რობერტო ბაჯო - ლეგენდა წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე

AutoSharing Option
ალბათ ყველა საფეხბურთო ქვეყანაშია ერთი მოთამაშე, რომელიც გულშემატკივრებს განსაკუთრებულად უყვართ.

მაგალითად, არგენტინაში დიეგო არმანდო მარადონა, ჰოლანდიაში იოჰან კრუიფი, გერმანიაში ფრანც ბეკენბაუერი, ბრაზილიაში თვით პელე...

თუმცა, არა - ამბობენ, რომ ბრაზილიელებს ყველაზე მეტად გარინჩა უყვართ, პელე კი უბრალოდ ფეხბურთის მეფეა, ყველა დროის საუკეთესო მოთამაშე...

ანუ, არ უნდა აგვერიოს: ერთია საუკეთესო ფეხბურთელი და მეორე, ფეხბურთელი, რომელიც გულშემატკივრებს ყველაზე მეტად უყვართ.

საუკეთესოზე ვერაფერს გეტყვით და ერთი კი ფაქტია, იტალიაში ყველაზე მეტად რობერტო ბაჯო უყვართ, "კალჩოს" ცოცხალი ლეგენდა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ, 18 თებერვალს
45 წელი შეუსრულდა.

რობერტო ბაჯოზე ძალიან ბევრის თქმა შეიძლება, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც თავად რობის უნდა მოვუსმინოთ, რომელიც "რაი სპორტს" ესაუბრა და ბევრ საინტერესო საკითხზე გამოთქვა მოსაზრება. მოვუსმინოთ იუბილარს...

45 წელი
ცხოვრება ძალიან საინტერესოა და ყველა ასაკს თავისი ხიბლი აქვს, მაგრამ ერთზე ძალიან მწყდება გული - ვეღარასოდეს გავაკეთებ იმ საქმეს, რომელიც ყველაფერზე მეტად მოყვარს. ყოველთვის მიკვირს იმ ფეხბურთელების, რომლებიც აცხადებენ, რომ თამაში მობეზრდათ და კარიერის დასრულებაზე ნაადრევად ფიქრობენ.

ასეთი რამ არასდროს დამმართნია და მხოლოდ მაშინ შევეშვი ბურთის გორებას, როდესაც მივხვდი, რომ აღარ შემეძლო. ფიზიკურ ფორმას რომ ხელი შეეწყო, ალბათ დღესაც მოედანზე ვიქნებოდი და ფეხბურთს ვითამაშებდი. და არ აქვს არავითარი მნიშვნელობა უმაღლესი მიზნებისთვის ვიბრძოლებდი თუ გადარჩენისთვის, ეს ჩემთვის ყოველთვის მეორეხარისხოვანი იყო.

მართალია, ფეხბურთს ვეღარ ვთამაშობ, მაგრამ ვცდილობ, რომ არც ამ ასაკში მოვწყდე სპორტის უპირველეს სახეობას.

იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ერთ-ერთი კონსულტანტი ვარ და ვცდილობ, პრანდელის რჩევები მივცე. თუმცა, ვაღიარებ, რომ ეს ძალიან ძნელია, რადგან ჩეზარემ თავისი საქმე შესანიშნავად იცის., ამასთან, ვმოგზაურობ სხვადასხვბა ქვეყნებში და ვცდილობ გაჭირვებულ ადამიანებს დავეხმარო, საქველმოქმედო ღონისძიებებში მივიღო მონაწილეობა. ეს ჩემ ვალდებულებად მივიჩნიე და იმედია, საქმეს კარგად ვართმევ თავს.

კარიერა
განვლილი კარიერით ძალიან კმაყოფილი ვარ და არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, რამდენი და რა რანგის ტიტრულები მოვიპოვე. მთავარია, რომ წლების განმავლობაში ჩემი საქმით უდიდეს სიამოვნებას ვიღებდი და ამით, გულშემატკივარიც მემადლიერებოდა. ეს თავისთავად, ავტომასტურად ხდებოდა და როდესაც ხალხის სიყვარულს გრძნობ, იქ უკვე არაფერზე აღარ უნდა ინანო.

რომელი გოლი დამამახსოვრდა ყველაზე მეტად? - 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალურ ეტაპზე ნიგერიის ნაკრების კარში გატანილი გოლი, რომელმაც მუნდიალიდან გამოვარდნას გადაგვარჩინა.

ანგარიში ბოლო წუთებზე გავათანაბრე და შემდეგ, მოვიგეთ კიდეც ის თამაში. იმ გოლმა ენითაუწერელი ემოციები მომგვარა, ამის გადმოცემა სიტყვებით მართლაც შეუძლებელია. ისე კი, გოლებზე მეტად პასების კეთება მსიამოვნებდა - საოცარი შეგრძნებაა, როდესაც გახსნილ პარტნიორს დაინახავ, გამჭოლ გადაცემას გაუკეთებ და მეკარესთან პირისპირ დატოვებ... პასი, ფეხბურთში ყველაზე დიდი ხელოვნებაა.

განვლილი კარიერით ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან ვითამაშე ისე, როგორც ეს ჩემს გულს უხაროდა.

თანამედროვე ფეხბურთი
ფეხბურთი არ იცვლება, იცვლებიან ფეხბურთელები და სამწუხაროდ, უარესობისკენ... დღეს, მოთამაშეები მხოლოდ ფინანსური ინტერესების გათვალისწინებით იღებენ გადაწყვეტილებას, რაც ყველაზე მეტად არ მომწონს. ვერ ვხვდები რა აზრი აქვს, ექვს მილიონ ევროს იღებ წელიწადში, თუ ცხრას? - ნუთუ ასეთი მნიშვნელოვანია 7 ფერარი გეყოლება ფარეხში თუ 12? - ჩემი აზრით, ფეხბურთელი კონცენტრირებული უნდა იყოს თამაშზე და სპორტულ მოტივაციაზე, დღეს კი ამის დეფიციტია.

ყველაზე მეტად, "ბარსელონას" თამაში მომწონს, რომელსაც ჩემი ახლო მეგობარი პეპ გვარდიოლა უდგას სათავეში. ამ გუნდს თავისი ფილოსოფია აქვს, სადაც ყველაზე მთავარი გუნდის ინტერესები, გუნდის ისტორიაა. "ბარსას" მიზანია, გულშემატკივართა გულები არა შედეგით, არამედ სანახაბრივი ფეხბურთით მოიგოს და ეს არის უმთავრესი. სწორედ ეს არის ჩემთვის სპორტული მოტივაცია და ამას მოსდევს კიდეც დადებითი რეზულტატი. ჩემი სურვილი იქნება, რომ "ბარსელონას" სხვა გუნდებმაც მიბაძონ.

კალჩო
იტალიური ფეხბურთი უკეთესობისკენ იცვლება და ეს ძალიან მახარებს. სერია A-ში არაერთი ისეთი გუნდია, რომლის თამაშის ხილვა სიამოვნებას მანიჭებს. თუნდაც "იუვენტუსი", რომელიც ასეთი შემტევი და ასეთი ლაღი იშვიათად ყოფილა უმდიდრესი ისატორიის მანძილზე. ძალიან მომწონს "რომა", რომელსაც ლუის ენრიკე აყალიბებს.

დედაქალაქელები შემტევ, კომბინაციურ ფეხბურთს თამაშობენ და დარწმუნებული ვარ, რომ შედეგსაც მალე მოიმკიან. არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ჩეზარე პრანდელის ხელში იტალიის ეროვნუყლი ნაკრები სწორი მიმართულებით ვითარდება. ასე რომ, მთლიანობაში, აპენინურ ფეხბურთში არსებულ ვითარებას დადებითად შევაფასებდი. თუმცა, სამუშაო ძალიან ბევრია და ეს ყველამ ერთად უნდა გავითავისოთ.

მომავალი
ფეხბურთს აქვს მომავალი, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ცხოვრება მომავალშიც საინტერესო იქნება. რაც შემეხება მე, ყველანაირად ვეცდები, რომ არჩეულ გეზს არ გადავუხვიო: მაქსიმალურად დავეხმარო იმათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.

რობერტო ბაჯო
1982-1985 ვიჩენცა 36 თამაში (13 გოლი)
1985-1990 ფიორენტინა 94 (39)
1990-1995 იუვენტუსი 141 (78)
1995-1997 მილანი 51 (12)
1997-1998 ბოლონია 30 (22)
1998-2000 ინტერი 41 (9)
2000-2004 ბრეშა 95 (45)

1988-2004 იტალიის ეროვნული ნაკრები 56 (27)
სულ: 544 თამაში (245 გოლი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
გენაცვალე გენიოსო!
juve1897
18:24 14-03-2013
0
სერია ა ს და იტალიის ნაკრებს ფანტაზისტთა შარმი შენ შესძინე







gaga
19:11 14-03-2013
0

სიახლეები პოპულარული