მასიმილიანო ალეგრის თითქმის ნახევარი გუნდის გარეშე უწევს ასპარეზობა, რაც შედეგებზეც შესაბამისად აისახა. რაც მთავარია, "მილანის" თამაშს ეტყობა, რომ ქულათა კარგვის მთავარი მიზეზი მწირი საკადრო რესურსი და შესაბამისად, დაღლილობაა, რომელიც ფეხბურთელებს უკვე აშკარად ეტყობათ. და ეს მიუხედავად იმისა, რომ ჯერ სეზონის სტარტია და ასეთი პრობლემები გუნდებს წესით არ უნდა შეექმნათ.
"იუვენტუსი"-"მილანის" პირველი
მეტიც, ტერიტორიულ უპირატესობას "მილანი" ფლობდა და თითქოს კარნახობდა კიდეც მასპინძელს თამაშის მიმდინარეობას. აი, მეორე ნახევარში კი სურათი რადიკალურად შეიცვალა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, "მილანს" დაღლა დაეტყო და მატჩის უკანასკნელ წუთებზე სრულიად ლოგიკურადაც გატყდა. ამიტომ არის, რომ ალეგრის ერთი სული აქვს, როდის დაუბრუნდებიან ტრავმირებული ფეხბურთელები მოედანს. ამაზე სენიორ მასიმილიანომ "გაძეტა დელო სპორტთან" ისაუბრა:
"ძალიან რთულია თამაში, როდესაც გრძნობ, რომ გუნდის გაძლიერების რესურსი არ გაქვს. განსაკუთრებით თავდასხმაში გვიჭირს, სადაც ანტონიო კასანო თითქმის ერთი თვის განმავლობაში მარტო ირჯებოდა. ანტონიო ცოტა არ იყოს გადაღლილია, მაგრამ მისი დასვენების საშუალება არ მაქვს. ჩემი ინფორმაციით, სულ მალე რობინიო დაგვიბრუნდება, რაც ნამდვილად შეგვიმსუბუქებს მდგომარეობას. რაც შეეხება "იუვენტუსთან" განცდილ მარცხს, შედეგი კანონზომიერი გახლდათ, რადგან ტურინელებმა მთლიანობაში უკეთესი შთაბეჭდილება დატოვეს. ვფიქრობ, რომ "ბიანკონერი" სკუდეტოსთვის იბრძოლებს და ჩვენი ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი იქნება".
ალეგრიმ უკვე გვამცნო, რომ რობინიო მალე დაუბრუნდება მოედანს - უფრო კონკრეტულ ინფორმაციას კი "გაძეტა დელო სპორტიდან" ვიგებთ, სადაც თავად ფეხბურთელის კომენტარი გამოქვეყნდა: "თავს გაცილებით უკეთ ვგრძნობ, ვიდრე თუნდაც რამდენიმე დღის წინ და ვიცი, რომ მოედანზე გასვლას უახლოეს მომავალში შევძლებ. ექიმების თქმით, ამის საშუალება 15 ოქტომბერს, "პალერმოსთან" შეხვედრაში მომეცემა და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ყველაზე პესიმისტური პროგნოზია. ძალიან რთულია, როდესაც ხედავ, რომ გუნდს უჭირს, შენ კი მას ვერაფერში ეხმარები".
ამასობაში, ზლატან იბრაჰიმოვიჩი გამოჩნდა პრესის ფურცლებზე და "იუვენტუსთან" ნაწვნევი მარცხით გაწბილებულმა, ერთობ სევიანი კომენტარი გააკეთა: "ვგრძნობ, რომ ვბერდები და ისე ვეღარ ვთამაშობ, როგორც წინა წლებში. მართალია, საკუთარი თავის რწმენა არ დამიკარგავს, მაგრამ ფაქტია, რომ საუკეთესო პერიოდი უკან მოვიტოვე. მიუხედავად ამისა, კიდევ ორი წელი შევძლებ მაღალ დონეზე თამაშს, შემდეგ კი ალბათ კარიერასაც დავასრულებ".
იბრაჰიმოვიჩის კომენტარმა ბევრი გააკვირვა, როგორც წესი, ფეხბურთელები საკუთარ რეპუტაციაზე სხვანაირად ზრუნავენ და 35 წელს გადაცილებულებიც კი იმას გაიძახიან, ახლიდან ვიბადეო. როგორც ჩანს, შვედ ფორვარდს ცოტა მობეზრდა კიდეც ფეხბურთის თამაში და კარიერის ნაადრევად დასრულებაზე უჭირავს თვალი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"