დიდი მატჩის გამოძახილი: "იუვე" "მილანის" კუდზე

AutoSharing Option
სერია A-ს XXX ტურში "იუვენტუსმა" "ნაპოლის" სამი უპასუხო გოლი გაუტანა და მორიგი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

ამ მოგებით ტურინელებმა ლიდერთან სხვაობის შემცირება შეძლეს და სასკუდეტო ორთაბრძოლა მაქსიმალურად დაძაბეს. ეს "მილანის" წაფორხილებამ განაპირობა, რომელსაც სიცილიაში, "კატანიასთან" პაექრობაში დაუცდა ფეხი. თუ აქამდე "როსონერი" უდავო ფავორიტად მიიჩნეოდა, დღეს უკვე ბევრი "იუვენტუსს" ანიჭებს უპირატესობას და ეს, პირველ რიგში, "ნაპოლისთან" ნაჩვენები ფანტასტიკური თამაშის დამსახურებაა... ანტონიო კონტეს შეგირდებმა განსაკუთრებით მეორე ნახევარში გაილაღეს და თამამად შეიძლება ითქვას, რომ სეზონის საუკეთესო ტაიმი ჩაატარეს.

მოკლედ, "იუვემ" გაიბრწყინა და ამ ერთი
გამარჯვებით ლამის სკუდეტოს მოპოვების მთავარ პრეტენდენტად იქცა და ეს მიუხედავად იმისა, რომ სატურნირო ცხრილში ჯერ კიდევ ჩამორჩება "მილანს".

"იუვეს" შესანიშნავი გამარჯვება იტალიურ სპორტულ პრესაში ყველაზე აქტუალური თემაა და კომენტარებიც უხვად კეთდება. ჯერ ტურინული გრანდის მთავარ მწვრთნელს, ანტონიო კონტეს გადავცეთ სიტყვა: "ბოლო ორ შეხვედრაში "ინტერი" და "ნაპოლი" მშრალი ანგარიშით, დამაჯერებლად დავამარცხეთ, რაც ძალიან მახარებს.

არადა, გასულ სეზონში ეს ორივე გუნდი "იუვენტუსზე" ერთი თავით მაღლა იდგა. ვამაყობ ჩემი შეგირდებით და იმ პროგრესით, რომელიც მიმდინარე სეზონში განვიცადეთ.

"მილანის" წაფორხილების ფონზე ამ გამარჯვებას ოქროს ფასი ჰქონდა და ბედნიერი ვარ, რომ დასახულ მიზანს მივაღწიეთ. სიმართლე გითხრათ, მეტოქის სიძლიერიდან გამომდინარე, ცოტა მეშინოდა კიდეც ამ თამაშის, მაგრამ ყველაფერი კარგად დასრულდა. პირველ რიგში, ეს ფეხბურთელების დამსახურებაა, რომლებმაც ყველა ჩემი დავალება პირნათლად შეასრულეს. ასევე - გულშემატკივრების, რომლებიც მთელი 90 წუთი გაუჩერებლად გვგულშემატკივრობდნენ. მთავარია, ასევე გავაგრძელოთ და დიდია შანსი, სკუდეტო ჩვენ დაგვრჩეს".

ცოტა მოულოდნელი, უფრო სწორად კი, არაადეკვატური კომენტარი გააკეთა "იუვეს" მცველმა ჯორჯო კიელინიმ: "ყველა კომპონენტში დავჯაბნეთ მეტოქე და სრულიად დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ. პირველ ტაიმში მეტ-ნაკლებად თანაბარი ბრძოლა იყო; აი, მეორეში კი სრულ უპირატესობას დავეუფლეთ, სამი გოლი შევაგდეთ და მეტის გატანაც შეგვეძლო.

მართლაც უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოვიპოვეთ და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, მეორე ადგილს აღარ დავთმობთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვიასპარეზებთ. სეზონის წინ მოვლენათა ასეთი განვითარების ბევრს ნამდვილად არ სჯეროდა".

მოკლედ, კიელინიმ ცოტა გაგვაკვირვა - რა დროს ჩემპიონთა ლიგის საგზურია, როდესაც "იუვე" სკუდეტოსთვის იბრძვის და ლიდერს მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება... სწორედ სკუდეტოს უმიზნებს ალესანდრო დელ პიერო, რომელიც "ნაპოლისთან" მეორე ნახევარში გამოჩნდა მინდორზე და ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა. სწორედ ალემ მისცა საგოლე პასი ფაბიო კვალიარელას, შემდეგ კი თავადაც შეეძლო გატანა, თანაც არაერთხელ. მოკლედ, დელ პიერო ფორმაშია და ამბიციურ კომენტარებს აკეთებს:

"თუ ასევე გავაგრძელებთ, სკუდეტოში ნამდვილად ვერავინ შეგვეცილება. "მილანი" ალბათ კიდევ დაკარგავს ქულებს, ჩვენ კი მაქსიმალური მობილიზება გვმართებს.

"ნაპოლი" ევროპული მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და მისი ასეთი ანგარიშით დამარცხება ბევრ რამეზე მეტყველებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ჩემპიონთა ლიგისთვისაც მზად ვართ. მოკლედ, "იუვე" ძველ დიდებას იბრუნებს. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული".

იტალიელმა ჟურნალისტებმა დელ პიეროს კომენტარს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეს, რადგან ალემ ჩემპიონთა ლიგისთვის მზაობაზე გააკეთა კომენტარი. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ დელ პიეროს ტურინულ გრანდში კიდევ, მინიმუმ, ერთი სეზონით დარჩენა გადაწყვეტილია? - ამაზე დღეს გადაჭრით საუბარი შეუძლებელია, მაგრამ ყველაფერი რომ სწორედ აქეთკენ მიდის, ეს ფაქტია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული