ამდენად, რობინიოს დამატებით "მილანის" სახელფასო ფონდი კრიტიკულ ზღვარს გადაცდებოდა, თანაც ჩამოთვლილი ექვსი ფორვარდიდან სულ ცოტა ოთხს სათადარიგოთა სკამის ხეხვა
გალიანიმ ბევრი იფიქრა, თუ სად გაეშვა ბოლო სეზონში 26 მატჩის ჩამტარებელი და 14 გოლის გამტანი ბორიელო. საბოლოოდ თავის ტურინელ კოლეგებს დაუკავშირდა და მათ საიჯარო ოპერაციაზე შეუთანხმდა. ისე გამოდიოდა, რომ ერთი წლით მოსული "იბრა" "წითელ-შავ" გუნდში ერთი წლითვე "იუვენტუსში" განათხოვრებული ბორიელოს ადგილს დაიკავებდა, "მილანი" კი გარკვეული თანხის სანაცვლოდ "მანჩესტერ სიტისგან" რობინიოს დაიმატებდა. თითქოსდა, ყველაფერი კარგადაა და მრავალსვლიანი კომბინაციაც ლოგიკურ დასასრულამდე მივიდოდა. მაგრამ...
მარკო ბორიელოში ნეაპოლელმა გაიღვიძა. ამაყმა სამხრეთელმა თქვა: "ბავშვი და დამწყები არ ვარ, რომ ჩემი თავი ვიღაცას ჩემს დაუკითხავათ მიაქირაოთ. თუ წასვლაა, საბოლოოდ წავალ, თორემ იჯარა რა არის, ჩემზე კარგად დუნიაზე არავის გაეგება".
მარკოს უნდა დავუჯეროთ, სხვა გზა არ არის – პირველად იგი "ტრევიზოს" მიერ "ტრიესტინაში" განათხოვრდა, ხოლო შემდეგ "მილანის" საკუთრება გახდა და აი მაშინ დაიწყო, რაც დაიწყო: "როსონერიმ" ბორიელო ჯერ "ემპოლის" ათხოვა, მერე "რეჯინას", მერე "სამპდორიას", მერე "ტრევიზოს"... შთამბეჭდავი ჩამონათვალია და ძნელი მოსაძებნია მსგავსი კარიერის პატრონი სხვა ფეხბურთელი. სამი წლის წინათ კი მასზე უფლებების ნაწილი "ჯენოამ" იყიდა და მიუხედავად ამისა, "მილანი" ბორიელოს კვლავ უპირებდა დროებით გასხვისებას.
მართალია, ეს "იუვენტუსი" უნდა ყოფილიყო და არა "ტრევიზო" ან "ემპოლი", მაგრამ ბორიელო თავმოყვარეობამ შეაწუხა.
არადა, როცა მარკომ პროტესტი სახალხოდ გამოთქვა, "მილანი" და "სიტი" რობინიოს თაობაზე უკვე მორიგებულნი იყვნენ, ხოლო ბრაზილიელი დრიბლიორი ლომბარდიის მთავარ ქალაქში სამედიცინო შემოწმებას გადიოდა და კონტრაქტზე ავტოგრაფის დატოვებისთვის ემზადებოდა. ბორიელოს ურჩობამ საფრთხის ქვეშ მთელი კომბინაცია დააყენა და სწორედ ამ დროს გამოჩნდა "რომა".
დედაქალაქელმა "მგლებმა" რამდენიმესაათიანი ფიქრის შემდეგ უფრო მწვავე ცაიტნოტში აღმოჩენილ "მილანს" 15 მილიონი ევრო გადაურიცხეს, მარკო ბორიელო დაიმატეს და მექანიზმიც ისე ამუშავდა, როგორც ეს დიდმა კომბინატორმა ადრიანო გალიანიმ ჩაიფიქრა.
ყველაფერი თავის ადგილზე დადგა: ბორიელო სრულფასოვანი კონტრაქტით "რომას" შეუერთდა; "სიტიმ" რობერტო მანჩინის მიერ ათვალწუნებული რობინიო მოიშორა და ბედნიერმა (და ჭირვეულმა) ბრაზილიელმა თავისი ბედი "როსონერის" ოთხი წლით დაუკავშირა; "მილანმა" კლას-იან ჰუნტელარი "შალკეს" მიჰყიდა და რობინიოს შესაძენი თანხა შეავსო. სავარაუდოდ, "ჯენოამ" ბორიელოზე თავისი უფლებები საქართველოს ნაკრების კაპიტან კახა კალაძეში გაცვალა; ხოლო "მილანმა" ისეთი შეტევის ხაზი მიიღო, რომლის შემადგენლობის ჩამოთვლისას ნებისმიერ მეკარეს მუხლები აუკანკალდება – ალეშანდრე პატუ, ფილიპო ინძაგი, რონალდინიო, ზლატან იბრაჰიმოვიჩი და რობინიო!
მოკლედ, მასიმილიანო ალეგრის წინაშე რთული ამოცანა დგას: როგორი საქმეა, ასეთი თანავარსკვლავედიდან ვიღაცას სათადარიგოთა სკამისკენ უნდა მიუთითო?! ეს პრობლემები მოსაგვარებლად მწვრთნელს დავუტოვოთ, ჩვენ კი, წესითა და რიგით, ისეთი "მილანის" ხილვის პრეტენზია უნდა გაგვიჩნდეს, როგორზეც მისი ფანები ბოლო წლებში მხოლოდ ოცნებობდნენ.