უკვე 20 მილიონი დიეგოში

AutoSharing Option
დიეგოს სავარაუდო ტრანსფერის შესახებ ბოლო დროს ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდებოდა. თავიდან, თითქოს, "იუვენტუსიდან" მისი წასვლა გადაწყვეტილად ჩანდა, შემდეგ "ბებერი ქალბატონის" მთავარმა მწვრთნელმა ლუიჯი დელ ნერიმ განაცხადა, რომ ბრაზილიელი პლეიმეიკერი სჭირდება, თუმცა ამის მიუხედავად, მაინც სავსებით რეალურია, რომ დიეგომ კლუბი შეიცვალოს.
"ვოლფსბურგი" ფარ-ხმლის დაყრას არ აპირებს - გერმანული კლუბი უკვე 20 მილიონ ევროს იძლევა, ნაცვლად წინა კვირას შეთავაზებული 14-სა. იტალიური პრესა ვარაუდობს, რომ ტურინელები ამჯერად უარს აღარ იტყვიან.

ცნობისთვის, შარშან "იუვემ" დიეგო "ვერდერისგან" 25 მილიონ ევროდ შეიძინა. ბრაზილიელმა მასზე გაცემული ავანსები ვერ
გაამართლა.

...ამასობაში კი "იუვენტუსს" ანტონიო დი ნატალეს შეძენა სურდა და მზად იყო, მის სანაცვლოდ "უდინეზესთვის" 7 მილიონი ევრო გადაეხადა, მაგრამ 32 წლის თავდამსხმელმა კლუბის შეცვლა არ ისურვა. "წასვლა არსად მსურს, "უდინეზეში" თავს ბედნიერად ვგრძნობ და მინდა, კარიერა აქ დავასრულო", - განაცხადა დი ნატალემ.

თითქმის გადაწყვეტილია, რომ ესპანურ ლა ლიგაში აღზევებული ალიკანტეს "ერკულესი" დავიდ ტრეზეგეს წაიყვანს. ფრანგი "იუვენტუსის" ღირსებას 2000 წლიდან იცავს და "ბიანკონერის" მაისურით 317 მატჩში 170 გოლიც აქვს გატანილი. "ერკულესის" გარდა, "ტრეზეგოლს" ფრანგული და ამერიკული კლუბებიც იწვევენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული