მაქვს, რომ როკის "ინტერის" მატჩებზე აღარ დანიშნავენ, მეტიც, იმედია, ამ ადამიანს აღარასოდეს ვიხილავ. სიმართლე გითხრათ, ასეთი იმედგაცრუებული კარგა ხანია არ ვყოფილვარ"
ციფრები და ფაქტები
- "იუვენტუსს" "მილანი" 2008 წლის დეკემბრის შემდეგ არ ჰყავდა დამარცხებული;
- კლაუდიო მარკიზიომ პირველად შეასრულა დუბლი კარიერაში, მის ანგარიშზე 89 შეხვედრა და 13 შედეგიანი დარტყმაა;
- "ინტერი" ერთადერთი გუნდია სერია A-ში, რომელსაც ჯერ კიდევ არ აქვს საკუთარ მოედანზე გოლი გატანილი;
- "ინტერი" ბოლოს 2001 წელს დამარცხდა სერია A-ში სამი და მეტი ბურთის სხვაობით, როდესაც "მილანისგან" ექვსი უპასუხო გოლი მიიღო;
- კლაუდიო რანიერის კარიერის განმავლობაში არც ერთხელ არ მოუგია ვალტერ მაძარის გუნდებისთვის: 9 შეხვედრა, 6 ფრე და 3 მარცხი;
- ვალტერ მაძარის გაწვრთნილმა გუნდმა პირველად დაამარცხა "ინტერი";
- ჯანლუკა როკიმ 16 მატჩი განსაჯა "ინტერის" მონაწილეობით და მილანურ გრანდს 7 ფეხბურთელი გაუძევა;
- "ნაპოლის" "ინტერი" გასვლით პაექრობაში ბოლოს 1994 წელს ჰყავდა დამარცხებული;
- ფაბიო სიმპილისიომ მე-40 გოლი გაიტანა სერია A-ში;
- ბოლო 30 გასვლითი პაექრობიდან ყველა ტურნირზე, "კატანიას" მხოლოდ ერთი გამარჯვება აქვს მოპოვებული;
- "კიევოს" არც ერთხელ არ მოუგია "ჩეზენასთან" გასვლით პაექრობაში;
- "ლაციოს" ბოლო 10 საგარეო შეხვედრაში მოედანი უგოლოდ არ დაუტოვებია;
- "ლეჩემ" მიჯრით წააგო 5 შეხვედრა საკუთარ მოედანზე სერია A-სა და იტალიის თასის პაექრობებში, ასეთი უარყოფითი შედეგი გუნდს 1994 წლის შემდეგ აღარ ჰქონია;
- "ჯენოას" მცველმა ჩეზარე ბოვომ მე-200 შეხვედრა ჩაატარა სერია A-ში;
გლობალური სტატისტიკა
საუკეთესო დასწრება:
VI ტური, ინტერი-ნაპოლი, 64 824 გულშემატკივარი
ყველაზე დაბალი დასწრება:
II ტური, კიევო-ნოვარა, 7 000 გულშემატკივარი
ყველაზე დიდი საშინაო გამარჯვება:
იუვენტუსი-პარმა 4:1 (II ტური), ფიორენტინა-პარმა 3:0 (IV), ჯენოა-კატანია 3:0 (IV), სიენა-ლეჩე 3:0 (V).
ყველაზე დიდი საგარეო გამარჯვება:
ინტერი-ნაპოლი 0:3 (VI ტური).
ყველაზე უხვგოლიანი თამაში:
პალერმო-ინტერი 4:3 (II ტური).
თ მ ფ წ ბ ქ
1. იუვენტუსი 5 3 2 0 9-3 11
2. უდინეზე 5 3 2 0 7-1 11
3. პალერმო 5 3 1 1 9-6 10
4. ნაპოლი 5 3 1 1 9-3 10
5. კალიარი 5 3 1 1 8-5 10
6. რომა 5 2 2 1 6-4 8
7. ლაციო 5 2 2 1 7-6 8
8. კიევო 5 2 2 1 6-5 8
9. ფიორენტინა 5 2 1 2 6-4 7
10. ჯენოა 5 2 1 2 9-8 7
11. კატანია 5 1 3 1 5-7 6
12. პარმა 5 2 0 3 6-10 6
13. ნოვარა 5 1 2 2 10-10 5
14. სიენა 5 1 2 2 4-4 5
15. მილანი 5 1 2 2 5-8 5
16. ატალანტა 5 3 1 1 8-7 4
17. ინტერი 5 1 1 3 7-11 4
18. ლეჩე 5 1 0 4 3-9 3
19. ჩეზენა 5 0 1 4 2-7 1
20. ბოლონია 5 0 1 4 2-10 1
შენიშვნა: ატალანტა -6 ქულა
მომდევნო ტური
15 ოქტომბერი: კატანია-ინტერი, მილანი-პალერმო, ნაპოლი-პარმა; 16 ოქტომბერი: ჩეზენა-ფიორენტინა, ატალანტა-უდინეზე, კალიარი-სიენა, კიევო-იუვენტუსი, ჯენოა-ლეჩე, ნოვარა-ბოლონია, ლაციო-რომა.
ბომბარდირები:
5 - პალასიო (ჯენოა), ჯოვინკო (პარმა); 4 - დენისი (ატალანტა), დი ნატალე (უდინეზე); 3 - მიკოლი (პალერმო), მილიტო (ინტერი), ოსვალდო (რომა), რიგონი (ნოვარა), ჩერჩი (ფიორენტინა), კლოზე (ლაციო), კავანი (ნაპოლი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"