"სკუადრა აძურას" ტრავმები დაერია

AutoSharing Option
იტალიის ნაკრები ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დასკვნითი ორი შეხვედრისთვის ემზადება, რომელიც სერბეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნულ გუნდებთან უნდა გამართოს.

მართალია, "სკუადრა აძურამ" უკვე მოიპოვა ევროფორუმის საგზური, მაგრამ იტალიაში ეს შეხვედრები მაინც კოლოსალურ ინტერესს იწვევს. მას შემდეგ, რაც ჩეზარე პრანდელიმ შემადგენლობა დაასახელა, ბევრი რამე შეიცვალა და ჩვენც მივუბრუნდეთ "აძურას" სამზადისის თემას.

ჩეზარე პრანდელის ტრავმების გამო რამდენიმე ფეხბურთელი გამოაკლდა, რომელთა შორის ერთი დომენიკო კრიშიტო გახლავთ. "ზენიტის" განაპირა მცველი ერთ-ერთი სანაკრებო ვარჯიშისას დაშავდა და შეკრებას ნაადრევად გამოაკლდა. ამის შესახებ "გაძეტა დელო
სპორტს" თავად ფეხბურთელმა განუცხადა:

"საწყენია, რომ ეროვნულ ნაკრებს ვარჯიშზე მიღებული ტრავმის გამო გამოვაკლდი, მაგრამ დროს უკან ვეღარ დავაბრუნებთ და სამედიცინო შტაბის გადაწყვეტილებას უყოყმანოდ დავმორჩილდი. ჩემი მთავარი მიზანი "სკუადრა აძურასთან" ერთად ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობაა, გამომდინარე აქედან, თითოეული შეხვედრა ნაკრების მაისურით უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. მიუხედავად იმისა, რომ სატურნირო მოტივაცია აღარ გვაქვს, სერბეთთან და ჩრდილოეთ ირლანდიასთან პაექრობას მოუთმენლად ველოდებოდი".

მოკლედ, კრიშიტო ნაკრებს გამოაკლდა და მარცხენა ფრთა ჯორჯო კიელინის გადააბარა. დიახ, კიელინის, რადგან პრანდელის თქმით, დომენიკოს შემცვლელს არ გამოიძახებს და დაცვაში უკვე შერჩეულ მოთამაშეებს დაეყრდნობა. გამომდინარე იქიდან, რომ განაცხადში მხოლოდ კრიშიტო გახლდათ ნომინალური მარცხენა მცველი, მისი ადგილის დაკავება სავარაუდოდ სწორედ კიელინის მოუწევს, რომელიც ბოლო პერიოდში სულ უფრო და უფრო ხშირად ასპარეზობს ფრთაზე როგორც ნაკრებში, ისე კლუბში.

პრობლემები აქვს კიდევ ერთ განაპირა მცველს, ფედერიკო ბალცარეტის, რომელიც საპირისპირო ფრთაზე, მარჯვნივ ასპარეზობს. მას მსუბუქი ტრავმა აქვს, თუმცა თამაშებამდე იმდენად მცირე დროა დარჩენილი, რომ დიდია შანსი, მომჯობინება ვერ მოასწროს. პრანდელიმ მისი შემცვლელის გამოძახებაც იუარა, რადგან გუნდში მატია კასანი და კრისტიან მაჯო ეყოლება - ორივე მათგანი სწორედ ამ ამპლუის მოთამაშეა.

პრანდელის ორი თავდამსხმელი გამოაკლდა: მარიო ბალოტელი "მანჩესტერ სიტიდან" და ჯამპაოლო პაცინი "ინტერიდან". აი აქ კი სენიორ ჩეზარე ჩაფიქრდა და დანაკლისის ნაწილობრივ შევსების გადაწყვეტილება მიიღო. პრანდელის თქმით, ხვალ ნაკრებს ერთი თავდამსხმელი შეურთდება, რომლის ვინაობაც მისი ბაზაზე მისვლასთან ერთად გაცხადდება. იტალიელ ჟურნალისტებს ვერაფერს გამოაპარებ და მალევე გაირკვა, რომ ის ერთი ფორვარდი პაბლო ოსვალდო გახლავთ, "რომას" ახალწვეული, რომელმაც სერია A-ს საწყის ხუთ ტურში სამი გოლის გატანა მოახერხა. რაც მთავარია, ოსვალდო არგენტინელი გახლავთ და აქამდე, არასდროს უთქვამს იტალიის ნაკრებში მსურს თამაშიო. უბრალოდ, მას ორმაგი მოქალაქეობა აქვს, იტალიურ პასპორტსაც ფლობს და თავისუფლად შეუძლია "სკუადრა აძურას" ამუნიცია მოირგოს.

აქვე ვთქვათ, რომ 25 წლის თავდამსხმელმა აპენინური კარიერა 2006 წელს "ატალანტაში" დაიწყო, თუმცა იქ მხოლოდ სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლი გაიტანა; შემდეგ "ლეჩეში" გადავიდა, სადაც ერთი წელი დაჰყო, 31 მატჩი გამართა და რვა შედეგიანი დარტყმა მიითვალა აქტივში, რასაც მისი "ფიორენტინაში" გადაბარგება მოჰყვა; ფლორენციაში პაბლომ ორი სეზონი დაჰყო, მხოლოდ 21 თამაში ჩაატარა და ხუთჯერ გამოიჩინა თავი; "რომას" უკმაყოფილო მესვეურებმა პაბლო ერთი წლით "ბოლონიაში" გაუშვეს, 2010 წლიდან კი სულაც ლა ლიგაში, კერძოდ კი "ესპანიოლში" ამოჰყო თავი; ოსვალდო სერია A-ს ლუის ენრიკეს ინიციატივით დაუბრუნდა და დღეს, "რომას" ღირსებას იცავს - სწორედ დედაქალაქურ გუნდში წარმატებული ასპარეზობით მიიქცია პრანდელის ყურადღება.

ამასობაში, ოსვალდოს ნაკრეებში გამოძახების თემას ჩეზარე პრანდელი გამოეხმაურა და შემდეგი განაცხადა: "სიმართლე გითხრათ, ძალიან მიკვირს პრანდელის ასეთი გადაწყვეტილება, რადგან კაცმა არ იცის, ოსვალდოს საერთოდ სურს თუ არა ნაკრებში თამაში. ამასთან, მან მხოლოდ ხუთი შეხვედრა ჩაატარა მაღალ დონეზე და ვფიქრობ, რომ ასე მალე და იოლად ფეხბურთელი არ უნდა იმსახურებდეს სანაკრებო გამოძახებას. ამასთან, რა საჭიროა კიდევ ერთი უცხოელის მიწვევა, როდესაც ძალიან ბევრი მაღალი კლასის ფორვარდი გვყავს, მაგალითაად ალესანდრო მატრი, რომელიც გამოძახებულთა სიაში ვერ ამოვიკითხე.

პრინციპში, პრანდელიმ თავიდანვე მიგვანიშნა, რომ უცხოელების გამოძახებაზე უარს არ იტყოდა, სწორედ ამ მოტივით იხმო ჯერ ტიაგო მოტა, შემდეგ კი კრისტიან ლედესმა. ვფიქრობ, საქმისადმი ასეთი მიდგომა ჩვენს ნაკრებს კარგს არაფერს მოუტანს".

ბოლოს, აღვნიშნოთ, რომ იტალიის ნაკრები სერბეთს ბელგრადში 7 ოქტომბერს დაუპირისპირდება, ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნულ გუნდს კი ოთხ დღეში, 11 ოქტომბერს უმასპინძლებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული