სერია A-ს ოროსნები

AutoSharing Option
სერია A-ს მიმდინარე გათამაშების დაწყებიდან ხუთი ტურია გასული და უკვე შეგვიძლია ვისაუბროთ იმ ფეხბურთელთა შესახებ, რომლებმაც გულშემატკივრებს თავი საუკეთესო კუთხით დაანახვეს.

ბუნებრივია, ჯერ ძალიან ადრეა სეზონის აღმოჩენებზე, იმედგაცრუებებზე და მსგავს თემებზე საუბარი, მაგრამ ასეთი ლოკალური კონკურსის ჩატარება მაინც შესაძლებელი გახლდათ და ჩატარდა კიდეც. იმ ხუთი ფეხბურთელის შესახებ უკვე ვისაუბრეთ, რომლებმაც ტიფოზებს თავი საუკეთესო კუთხით დაამახსოვრეს, დღეს კი იმ ხუთ მოთამაშეზე შევჩერდებით, რომლებმაც ვერ გაამართლეს მათზე გაცემული ავანსები.

კრისტიან აბიატი (მილანი, 34 წლის)
“მილანის” კიპერმა გასული სეზონი უმაღლეს დფონეზე ჩაატარა და
დიდი წვლილი შეიტანა მისი გუნდის გაჩემპიონებაში. აბიატი იმდენად კარგად გამოიუყურებოდა, რომ იტალიელ გულშემატკივართა ნაწილი მის ეროვნულ ნაკრებში გამოძახებას ითხოვდა. შეგახსენებთ, რომ კრისტიანს არასდროს უიასპარეზია “სკუადრა აძურაში” და არაერთხელ აქვს ნათქვამი, რომ ეს მისი უპირველესი ოცნებაა.

აი, მიმდინარე სეზონი კი აბიატიმ ისე დაიწყო, რომ ეროვნულ ნაკრებზე ოცნებაც კი გაუჭირდება – თითქმის ყველა შეხვედრაში არადამაჯერებელი გახლდათ, “უდინეზესთან” და “იუვენტუსთან” მატჩებში კი ბავშვური შეცდომები დაუშვა და ნათლად დაგვანახვა, რომ ძალიან ცუდ ფორმაშია. თუ ასე გააგრძელა, მასიმილიანო ალეგრის სათადარიგოთა სკამისთვის მოუწევს თვალის შევლება, სადაც მას მარკო ამელია უზის.

მარკო დი ვაიო (ბოლონია, 35 წლის)
ბოლო ორი სეზონია მარკო დი ვაიო “ბოლონიას” მთავარმეგოლე და უდავო ლიდერია. სწორედ ამ ფეხბურთელს უნდა უმადლოდნენ “ლურჯ-წითლები”, რომ დღეს სერია ბ-ში არ უწევთ ასპარეზობა. შესაბამისად, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში დი ვაიოს კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივეს ხელშეკრულება და თავდასხმის საკითხი მოგვარებულად მიიჩნიეს.

რეალობა სხვაგვარი გამოჩნდა – ჩემპიონატის დაწყებიდან ხუთი ტური მიილია, დი ვაიო კი ჯერჯერობით ვერაფრით აჩვენებს იმ თამაშს, რომელსაც მისგან გუნდის გულშემატკივრები მიჩვეულნი არიან. რამდენიმე დღის წინ, “ბოლონიას” მწვრთნელი გამოუცვალეს, პიერპაოლო ბიზოლის ნაცვლად, გუნდს სტეფანო პიოლი ჩაუდგა სათავეში და როგორც პირველივე ბრიფინგზე განაცხადა, დი ვაიოს დიდი იმედი აქვს და მას სასტარტო შემადგენლობის ფეხბურთელად მოიაზრებს. ვნახოთ, ათამაშდება თუ არა მარკო ძველებურად...

ელჯერო ელია (იუვენტუსი, 24 წლის)
ჰოლანდიის ნაკრების გარემარბში ტურინულმა გრანდმა ცხრა მილიონი ევრო გადაიხადა, თუმცა ჯერჯერობით, ელია “იუვენტუსს” არაფერში ადგია. სეზონის წინ, ანტონიო კონტე გამალებით ეძებდა ფლანგის შემტევს და არჩევანი სწორედ ჰოლანდიელზე შეაჩერა, რომელუც სასტარტო შემადგენლობისთვის მოიაზრებოდა. თუმცა, ჯერ კიდევ საკონტროლო შეხვედრებში ელიამ ვერაფერი შთაბეჭდილება დატოვა და კონტემ სათადარიგოთა სკამზე უკრა თავი.

ძირითად შემადგენლობაში მეტწილად სიმონე პეპეს და მილოშ კრასიჩს უწევთ ასპარეზობა, შეცვლებზე კი ემანუელე ჯაკერინი და ელია შედიან. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ იგივე ჯაკერინი გაცილებით უკეთეს შთაბეჭდილებას ტოვებს და ჰოლადიელისგან განსხვავებით, ძირითად თერთმეტეულზეც აცხადებს პრეტენზიას. ვნახოთ, შეიცვლება თუ არა რამე მომავალში, ჯერჯერობით კი ელია “იუვენტუსს” არაფერში ადგია.

ანდრეა კარაჩოლო (ჯენოა, 30 წლის)
გასულ სეზონში, ანდრეა კარაჩოლო “ბრეშას” ლიდერი გახლდათ და ფაქტობრივად მარტო იბრძოდა იმისთვის, რომ გუნდი ელიტარულ დივიზიონში დაეტოვებინა. მიუხედავად იმისა, რომ მიზანს ვერ მიაღწია, მისი შესანიშნავი ასპარეზობა უყურადღებოდ არ დარჩენილა და სერია ა-ს კლუბებისგან არაერთი შეთავაზება მიიღო. შეგვიძლია ჩამოვთვალოთ კიდეც თუ რომელ გუნდებს სურდათ ანდრეას გადაბირება და ყველაფერში თავად დარწმუნდებით: “ფიორენტინა”, “პარმა”, “ბოლონია”, “კალიარი”, “უდინეზე”, “ჯენოა”.

კარაჩოლომ არჩევანი “ჯენოაზე” შეაჩერა და ამით, გენუური კლუბის მესვეურები ძალიან გაახარა. დიდხანს ლაპარაკობდენ იმის შესახებ, რომ როდრიგო პალასიოსა და ანდრეა კარაჩოლოსგან შემდგარი ტანდემი რისხვას დაატეხდა თავს მეტოქე უკანახაზელებს. პალასიოს გმირობების შესახებ მაშინ ვისაუბრეთ, როდესაც საუკეთესო ხუთეული ჩამოვთვალეთ, აი კარაჩოლო კი ჩრდილშია მოქცეულია და ჯერჯერობით, გუნდს არაფერში ადგია.

ლორიკ კანა (ლაციო, 28 წლის)
ზახულში “ლაციოს” მესვეურებმა არაერთი საინტერესო ტრანსფერი გაჩარხეს, მათ შორის გამორჩეული კი მიროსლავ კლოზესა და ჯიბრილ სისეს გადაბირება გახლდათ. თუმცა, ჯერ კიდევ სეზონის წინ, ედუარდო რეიამ მოულოდნელი კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ახალწვეულთაგან ყველაზე მეტად ლორიკ კანასი ეიმედება.

ალბანელი ნახევარმცველი საფრანგეთში, ინგლისსა და თურქეთში ასპარეზობდა და ყველგან მაღალი კლასის ფეხბურთელად დაგვამახსოვრა თავი. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ რამდენიმე გუნდში სულაც კაპიტნის სამკლავური ეკეთა. მოკლედ, კანაზე “ლაციოს” მთავარმა მწვრთნელმა დიდი იმედები დაამყარა, თუმცა ჯერჯერობით, ალბანელი ჩრდილშია მოქცეული. როგორც იტალიელი ჟურნალისტები იუწყებიან, ლორიკი ვარჯიშებზეც კი არადამაჯერებლად ირჯება და შესაბამისად, ძირითად შემადგენლობაში მისი ადგილი ვერ მოიძებნა.

რეიამ მხოლოდ ერთხელ, “პალერმოსთან” პაექრობაში ანდო სასტარტო თერთმეტეულში ადგილი და ისიც მწარედ ინანას, რაზეც მისი შესვენებისას შეცვლა მეტყველრბს. ელიას მსგავსად, კანას იტალიური კარიერის წარუმატებლობაზე ლაპარაკი ჯერ ძალიან ადრეა, მაგრამ სეზონის სტარტი რომ ჩააგდო, ეს ცხადზე ცხადია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული