იტალიელი საფეხბურთო ექსპერტები და ჟურნალისტები თანხმდებიან იმაზე, რომ კრიზისის დასაძლევად მასიმო მორატიმ ახალი გუნდი უნდა შექმნას და შესაბამისად, ზაფხულში ჯიბეზე ხელი გაიკრას.
არადა, "ინტერის" პრეზიდენტს, ფინანსური თვალსაზრისით, ოქროს პერიოდი ნამდვილად არ უდგას, რასაც ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩენაც ემატება.
ცნობილი ამბავია,
"კორიერე დელო სპორტის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მილანური გუნდის უპირველესი სამიზნე "ვილიარეალის" იტალიელი ფორვარდი ჯუზეპე როსი გახლავთ, რომელიც ამჟამად ტრავმირებულია და სარეაბილიტაციო პერიოდს გადის. 25 წლის შემტევს ესპანურ კლუბთან 2016 წლამდე აკავშირებს კონტრაქტი, თუმცა აღარ მალავს, რომ კარიერის ტოპ-კლუბში გაგრძელება სურს. აი, რას ამბობს როსის პირადი აგენტი ფედერიკო პასტორელო:
"ჯუზეპეს ევროპული ფეხბურთის გრანდში სურს ასპარეზობა და "ინტერი" სწორედ ასეთ გუნდად მიაჩნია. ჯერჯერობით მილანიდან არავინ შეგვხმიანებია და თუ დაგვიკავშირდნენ, მათ წინადადებას სიამოვნებით განვიხილავთ. ისე, ჩემამდეც მოვიდა ხმები "ინტერის" როსის მიმართ დაინტერესების შესახებ, რამაც ძალიან გამახარა. მართალია, "ნერაძური" ჩემპიონთა ლიგის მიღმა რჩება, მაგრამ ვგონებ, ეს არ უნდა იყოს დამაბრკოლებელი ფაქტორი. ვნახოთ, ყველაფერი უახლოეს მომავალში გაირკვევა".
თუ მილანელებს მართლაც სურთ ჯუზეპე როსის გადაბირება, აგენტის სიტყვები მათთვის დიდი სტიმული უნდა იყოს. თუმცა, არის კიდევ ერთი ფაქტორი და ეს ფეხბურთელის საბაზრო ღირებულებაა... "კორიერეს" ინფორმაციით, "ვილიარეალის" მესვეურები ჯუზეპეს 20 მილიონ ევროზე ნაკლებად არ შეელევიან. თანხა საკმაოდ სოლიდურია, მაგრამ თუ მასიმო მორატიმ ვესლი სნეიდერი სარფიანად გაასხვისა, მაშინ პრობლემა მოიხსნება.
სიტყვამ მოიტანა და ბარემ ვთქვათ, რომ სნეიდერის გადაბირება ინგლისური პრემიერლიგის გუნდებს სურთ და მასში გვარიანი თანხის გადახდასაც აპირებენ. მართალია, ვესლის გასხვისების სურვილი მილანელებს არ აქვთ, მაგრამ თავად ფეხბურთელს აშკარად აცრუებული აქვს გული "ინტერზე" და ძალით რომ არ გააჩერებენ, ესეც ფაქტია. ბოლოს მასიმო მორატის მოვუსმინოთ, რომელიც სწორედ სატრანსფერო საკითხებს შეეხო და კერძოდ, სნეიდერის შესახებ გააკეთა კომენტარი:
"კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჯერჯერობით სატრანსფერო საკითხებზე ფიქრისთვის არ მცალია. წინ სეზონის დასკვნითი ნაწილია, რომელიც მაღალ დომეზე უნდა ჩავატაროთ - სწორედ აქეთ უნდა იყოს მიმართული ჩვენი ყურადღება. რაც შეეხება სნეიდერს, მას ჩემთვის არ უთქვამს, რომ "ინტერში" თამაში აღარ სურს - თუ მეტყვის, აუცილებლად გავუშვებ, რადგან ძალით აქ არავინ გაგვიჩერებია და არც გავაჩერებთ. ჰოლანდიელი ჯერ თავის თავში უნდა ჩამოყალიბდეს, დანარჩენს კი მერე მივხედავთ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"