მაძარი: ფავორიტი "იუვეა"

AutoSharing Option
"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაძარიმ "კორიერე დელო სპორტს" ინტერვიუ მისცა და ბევრ საინტერესო საკითხზე ისაუბრა. როდესაც მას სერია A-ს მთავარი ფავორიტის დასახელება სთხოვეს, ერთობ მოულოდნელი განცხადება გააკეთა და მილანურ გრანდებზე ზემოთ ტურინის "იუვენტუსი" დააყენა:

"ერთ-ერთ ინტერვიუში ჯიჯი ბუფგონმა თქვა, რომ "ნაპოლის" სამ ფრონტზე ასპარეზობა ძალიან გაუჭირდება, რაშიც რთულია, რომ მას არ დაეთანხმო. ნამდვილად გაგვიჭირდება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ წარმატების მიღწევის შანსი არ გვაქვს. ვგრძნობ, საკმარისი გამოცდილება დავაგროვე საიმისოდ, რომ ნებისმიერ სირთულეს გავუმკლავდე და ყველაზე მძიმე მდგომარეობიდან გამოვძვრე. საბედნიეროდ,
ამაში შეგირდებიც ბოლომდე მიწყობენ ხელს. ამით იმის თქმა მინდა, რომ სკუდეტოსთვის ბრძოლას ვაპირებთ და მიზნის მისაღწევად თავს არ დავზოგავთ.

რაც შეეხება მთავარ ფავორიტს, ასეთად "იუვენტუსი" მიმაჩნია, გუნდი, რომელიც სატრანსფერო პერიოდში გვარიანად გაძლიერდა და ძალიან კარგ ფეხბურთს თამაშობს. ანტონიო კონტეს ზემოტივირებული ფეხბურთელები ჰყავს, ეს კი წარმატების ერთ-ერთი მთავარი საწინდარია".

ვალტერ მაძარიმ მის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და შემდეგი განაცხადა: "ჯერჯერობით, "ნაპოლიდან" წასვლას არ ვაპირებ, რადგან აქ ყველაფერი მომწონს და მაკმაყოფილებს. რამდენიმე წლის შემდეგ კი ალბათ უცხოეთში წავალ და სხვა ქვეყანაში გამოვცდი საკუთარ შესაძლებლობებს. ეს დიდი გამოწვევა იქნება ჩემთვის, რომელსაც მოვა დრო და სიამოვნებით მივიღებ. რომელ ქვეყანაში მსურს მუშაობა? - მაგალითად ინგლისში, საიდანაც გასულ ზაფხულს არაერთი შეთავაზება მივიღე. იმედი მაქვს, როდესაც ჩემი და "ნაპოლის" თანამშრომლობა დასრულდება, ინგლისში გადაბარგების შესაძლებლობა კვლავაც მომეცემა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული