ქურდობა ნეაპოლურად

AutoSharing Option
მაშინ, როდესაც ედინსონ კავანი ურუგვაიში იმყოფებოდა ეროვნული ნაკრების დასახმარებლად, მისი ნეაპოლური ბინა გაქურდეს და სახლიდან პრაქტიკულად ყველაფერი გაიტანეს, რასაც კი ფასი ედო. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ქურდებმა "ნაპოლის" ორი მაისურიც გააყოლეს ხელს, ფეხბურთელს კი შემდეგი შინაარსის წარწერა დაუტოვეს:

"ძალიან დიდ პატივს გცემთ, ჩვენ თქვენი გულშემატკივრები ვართ, მაგრამ ამ ნაბიჯის გადადგმა დუხჭირმა ცხოვრებამ გვაიძულა. ამასთან, დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს ზარალი თქვენ ეკონომიურ მდგომარეობას ძალიან არ დაამძიმებს და ზარალს პირველივე ხელფასზე აინაზღაურებთ".

დიახ, აი ასეთი ტექსტი დახვდათ კავანის სახლში შესულ კარაბინიერებს,
რომლებმაც ქურდებს ვერ მიუსწრეს. აღნიშნულმა ამბავმა ცნობილი იტალიური ფილმი: "ოპერაცია წმინდა იანვარიუსი" გაგვახსენა, სადაც მოქმედება ასევე ნეაპოლში ხდება, ქურდები კი თავიანთ წმინდანს სწორედ იმ მოტივით ძარცვავენ, რომ ამით მის დიდებას მაინც არაფერი დააკლდება, თვითონ კი მძიმე ცხოვრებას დააღწევენ თავს. მოკლედ, ნეაპოლი არ იცვლება.

ტირინოს ავტობუსი ავარიაში მოყვა
"ვერონასთან" გასვლითი პაექრობის შემდეგ, "ტორინოს" ავტობუსი ავარიაში მოჰყვა, ამ საგზაო ინციდენტს კი ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავტობუსს საპირისპირო გზიდან მომავალი მსუბუქი ავტომობილი შეასკდა, რომელმაც თავის მხრივ მას შემდეგ შეიცვალა მიმართულება, რაც უკნიდან ყველგანმავალი ავტომობილი დაეჯახა - შედეგად, მსუბუქი მანქანა მთლიანად დაილეწა, შიგ მჯდომი სამი ადამიანიდან კი ორმა ადგილზე განუტევა სული. რაც შეეხება მესამეს, უმძიმეს მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.

საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა ავტობუსში მყოფთაგან, ანუ გუნდის წევრები ინციდენტიდან უვნებელნი გამოძვრნენ. ავარიაში დამნაშავედ ყველგანმავალი ავტომობილის მძღოლი სცნეს, რომელიც მიიმალა ინციდენტის ადგილიდან და დღემდე იძებნება.

"ტირინოს" ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ წერილში ნათქვამია, რომ ფეხბურთელები შოკირებულნი არიან მომხდარით, კლლუბის მესვეურებმა კი შესაძლოა "ლეგა კალჩოს" მომდევნო მატჩის გადადება მოსთხოვონ, რითაც პატივს მიაგებენ გარდაცვლილთა ხსნოვნას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული