სერია A. XXVIII ტურის შეჯამება: იბრა თამაშგარეში და გმირი მეკარე

AutoSharing Option
ქვემოთ სერია A-ს მორიგი ტურის სიმბოლურ ნაკრებზე, გმირზე, ციფრებსა და ფაქტებზე გვექნება საუბარი. ამასთან, ერთ მოკლე ინფორმაციას გაგაცნობთ "ინტერის" შესახებ და პლუს, ორშაბათს გამართულ შეხვედრას შევეხებით...

ინტერი
მორატის მხარდაჭერა რანიერის

მას შემდეგ, რაც "ინტერმა" ვერც "ატალანტა" დაამარცხა საკუთარ მოედანზე, თითქოს უკვე გადაწყვეტილი იყო, რომ კლაუდიო რანიერის პოსტის დატოვება მოუწევდა. თუმცა მასიმო მორატიმ კიდევ ერთხელ გამოუცხადა მწვრთნელს ნდობა და შემდეგი განაცხადა:

"კლაუდიოს მშვიდად შეუძლია ყოფნა, რადგან მის სკამს არაფერი ემუქრება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არსებულ კრიზისში კლაუდიოს ყველაზე ნაკლებად მიუძღვის ბრალი
და შესაბამისად, მისი გაშვების აზრს უბრალოდ ვერ ვხედავ. წინ უმნიშვნელოვანესი მატჩი გველის "იუვენტუსთან" და ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ სამი ქულა მოვიპოვოთ. "ბიანკონერის" დამარცხება შესაძლოა გადამწყვეტიც კი აღმოჩნდეს კრიზისის დაძლევის თვალსაზრისით. პირადად მე, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. დანარჩენს კი მომავალი გვიჩვენებს".

ორშაბათის მატჩი
რომა ლიგას ებღაუჭება

ორშაბათს "რომამ" "ჯენოა" მიიღო და მეტოქე მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხა. თამაში ორმხრივ იერიშებში წარიმართა, მომენტებიც ბევრი შეიქმნა და თავისუფლად შეიძლებოდა, რომ თამაში უხვგოლიანი გამოსულიყო. თუმცა მატჩის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა და ეს ერთი გოლი პაბლო დანიელ ოსვალდომ ჯერ კიდევ მესამე წუთზე გაიტანა - მეტოქის საჯარიმოში მიიღო ბურთი, ერთ მეურვეს მოხდენილად აუარა გვერდი და უზუსტესი დარტყმით გენუელთა კიპერი სებასტიან ფრეი უშანსოდ დატოვა.

"რომამ" უმნიშვნელოვანესი ქულები ჩაიწერა აქტივში და ჯერ კიდევ რჩება ჩემპიონთა ლიგის საგზურის მაძიებელთა შორის. ნამატჩევს დედაქალაქელთა თავკაცმა ლუის ენრიკემ შემდეგი განაცხადა:

"საინტერესო მატჩი იყო, რომელიც შეგვეძლო უფრო დიდი ანგარიშითაც მოგვეგო... ნებისმიერ შემთხვევაში, ძალიან კმაყოფილი ვარ და იმედს ვიტოვებ, რომ მოგებათა სერიას გავაგრძელებთ. სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზე ვართ და ეს სრულიად სამართლიანია - უფრო მაღალი ადგილებისთვის მეტი სტაბილურობაა საჭირო, რაც მიმდინარე სეზონში აშკარად გვაკლია.

თუ ჯერ კიდევ გვინდა ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება, მაშინ დარჩენილი ათი თამაში თანაბრად მაღალ დონეზე უნდა ჩავატაროთ. "ნაპოლისთან" და "უდინეზესთან" უმნიშვნელოვანესი მატჩები გველის და ვიცი, რომ ჩემი შეგირდები უშუალო კონკურენტებთან საუკეთესო შესაძლებლობებს გამოავლენენ. მაგრამ, თუ სხვა მატჩებში მოგვეცარა ხელი, მაშინ ყველაფერი წყალში ჩაიყრება".

ტურის სიმბოლური ნაკრები
კონსოლი (ატალანტა) - კასერესი (იუვენტუსი), ჰაინცე (რომა), ლეგროტალიე (კატანია) - ნაინგოლანი (კალიარი), პინცი (უდინეზე), მარკიზიო (იუვენტუსი), ემანუელსონი (მილანი) - ვუჩინიჩი (იუვენტუსი), პინილია (კალიარი), კავანი (ნაპოლი).

რაც უნდა გასაკვირი იყოს, სომბოლურ ნაკრებში ვერ ვხედავთ ზლატან იბრაჰიმოვიჩს და ეს მიუხედავად იმისა, რომ შვედმა "პარმასთან" საკმაოდ კარგი მატჩი ჩაატარა და გოლიც გაიტანა. საქმე იმაშია, რომ გასულ ტურში უფრო მეტად სხვა ფორვარდები გამოირჩნენ და შვედი დროებით ოფსაიდში დატოვეს.

მაგალითად, მირკო ვუჩინიჩმა "ფიორენტინასთან" პაექრობაში გოლი გაიტანა და პლუს სამი საგოლე გადაცემა გააკეთა - თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო მირკოს საუკეთესო თამაში მიმდინარე სეზონში.

იგივე შეიძლება ითქვას პინილიაზე, რომელმაც "კალიარის" შემადგენლობაში ჰეთ თრიკი შეასრულა და სრულიად დამსახურებულად მოხვდა რჩეულთა შორის. რაც შეეხება ედინსონ კავანის, თერთმეტმეტრიანი კი გააცუდა, მაგრამ ძალები მოიკრიბა და ბოლო წუთებში :უდინეზეს" დუბლი შეუსრულა - სწორედ მისი გოლების წყალობით გადაურჩა "ნაპოლი" მარცხს.

ნახევარმცველებს შორის ურბი ემანუელსონი უნდა გამოვარჩიოთ, რომელმაც "პარმასთან" საოცარი სოლო-რეიდი გამოაცხო და ულამაზესი გოლი გაიტანა. მცველებს შორის კი ნიკოლა ლეგროტალიეა გამოსაყოფი, რომელმაც უშუალო ფუნქციები შესანიშნავად შეასრულა და პლუს გოლი გაიტანა. რაც შეეხება მეკარეს, მასზე ქვემოთ ვისაუბრებთ…

ტურის გმირი
იშვიათი ამბავია, ტურის გმირი მეკარე გახდეს, მაგრამ ის, რაც ანდრეა კონსოლიმ ჩაიდინა, განსაკუთრებულ დაფასებას საჭიროებს. "ატალანტას" კიპერი "ინტერთან" პაექრობაში ბრწყინვალე იყო და არაერთხელ გადაარჩინა ბერგამოული გუნდი გაშვებულ გოლს - ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ანდრეამ დიეგო მილიტოს თერთმეტმეტრიანი აუღო. ნამატჩევს კონსილი ემოციებს ვერ მალავდა და თვითონვე აღიარა, რომ ეს იყო საუკეთესო მატჩი მის კარიერაში.

ტურის ფრაზა
სანდრო მაცოლა (ინტერის ლეგენდა): "გავუშვათ დიეგო ფორლანი სახლში. ის არ იმსახურებს პატივს, იყოს "ინტერის" ფეხბურთელი".

გლობალური სტატისტიკა
საუკეთესო დასწრება:
XVIII ტური მილანი-ინტერი, 80 000 გულშემატკივარი.

ყველაზე დაბალი დასწრება:
XVII ტური კალიარი-ჯენოა, XVIII კიევო-პალერმო, XIX კალიარი-ფიორენტინა, XXII ლეჩე-ბოლონია, XXIII კალიარი-პალერმო, XXV კალიარი-ლეჩე, 6 000 გულშემატკივარი.

ყველაზე დიდი საშინაო გამარჯვება:
ნაპოლი-ჯენოა 6:1 (I ტური), ინტერი-პარმა 5:0 (XVII).

ყველაზე დიდი საგარეო გამარჯვება:
ფიორენტინა-იუვენტუსი 0:5 (XXVIII ტური).

ყველაზე უხვგოლიანი თამაში:
ნაპოლი-კალიარი 6:3 (XXVII).

სერიები
მოგება: მილანი - 3 თამაში
წაგება: ლაციო, ფიორენტინა, ჩეზენა - 2
წაუგებლად: იუვენტუსი - 28
მოუგებლად: ჩეზენა - 7

გუნდური სტატისტიკა
საუკეთესო თავდასხმა: 57 გოლი - მილანი; 52 - ნაპოლი; 44 - იუვენტუსი.
საუკეთესო დაცვა: 17 გაშვებული - იუვენტუსი; 22 - მილანი; 26 - უდინეზე.
უარესი თავდასხმა: 16 გოლი - ჩეზენა; 24 - ნოვარა, კიევო; 27 - ფიორენტინა.
უარესი დაცვა: 49 გაშვებული - ჯენოა, 46 - ნოვარა; 45 - პალერმო, ლეჩე, ჩეზენა.
ზუსტი გადაცემები: 15208 - მილანი; 15136 - იუვენტუსი; 14860 - რომა.
კარის მიმართულებით დარტყმები: 517 - იუვენტუსი; 444 - რომა; 437 - ინტერი.
კარში დარტყმები: 177 - იუვენტუსი; 163 - მილანი; 143 - ნაპოლი.

ინდივიდუალური სტატისტიკა
ბომბარდირები:
20 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მილანი); 19 - ანტონიო დი ნატალე (უდინეზე); 18 - ედინსონ კავანი (ნაპოლი); 15 - ხერმან დენისი (ატალანტა); 14 - როდრიგო პალასიო (ჯენოა), დიეგო მილიტო (ინტერი).

ასისტენტები:
12 - ფაბრიციო მიკოლი (პალერმო); 9 - ანდრეა პირლო (იუვენტუსი); 8 - პაბლო არმერო (უდინეზე); 7 - ანტონიო კასანო (მილანი), მირალემ პიანიჩი (რომა), მარეკ ჰამშიკი (ნაპოლი), რობინიო (მილანი); 6 - ალბერტო აკვილანი (მილანი), ჯიბრილ სისე (ლაციო); 5 - ხუან მანუელ ვარგასი (ფიორენტინა), სებასტიან ჯოვინკო (პარმა).

ზუსტი პასები
2239 - ანდრეა პირლო (იუვენტუსი); 1840 - კრისტიან ლედესმა (ლაციო); 1675 - რიკარდო მონტოლივო (ფიორენტინა); 1618 - ტიაგო სილვა (მილანი); 1588 - ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი); 1586 - დანიელე დე როსი (რომა).

კარის მიმართულებით დარტყმები
116 - ანტონიო დი ნატალე (უდინეზე); 96 - სებასტიან ჯოვინკო (პარმა); 92 - სტევან იოვეტიჩი (ფიორენტინა); 91 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მილანი), ედინსონ კავანი (ნაპოლი); 85 - ფაბრიციო მიკოლი (პალერმო).

კარში დარტყმები
51 - ანტონიო დი ნატალე (უდინეზე); 41 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მილანი); 40 - ედინსონ კავანი (ნაპოლი); 35 - ფაბრიციო მიკოლი (პალერმო); 34 - სტევან იოვეტიჩი (ფიორენტინა); 33 - ხერმან დენისი (ატალანტა); 32 - სებასტიან ჯოვინკო (პარმა); 30 - მიროსლავ კლოზე (ლაციო).

ჯარიმები
64 - მატია დესტრო (სიენა), პერპარიმ ჰეტემაი (კიევო); 62 - ვალონ ბერამი (ფიორენტინა), ლუკა ჩიგარინი (ატალანტა); 60 - გაბი მუდინგაი (ბოლონია); 56 - მეჰდი ბენეტია (უდინეზე), ხუან კუადრადო (ლეჩე), ხერმან დენისი (ატალანტა); 54 - ლუკა მორონე (პარმა).

ციფრები და ფაქტები
"ფიორენტინამ" პირველად წააგო სერია A-ში 5 ბურთის სხვაობით საკუთარ მოედანზე;

"იუვენტუსს" ფლორენციაში 1998 წლის დეკემბრის შემდეგ არ წაუგია;

"იუვენტუსმა" პირველად გაიტანა 5 გოლი გასვლით შეხვედრაში 1997 წლის ოქტომბრის შემდეგ;

"ინტერმა" ჩემპიონატის ბოლო 9 შეხვედრაში მხოლოდ 1 მოიგო;

"ინტერის" თავდამსხმელმა დიეგო მილიტომ ზედიზედ მეორე პენალტი გააცუდა;

"მილანმა" მიჯრით ოთხი გასვლითი მატჩი მოიგო. ასეთი შედეგი გუნდს ბოლოს 2010 წელს ჰქონდა;

"ნაპოლიმ" მიმდინარე სეზონში უკვე 5 თერთმეტმეტრიანი გააცუდა;

"ჩეზენამ" პირველად ვერ მოუგო "კალიარის" სერია A-ში;

"კალიარის" თავდამსხმელმა მაურისიო პინილიამ პირველი ჰეთ თრიკი შეასრულა სერია A-ში;

მარკო ანდრეოლიმ "კიევოდან" და ესეკილ მუნიოსმა "პალერმოდან" პირველი გოლები გაიტანეს სერია A-ში;

"ჩეზენას" უგოლო სერია 475 წუთია გრძელდება;

"ლაციომ" პირველად წააგო ორი მატჩი ზედიზედ მიმდინარე სეზონში;

სატურნირო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ
1. მილანი 28 18 6 4 57-22 60
2. იუვენტუსი 28 14 14 0 44-17 56
3. ლაციო 28 14 6 8 42-34 48
4. ნაპოლი 28 12 11 5 52-30 47
5. უდინეზე 28 13 8 7 39-26 47
6. რომა 28 13 5 10 41-33 44
7. ინტერი 28 12 5 11 38-36 41
8. კატანია 28 10 11 7 36-35 41
9. ბოლონია 28 9 9 10 31-33 36
10. პალერმო 28 10 5 13 40-45 35
11. კიევო 28 9 8 11 24-35 35
12. ატალანტა 28 9 13 6 31-29 34
13. კალიარი 28 8 10 10 29-35 34
14. ჯენოა 28 9 6 13 35-49 33
15. სიენა 28 8 8 12 32-30 32
16. ფიორენტინა 28 8 8 12 27-33 32
17. პარმა 28 7 10 11 33-44 31
18. ლეჩე 28 6 8 14 31-45 26
19. ნოვარა 28 5 8 15 24-46 23
20. ჩეზენა 28 4 5 19 16-45 17

შენიშვნა: ატალანტა - 6 ქულა

მომდევნო ტური

25 მარტი: ატალანტა-ბოლონია, ლაციო-კალიარი, ნაპოლი-კატანია, ჯენოა-ფიორენტინა, იუვენტუსი-ინტერი, ნოვარა-ლეჩე, ჩეზენა-პარმა, მილანი-რომა, კიევო-სიენა, პალერმო-უდინეზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული