"კალიარის" პრეზიდენტმა შეცდომა აღიარა - მასიმო ფიკადენტი არ უნდა გამეშვაო

AutoSharing Option
"კალიარის" პრეზიდენტი მასიმო ჩელინო "რაი სპორტს" ესაუბრა და აღიარა, რომ მასიმო ფიკადენტის გათავისუფლება მისი ყველაზე დიდი შეცდომა იყო და მოხარულია, რომ ამას მალევე მიხვდა.

ვისაც არ გახსოვთ, შეგახსენებთ, რომ სარდინიულ გუნდს სეზონის სტარტიდან მასიმო ფიკადენტი ედგა სათავეში, რომელსაც არცთუ ურიგო შედეგები ჰქონდა, თუმცა ჩემპიონატის შუაწელს პრეზიდენტმა ის გაათავისუფლა და "კალიარი" დავიდე ბალარდინის ჩააბარა.

ახალი მწვრთნელის ხელში კუნძულელებს ჩავარდნა დაეწყოთ და კინაღამ გასავარდნ ზონაში აღმოჩნდნენ - პრეზიდენტი ჩელინო მალევე გაერკვა ვითარებაში, ბალარდინი პოსტიდან გაათავისუფლა და "კალიარი" კვლავაც ფიკადენტის ჩააბარა.

აი, რას
ამბობს ამ ჩახლართულ ისტორიასთან დაკავშირებით სარდინიული კლუბის პრეზიდენტი:

"ფიკადენტის ხელში გუნდს ნორმალური შედეგები ჰქონდა და უკმაყოფილო არ ვიყავი, მაგრამ ჩემზე გარშემომყოფთა აზრმა იმოქმედა და მისი მოხსნის გადაწყვეტილება მივიღე.

ყველა იმას მეუბნებოდა, რომ ფიკადენტი დაცვიდან ათამაშებდა გუნდს, რისთვისაც არსებულ პოტენციალს ბოლომდე ვერ ვიყენებდით. იმდენჯერ მითხრეს ამის შესახებ, რომ ბოლოს გავლენის ქვეშ მოვექეცი და ფიკადენტი შემტევი ფეხბურთის მოყვარული სპეციალისტით, დავიდე ბალარდინით ჩავანაცვლე.

სამწუხაროდ, ამან არ გაამართლა და ნათლად დავინახე, რომ მასიმო თავის საქმეს შესანიშნავად უძღვებოდა. პირად საუბარში მას ბოდიში მოვუხადე ნაჩქარევი გადაწყვეტილებისთვის და პოსტზე დაბრუნება ვთხოვე, რაზეც თანხმობა განაცხადა.

იმედია, ფიკადენტი კიდევ დიდხანს იმუშავებს "კალიარის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული