ტურინის "იუვენტუსი" იტალიის თასის ფინალშია [+VIDEO]

AutoSharing Option
ვიდეო
იტალიის თასი. ნახევარფინალი. საპასუხო მატჩი
იუვენტუსი-მილანი  2:2 (1:0)
გოლები: 1:0 დელ პიერო (28), 1:1 მესბა (51) , 1:2 მაქსი ლოპესი (81), 2:2 ვუჩინიჩი (96).
გაფრთხილება: ვუჩინიჩი, ბორიელო, სტორარი, ვიდალი - მუნტარი, აკვილანი, ზეედორფი, ტიაგო სილვა, მექსესი

იუვენტუსი: სტორარი, ლიხშტაინერი (კასერესი, 90+1), კიელინი, ბონუჩი, დე ჩელიე, პირლო, ვიდალი, ჯაკერინი, პეპე (მარკიზიო, 64), ვუჩინიჩი, დელ პიერო (ბორიელო, 74).
მწვრთნელი: ანტონიო კონტე

მილანი: ამელია, ნატონინი, მექსესი, ტიაგო სილვა, მესბა, აკვილანი (ნოჩერინო, 68), მუნტარი, ზეედორფი, ემანუელსონი, იბრაჰიმოვიჩი (მაქსი ლოპესი, 46), ელ შაარავი (ინძაგი, 77).
მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

"მილანთან" მატჩის დამატებით დროში მირკო ვუჩინიჩის გოლმა "ბებერი ქალბატონი" იტალიის თასის ფინალში გაიყვანა.

"იუვენტუსმა" მატჩში ანგარიში დელ პიეროს გოლით პირველ ტაიმშივე გახსნა. დაწინაურების შემდეგ "ბიანკონერი" გარკვეული დროის მანძილზე მასიმილიანო ალეგრის შეგირდებზე სერიოზულ ზეწოლას ახორციელებდა. ამელიამ ვუჩინიჩის და პირლოს დარტყმები მოიგერია, ჯაკერინიმ ძელს გაარტყა. პირველი ტაიმის საფინალო სასტვენმა "მილანს" დროულად მოუსწრო - სტუმრებს თავის დაცვა უჭირდათ.

მეორე ტაიმში ალეგრიმ იბრაჰიმოვიჩი მაქსი ლოპესით შეცვალა. ეს შეიძლებოდა კაპიტულაციად მიგვეჩნია, მაგრამ "მილანმა" ძალიან მალე ანგარიშის გათანაბრება შეძლო. თავი კი იმან გამოიჩინა, ვისგანაც ამას ყველაზე ნაკლებად ელოდნენ. მექსესმა მოედნის ცენტრიდან მაღალი გადაცემა გააკეთა, პეპეს მილანელთა მცველი მესბა გაექცა, ალჟირელმა სტორარისაც აჯობა და თავური დარტყმით გაიტანა.

მეორე ტაიმში მოედანზე ფილიპო ინძაგის გამოჩენამ შეხვედრაზე გავლენა ვერ იქონია, მაქსი ლოპესმა კი თავისას მიაღწია. არგენტინელმა ბურთი საჯარიმოს ხაზთან მიიღო, კიელინის და ბონუჩის დაუსხლტა და ძლიერი დარტყმით ბურთი ტურინელთა კარში მოათავსა.

დამატებითი დროის დასაწყისში ანტონიო კონტეს შეგირდებმა "მილანი" პირწმინდად დაჩაგრეს და 4 წუთში 4 მომენტი შექმნეს. თუმცა ვერცერთი გამოიყენეს.

სტუმრებმა გოლი მაინც მალევე გაუშვეს. მირკო ვუჩინიჩის მიერ 30 მეტრიდან ძლიერად დარტყმულ ბურთს მილანელთა მეკარემ ვერაფერი მოუხერხა.

ამის შემდეგ "როსონერის " ძალა აღარ შერჩა და დარჩენილი 30 წუთის მანძილზე სახეირო არაფერი შეუქმნია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული