რუი კოშტა "ფიორენტინაში" ბრუნდება?

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც "ფიორენტინა" "იუვენტუსთან" ხუთი ბურთის სხვაობით დამარცხდა, ბევრი ალაპარაკდა დელიო როსის პოსტიდან შესაძლო გათავისუფლების შესახებ.

ფაქტია, რომ "ვიოლას" მწვრთნელმა ბევრი ვერაფერი შეცვალა გუნდში და თითქოს გამოსავალიც არსად ჩანს. თუმცა ამ მოსაზრებას კლუბის მესვეურები არ იზიარებენ და როსის სრულ მხარდაჭერას უცხადებენ. ამის შესახებ "ფიორენტინას" დირექტორთა საბჭოს წარმომადგენელმა ვინჩენცო გუერინმა განაცხადა და იქვე დასძინა: თუმცა, გარკვეული ცვლილებები აუცილებლად იქნებაო.

გავიდა ერთი დღე და გაცხადდა, რომ ზაფხულში კლუბის სპორტული დირექტორის თანამდებობას პანტელეო კორვინო დატოვებს, რომელიც უკვე წლებია, ამ პოსტზე მუშაობს. აი,
რას ამბობს "ფიორენტინას" პრეზიდენტი ანდრეა დელა ვალე:

"ზაფხულში კორვინოს ხელშეკრულებას ვადა ეწურება და უკვე გადაწყვეტილია, რომ მას აღარ გავახანგრძლივებთ. პანტელეოსთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაკავშირებს, მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული და ვგონებ, ეს გადაწყვეტილება ჩვენს მეგობრობაზე უარყოფითად არ აისახება. გუნდში ძირეული ცვლილებებია საჭირო და ჩემი აზრით, ეს პროცესი სპორტული დირექტორის გამოცვლით უნდა დაიწყოს".

ამასობაში უკვე აქტიურად საუბრობენ იმის შესახებ, თუ ვინ დაიკავებს კორვინოს მიერ გათავისუფლებულ ადგილს... ყველაზე რეალურ კანდიდატად მანუელ რუი კოშტას ასახელებენ, რომელიც დღეს "ბენფიკას" სპორტული დირექტორის თანამდებობაზე მუშაობს.

ლისაბონური გუნდის ბოლოდროინდელ პროგრესს ბევრი სწორედ რუი კოშტას სახელს უკავშირებს, რომელიც თურმე უნარიანად წარმართავს სატრანსფერო პოლიტიკას. მანუელი ამჟამად 39 წლის გახლავთ. თავის დროზე "ფიორენტინაში" შვიდი სეზონი ითამაშა და 2001 წელს "მილანში" გადაბარგდა. როდესაც ჟურნალისტები მანუელს ზემოხსენებულ საკითხზე სასაუბროდ დაუკავშირდნენ, მისგან ტრადიციული კომენტარი მოისმინეს:

"დღეს ლისაბონის "ბენფიკას" სპორტული დირექტორი ვარ და, მინიმუმ, სეზონის ბოლომდე სხვა საფიქრალი ნამდვილად არ მაქვს. ისე კი, "ფიორენტინას" ჩემს გულში დიდი ადგილი უკავია და ბედნიერი ვიქნები, თუ ამ კლუბში მუშაობის საშუალება კიდევ მომეცემა".

რუი კოშტას გარდა, კორვინოს პოტენციურ შემცვლელად "ფიორენტინას" კიდევ ერთი ექს-ფეხბურთელი მარტინ იორგენსენი სახელდება. საგულისხმოა, რომ 36 წლის დანიელი ნახევარმცველი ჯერ კიდევ თამაშობს ფეხბურთს და მშობლიური გუნდის, "ორჰუსის" ღირსებას იცავს. მარტინი კარიერის დასრულებაზე ფიქრობს და თუ ფლორენციიდან წინადადება მიიღო, ალბათ უყოყმანოდ დათანხმდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული