პიოლი იმედებით აღსავსეა

AutoSharing Option
გუშინდელ ნომერში გამცნეთ იმის შესახებ, რომ "ბოლონიას" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან პიერპაოლო ბიზოლი გაათავისუფლეს, რაც გუნდის უარყოფითი შდეგებით გახლდათ განპირობებული. შეგახსენებთ, რომ სერია A-ს სტარტიდან ხუთი ტურია გასული, "როსობლუს" აქტივში კი ერთადერთი ქულა და სატურნირო ცხრილში უკანასკნელი ადგილია.

გამომდინარე აქედან, მწვრთნელის გათავისუფლება არავის გაკვირვებია. გუშინ გავრცელებული ცნობის თანახმად, "ბოლონიას" ახალ მთავარ მწვრთნელად სტეფანო პიოლი დანიშნეს, რომელიც ბოლოს "პალერმოს" ედგა სათავეში და მაურიციო ძამპარინის მორიგი მსხვერპლი შეიქმნა.

მოკლედ, პიოლი გაგდებულია სიცილიიდან, თუმცა იმას ნამდვილად ვერ დავიჩემებთ, რომ მის ხელში "პალერმო" ძალიან ცუდად
გამოიყურებოდა. პიოლიზე "ბოლონიას" მესვეურები დიდ იმედებს ამყარებენ, დანარჩენზე კი თავად მწვრთნელი იტყვის:

"საბედნიეროდ, მალე გამომიჩნდა ახალი სამსახური და თანაც ისეთი, როგორსაც კარგა ხანი ველოდი. მართალია, "ბოლონია" სუპერკლუბთა კატეგორიას არ მიეკუთვნება, მაგრამ სამაგიეროდ, ისეთ ხალხთან მომიწევს მუშაობა, რომლებიც ყველანაირად გვერდში დამიდგებიან. ამას კლუბის მესვეურებთან პირველივე შეხვედრაზე მივხვდი და გადაწყვეტილების მიღებაზე დიდ ხანს აღარ მიფიქრია. ორწლიანი ხელშეკრულება გავაფორმე, რომელიც ვფიქრობ, რომ კიდევ არაერთი წლით გახანგრძლივდება. ამ ქალაქში ფანატიკურად უყვართ თავიანთი გუნდი და დიდი იმედი მაქვს, რომ მათ მოლოდინს სრულად გავამართლებ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული