სერბეთი (4-4-2): იორგაჩევიჩი - ივანოვიჩი, სუბოტიჩი, რაიკოვიჩი, კოლაროვი - ფეისა (15. პეტროვიჩი), სტამკოვიჩი (86. ივანოვიჩი), კრასიჩი (76. ზიგიჩი), ტომიჩი - ნინკოვიჩი, პანტელიჩი.
იტალია (4-4-2): ბუფონი - მაჯო, ბარცალი, ბონუჩი, კიელინი - პირლო, დე როსი, მონტოლივო (82. აკვილანი), მარკიზიო (70. ნოჩერინო) - კასანო (67. ჯოვინკო), როსი.
გოლები: 0:1 მარკიზიო (1), 1:1 ივანოვიჩი (25).
უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩეზარე პრანდელის იტალიის ნაკრები გაცილებით უფრო ძლიერია, ვიდრე ის გუნდი, რომელსაც მარჩელო ლიპი მთელი ორი წელი აკეთებდა და მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე
ისევ კასანო-როსი
პრანდელიმ თავდასხმის წინა ხაზში ანტონიო კასანოსა და ჯუზეპე როსის ტანდემი გაამწესა, რასაც იტალიელი გულშემატკივრები უკვე მიეჩვიენ კიდეც. ტექნიკური თავდამსხმელები კარგად ინარჩუნებენ ბურთს და შეტევას კრეატიულს ხდიან. მიუხედავად იმისა, რომ არც როსისა და განსაკუთრებით არც კასანოსთვის, ეს საუკეთესო შეხვედრა არ იყო, მათ მაინც ბევრი პრობლემა შეუქმნეს მეტოქე მცველებს და რიგ ეპიზოდებში დაჩაგრეს კიდეც. დარჩა შთაბეჭდილება, რომ სატურნირო მოტივაციის პირობებში, იტალიელები უფრო კონცენტრირებულნი იქნებოდნენ დამაგვირგვინებელ ფაზაში და სერბებს აუცილებლად დაამარცხებდნენ. ბოლო ფაზაში კი ხშირად კასანო და როსი სცოდავდნენ, ფანტაზისტები, რომლებსაც ხშირად ზედმეტად ეფექტურად უნდოდათ გოლის გატანა, ან კარში დარტყმას ისევ გადაცემას ამჯობინებენ. თუმცა, ეს ვერაფრით ჩაითვლება ნაკლად და თანაც იმ შეხვედრაში, რომელიც იტალიელთათვის პრაქტიკულად არაფერს წყვეტდა.
მატჩის შემდეგ, საინტერესო კომენტარი გააკეთა ჯუზეპე როსიმ: "ჩემი პირადი აზრით, იტალიის ნაკრები ასეთ სანახაობრივ ფეხბურთს ბოლო წლებში არ თამაშობდა. ეს მხოლოდ სერბეთთან პაექრობაზე არ ითქმის, უკანასკნელი პაექრობები აღმაფრენით ჩავატარეთ და სასურველ რეზულტატსაც მივაღწიეთ. "აძურაში" თამაში უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს და ვფიქრობ, რომ ჩვენ დიდი მომავალი გვაქვს.
რაც შეეხება კასანოს მხარდამხარ ასპარეზობას, ამაზე კარგს თავდამსხმელი უბრალოდ ვერ ინატრებს, ანტონიო თითქოს ზურგით ხედავს და ყველაფერი იცის, სად აპირებ წასვლას და სად უნდა მოგცეს პასი".
გოლი
სერბეთში ჩასვლამდე კლაუდიო მარკიზიომ "გაძეტა დელო სპორტს" მოკლე ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ მისთვის ყველაზე დიდი ოცნება ეროვნული ნაკრების მაისურით გოლის გატანა იყო. დიახ, კლაუდიოს არ ჰქონდა სანაკრებო გოლი გატანილი და მიზანს სწორედ ბალკანელებთან შეხვედრაში მიაღწია. შეხვედრის დაწყებიდან მხოლოდ ერთი წუთი იყო გასული, როდესაც იტალიელებმა რამნდენიმესვლიანი კომბინაცია გაითამაშეს, რომლის ბოლო აკორდიც ჯუზეპე როსის შესანიშნავი პასი და კლაუდიო მარკიზიოს კიპერთან პირისპირ დარჩენა გახლდათ - "იუვენტინომ" შანსი ხელიდან არ გაუშვა და დააწინაურა სტუმრები. მატჩის შემდეგ, მარკიზიო კმაყოფილი იყო:
"ეს იყო საოცარი განცდა, რომელიც მინდა, რომ კიდევ ძალიან ბევრჯერ განმეორდეს. თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან მოტივირებულ, საკმაოდ ძლიერ მეტოქეს ქულა ავართვით, ამასთან, ჩემი პირველი სანაკრებო გოლი გავიტანე კარიერაში. ვფიქრობ, რომ სწორი კურსით მივდივართ და შრომა აუცილებლად დაგვიფასდება. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ნაკრები ყველა რგოლში თანმაბრად კარგად არის დაკომპლექტებული და ეს აუცილებლად გამოიღებს იმ შედეგს, რომელსაც ჩვენი გულშემატკივრები ელოდებიან".
ოსვალდო მოტას კვალზე
დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა პანლო ოსვალდოს იტალიის ნაკრებში გამოჩენას და ამის შესახებ მომდევნო ნომერში უფრო ვრცლად ვისაუბრებთ. მართალია, "რომას" თავდამსხმელს თამაშში მონაწილეობა არ მიუღია, მაგრამ პრესის ყურადღება მაინც დაიმსახურა და შემდეგი განაცხადა:
"ჩემი წინაპრები იტალიელები იყვნენ და მეც, თავს იტალიელად ვთვლი. ამიტომ, ეროვნული ჰიმნიც ვიმღერე და ის ემოციებიც განვიცადე, რაც ეროვნულ ნაკრებში თამაშს თან ახლავს. არ მესმის იმ ხალხის, ვინც წინააღმდეგია ჩემი "აძურაში" ყოფნის, მსურს, რომ ეროვნულ გუნდს წარმატება მოვუტანო და კარგი იქნება, თუ ამის საშუალება ზედმეტი აჟიოტაჟის გარეშე მომეცემა".
კმაყოფილი პრანდელი
შესავლის გარეშე, სიტყვა პირდაპირ "აძურას" მწვრთნელს გადავცეთ:
"შეგირდებმა თითქმის ყველა დავალება უშეცდომოდ შეასრულეს და ნორმალურ შედეგსაც მივაღწიეთ. მართალია, ევროპის ჩემპიონატის საგზური უკვე მოპოვებული გვქონდა, მაგრამ სერბეთთან თამაშის რეზულტატსაც დიდი მნიშვნელობა მივანიჭეთ და საპატიო ქულაც ავიღეთ. ბალკანელებს საკმაოდ ძლიერი გუნდი ჰყავთ, ყველა რგოლში კარგად დაბალანსებული და გამომდინარე აქედან, არც შედეგით და არც თამაშის ხარისხით, უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ.
დღეს უკვე შემიძლია ვთქვა, რომ ის ბირთვი უკვე გამოიკვეთა, რომელსაც ევროფორუმზე დავეყრდნობი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ დებიუტანტები არ გვეყოლება, მაგრამ ძირეულ ცვლილებებს აღარ უნდა ველოდოთ - ერთში დარწმუნებული ვარ, იტალიის ნაკრები კონტინენტის პირველობაზე თავს არ შეირცხვენს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"