ანდრეა სტრამაჩონი: მადლობა ღმერთს და მასიმო მორატის

AutoSharing Option
"ინტერის" მთავარი მწვრთნელის საკითხი იტალიურ სპორტულ პრესაში კვლავაც ყველაზე აქტუალურია.

როგორც იცით, "ნერაძურის" პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ, როგორც იქნა, მიიღო გადაწყვეტილება და კლაუდიო რანიერი პოსტიდან გაათავისუფლა. ისიც გეცოდინებათ, რომ მილანური გრანდი "ინტერის" პრიმავერას თავკაცმა ანდრეა სტრამაჩონიმ ჩაიბარა.

საერთოდ, მასიმო მორატის არ სჩვევია მწვრთნელების კრიტიკა და მათ მიმართ ლოიალური დამოკიდებულებით არის ცნობილი, თუმცა ამჯერად ხმა აიმაღლა და "ინტერის" ყოფილი თავკაცი მკაცრად გააკრიტიკა.

ოღონდ არ იფიქროთ, რომ მორატი კლაუდიო რანიერის მისდგა. პრეზიდენტი ჯამპიერო გასპერინის გადასწვდა, რომელიც მილანურ გრანდს სეზონის სტარტზე ედგა სათავეში. მოვუსმინოთ
მორატის:

"ძალიან იმედგაცრუებული ვარ იმით, რაც თავის დროზე გასპერინიმ გააკეთა... მთლიანად მოშალა გუნდი და ამის შედეგებს დღემდე ვიმკით. არადა, მასზე უდიდეს იმედებს ვამყარებდი და მეგონა, რომ "ინტერს" წლების განმავლობაში წარმატებით გაწვრთნიდა.

ფეხბურთელებთან საერთო ენის გამონახვა გაუჭირდა, აბსოლუტურად არაორგანული ტაქტიკა მოარგო გუნდს და შედეგად, ღრმა კრიზისში ჩავეფალით. რანიერიმ საწყის ეტაპზე შეძლო მდგომარეობის გამოსწორება, მაგრამ შემდეგ ძველმა პრობლემებმა იჩინა თავი, რომელთა აღმოფხვრა უკვე ურთულესი იყო. კლაუდიომ ამოწურა შესაძლებლობები და მის გუნდში დარჩენას არანაირი აზრი აღარ ჰქონდა".

მასიმო მორატიმ "ინტერის" ახალ მთავარ მწვრთნელზე ისაუბრა და განაცხადა, რომ არ არის გამორიცხული, ანდრეა სტრამაჩონისთან ხანგრძლივვადიანი ხელშეკრულება გააფორმოს: "ანდრეა ძალიან კარგი ტაქტიკოსი, ქარიზმატული მწვრთნელია და ეს ახალგაზრდულ გუნდში მუშაობისას არაერთხელ დაამტკიცა.

პრესაში ხშირად იწერება, რომ მასთან დრობითი ხელშეკრულება გავაფორმე, მაგრამ ასე ნამდვილად არ არის. თუ ანდრეას თავკაცობით "ინტერი" ყველა დარჩენილ შეხვედრას მოიგებს, ნამდვილად არ გამოვრიცხავ, რომ მასთან ხელშეკრულება გავახანგრძლივო. მოკლედ, ყველაფერი თავად მწვრთნელზეა დამოკიდებული".

მორატიმ მიმდინარე სეზონის მიზნებზე ისაუბრა და არ დამალა, რომ ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრის იმედი უკვე აღარ მაქვს: "ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის საგზურს ალბათ ვეღარ მოვიპოვებთ და რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოვდუნდეთ და დარჩენილ შეხვედრებშიც ქულები ვანიავოთ - ჩვენი მიზანი ყველა თამაშის მოგებაა, დანარჩენს კი დრო გამოაჩენს.

ვფიქრობ, ფეხბურთელებს მოტივაციის მხრივ პრობლემები არ უნდა ჰქონდეთ, რადგან ზაფხულში შემადგენლობასთან დაკავშირებით, სერიოზული ცვლილებებია მოსალოდნელი და თითოეული მათგანის ბედი გასარკვევი. აღარაფერს ვამბობ მწვრთნელზე, რომელიც დანამდვილებით ვიცი, რომ ენთუზიაზმით არის აღსავსე. მოკლედ, წინ საინტერესო მატჩები გველის და დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას".

ბოლოს თავად ანდრეა სტრამაჩონის მოვუსმინოთ, რომელმაც პირველი პრესკონფერენცია გამართა "ინტერის" მთავარი მწვრთნელის რანგში და გაუზიარა ემოციები ჟურნალისტებს. პრესკონფერენციაზე ერთი საინტერესო ფაქტიც მოხდა: დარბაზში ყველასათვის მოულოდნელად მარიო ბალოტელი შევიდა და ახალ მწვრთნელს დაწინაურება მიულოცა. ამ ამბავმა სტრამაჩონი ძალიან გაახარა და მარიოს "ინტერში" დაბრუნება იქვე შესთავაზა. მოვუსმინოთ "ნერაძურის" ახალ დამრიგებელს:

"ეს არის ჩემი ოცნება, რომელიც ახდა და ამისთვის ღმერთს მადლობას ვწირავ. თუმცა, არც მასიმო მორატის დავიწყება შეიძლება, რომელმაც უდიდესი ნდობა გამომიცხადა. ენთუზიაზმით ვარ სავსე და მინდა, რომ "ინტერთან" ერთად უდიდეს წარმატებებს მივაღწიო. ამბიციური ადამიანი ვარ და არ დავმალავ, რომ კლუბთან ხანგრძლივვადიანი ხელშეკრულების გაფორმება მსურს. მჯერა, რომ ეს ასეც მოხდება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული