ფაბიო კაპელოს ჩინეთში უხმეს

AutoSharing Option
65 წლის იტალიელი სპეციალისტი ფაბიო კაპელო სამწვრთნელო კარიერის დასრულებას ჯერ არ გეგმავს.

მოგეხსენებათ, თებერვლის დასაწყისში ის ინგლისის ნაკრების დამრიგებლობიდან საფეხბურთო ასოციაციასთან კონფლიქტის გამო გადადგა.

დონ ფაბიო სამშობლოში დაბრუნებული ჯერ კიდევ არ იყო (შვეიცარიის სამთო კურორტზე ისვენებდა), როცა გაზეთებმა მასზე ათასგვარი ამბის მოგონება დაიწყეს. ჯერ იყო და მახაჩყალის "ანჟისთან" მოლაპარაკებებში "ამხილეს", მერე "ჩელსიში" ანდრე ვილაშ ბოაშის შესაძლო მემკვიდრედ გამოაცხადეს. სულ ახლახან კი კაპელოს კლაუდიო რანიერის ხელში გაუბედურებულ "ინტერში" დანიშვნა უწინასწარმეტყველეს.

საბოლოოდ არც ერთი ეს ამბავი არ დადასტურდა.

და აი, მორიგი სიახლე.
goal.com-ის ინფორმაციით, სახელოვანი მწვრთნელის სამსახურით ჩინეთის ფეხბურთის ფედერაცია დაინტერესდა და მას 2-წლიან კონტრაქტში გადასახადების გასტუმრების შემდეგ 10,2 მილიონი ფუნტი (12,26 მილიონი ევრო) სუფთა ანაზღაურება შესთავაზა.

ვებგვერდის ცნობით, მოლაპარაკებათა პირველი რაუნდი უკვე გაიმართა. ჩინელებს იმედი აქვთ, რომ კაპელოს კვალიფიკაცია საკმარისი იქნება, რათა მათმა ეროვნულმა გუნდმა 2014 წელს ბრაზილიაში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოიპოვოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული